აგრარული განათლებადარგებიმეცხოველეობა

საკვების ყუათიანობა და საკვებში ზოგიერთი ვიტამინების ნაკლებობით გამოწვეული დაავადებები

საკვების ენერგეტიკულ ღირებულებას ანუ ყუათიანობას განსაზღვრავს მასში შემავალი ორგანული, არაორგანული და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები
 სხვადასხვა სახის საკვებში ორგანული და არაორგანული ნივთიერებების რაოდენობა და ურთიერთშეფარდება მეტად განსხვავებულია და ყველა მათგანი ცალ-ცალკე ცხოველის ორგანიზმში ასრულებს გარკვეულ ფუნქციას.

ცილებზე, ცხიმებზე, ნახშირწყლებზე, მიკრო და მაკროელემენტებზე და სხვა ნივთიერებებზე მოთხოვნილება, ცხოველის სახეობის  სქესის, ასაკის და ფიზიოლოგიური მდგომარეობის მიხედვით,  ერთნაირი არ არი.

ცოცხალ ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესში ცალკეული საყუათო ნივთიერების როლის შესწავლამ მკვლევარები მიიყვანა დასკვნამდის, რომ შეუძლებელია ერთი რომელიმე საზომის გამონახვა და საჭიროა საკვები შეფასდეს ყოველმხრივ, კომპლექსურად. ასეთი შეფასება, როდესაც გათვალისწინებულია არა მარტო, ვთქვათ, ენერგეტიკული ღირებულება, არამედ პროტეინის, ცხიმების, შაქრების, მინერალური ნივთიერებების, ვიტამინების და ა.შ. შემცველობა, დაედო საფუძვლად კვების ნორმებს.

კვების ნორმა არის ულუფაში საყუათო ნივთიერებების ბიოლოგიურად და ეკონომიკურად დასაბუთებული ის რაოდენობა, რომელიც აუცილებელია ცხოველის პროდუქტიულობის გენეტიკური პოტენციის გამოსავლენად და უზრუნველყოფს მისი აღწარმოების ფუნქციის განხორციელებას და ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებას.

საკვებში შემავალი ნივთიერებების რაოდენობა და ხარისხი, აგრეთვე მათი ურთიერთშეფარდება განსაზღვრავს საკვების მარგი მოქმედების ეფექტურობას. აქედან გამომდინარე, ცხოველის კვებისას გასათვალისწინებულია ყველა ის ორგანული და არაორგანული ნივთიერება, რომელსაც საჭიროებს მისი ორგანიზმი სასიცოცხლო პროცესების შესასრულებლად და პროდუქციის წარმოსაქმნელად.

ჩვენში სხვადასხვა სახეობის სასოფლო-სამეურნეო ცხოველის ულუფების დაბალანსება ხდება 24-35 მაჩვენებლით, მათ შორისაა: საკვები ერთეული, მიმოცვლითი ენერგია, მონელებადი პროტეინი, უჯრედანა, ცხიმები, მიკრო და მაკროელემენტები, ზოგიერთი შეუცვლადი ამინმჟავა და ვიტამინები.

კვების ნორმებში გათვალისწინებულია ამ ნივთიერებებზე სხვადასხვა სახეობის, სქესის, ასაკის და ფიზიოლოგიური მდგომარეობის ცხოველების განსხვავებული მოთხოვნილება. უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი რომელიმე ნივთიერების, მით უფრო რამდენიმეს დანაკლისი იწვევს პროდუქტიულობის შემცირებას, ნაყოფიერების დაქვეითებას, ერთეულ პროდუქციაზე საკვების დანახარჯის გადიდებას, სიცოცხლისუნარიანობის შესუსტებას და სხვ., საბოლოო შედეგი დამოკიდებულია დანაკლისის ოდენობაზე და ასეთი ულუფით კვების პერიოდის ხანგრძლივობაზე.

ამასთან ერთად, ცალკეული საყუათო ნივთიერებების და მთლიანად საკვების ეფექტურად გამოყენება დამოკიდებულია ცალკეული შემადგენელის (მაგ. შაქრებისა და პროტეინის, კალციუმისა და ფოსფორის და ა.შ.) ურთიერთშეფარდებაზე.

საკვები ერთეული ახლო წარსულში ცხოველის საკვებზე მოთხოვნილების, ანუ კვების ნორმის ძირითადი მაჩვენებელი იყო საკვები ერთეული. ის არის საკვების კვებითი ღირებულების, ანუ ყუათიანობის საერთო საზომი და გამოისახებოდა კგ- ში. 1 კგ საკვები ერთეული საშუალო ხარისხის 1 კგ შვრიის მარცვლის კვებითი ღირებულების ტოლია და უზრუნველყოფს ორგანიზმში 149 (ძროხა და ცხვარი) და 170-180 (ღორებში) გრამი ცხიმის დაგროვებას.

ყველა სხვა სახის საკვების ყუათიანობას ადარებდნენ 1 კგ შვრიის ყუათიანობას. მაგალითად, 1 კგ მთის საძოვრის ბალახის ყუათიანობა 0,26 საკვები ერთეულია, იონჯის თივის- 0,44 საკვები ერთეული, თეთრი სიმინდის მარცვლის1,33 საკვები ერთეული და ა.შ. ამდენად, 1 კგ შვრიის მარცვალი თავისი ყუათიანობით 4 კგ მთის საძოვრის ბალახის, 2,3 კგ იონჯის თივის და 0,75 კგ თეთრი სიმინდის მარცვლის ტოლფასად უნდა ჩაითვალოს.

კვებითი ღირებულების საკვები ერთეულით შეფასების სისტემას აქვს ნაკლოვანი მხარეები. მაგალითად, საკვების პროდუქტიული მოქმედება არ არის მუდმივი და დამოკიდებულია ცხოველის ორგანიზმის სხვადასხვა საყუათო ნივთიერებით დაკმაყოფილების დონეზე. ამიტომ საკვების ყუათიანობა არ შეიძლება გამოისახოს პროდუქტიული ენერგიის უბრალო ჯამით.

შვრიის (საკვები) ერთეულის ნაკლი მდგომარეობს იმაში, რომ არ ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო ცხოველების სახეობრივ განსხვავებებს. თავის დროზე ცხიმის დაგროვების კონსტანტები განსაზღვრული იქნა ზრდასრული ხარების სუქებისას, ხოლო შედეგები გადატანილი იქნა სხვა სახეობის და ასაკის ცხოველებზე.

იმავდროულად, რძის ან/და მატყლის მისაღებად ცხოველების მოშენების და მათი აღწარმოების ფუნქციის დასახასიათებლად ცხიმის დაგროვება არ შეიძლება იყოს საკვების პროდუქტიული მოქმედების ერთადერთი კრიტერიუმი.

ენერგეტიკული საკვები ერთეული: ერთი ენერგეტიკული საკვები ერთეულის (“ესე”) ეტალონად მიღებულია 2500 კილოკალორია, ანუ 10,47 მეგაჯოული მიმოცვლითი ენერგია.

საკვების ენერგეტიკული ყუათიანობის ძირითად მაჩვენებლად შემოთავაზებულია მიმოცვლითი ენერგია, ხოლო საზომ ერთეულად–ენერგეტიკული საკვები ერთეული

ამდენად, “ესე”-ს საზღვრავენ საკვების (ულუფის) მიმოცვლითი ენერგიის 2500 კილოკალორიაზე ან 10,47 მეგაჯოულზე გაყოფით.

ესე = 2,88 : 10,47 = 0,28.

მონელებადი პროტეინი საკვების აზოტოვანი ნივთიერებების ნაწილია, ხოლო მასში შემავალ ყველა აზოტოვან ნაერთს უწოდებენ ნედლ პროტეინს. ამ ნივთიერების შემადგენლობაში შედის ცილები და აზოტის შემცველი სხვა არაცილოვანი ნაერთები, ე.წ. ამიდები. პროტეინი ცხოველის კუჭ-ნაწლავის წვენების მოქმედებით იშლება ამინმჟავებად და ასეთი სახით შეიწოვება სისხლში.

აზოტოვანი ნაერთები ცხოველის ორგანიზმისათვის ძირითადი საშენი მასალაა. ცოცხალი უჯრედის ცხოველმოქმედება ცილების ცვლის მუდმივი პროცესისაგან შედგება და, ამდენად, საკვების პროტეინით დაკმაყოფილებას მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

გარდა ამისა, ცილოვანი ნივთიერებები მონაწილეობენ ცოცხალ ორგანიზმში მიმდინარე თითქმის ყველა სასიცოცხლო პროცესში. ამასთან, რაც უფრო მეტი დასახელების საკვებისაგან შედგება ცხოველის ულუფა, მით უფრო მრავალფეროვნად არის წარმოდგენილი მასში პროტეინი და, ამდენად, მეტია ამ ნივთიერებით ორგანიზმის მოთხოვნილების დაკმაყოფილების გარანტიები.

პროტეინის შემცველობას და ხარისხს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ღორის კვებისას. საქმე ის არის, რომ ამ სახეობის მოშენების ეფექტურობა, ძირითადად, დამოკიდებულია საკვებში შეუცვლადი ამინმჟავების შემცველობაზე, რომელთა ნაკლებობა სწრაფადვე აისახება ნივთიერებათა ცვლის მოშლით და პროდუქტიულობის შემცირებით.

ღორისაგან განსხვავებით, მცოხნავი ცხოველების წინაკუჭებში მიკროორგანიზმების მიერ სასიცოცხლო ფუნქციების შესრულებისას ხდება ე.წ. შეუცვლადი ამინმჟავების სინთეზი. ამის გამო ეს სახეობები ნაკლებად განიცდიან საკვებიდან მიღებული პროტეინის დაბალი ხარისხით გამოწვეულ უარყოფით მოქმედებას.

მცოხნავი ცხოველებისათვის ულუფის პროტეინოვან ყუათიანობას საზღვრავენ ნედლი და მონელებადი პროტეინის რაოდენობით;

მონაცემები ზოგიერთი სახის საკვებში ენერგეტიკული საკვები ერთეულის და მონელებადი პროტეინის შემცველობაზე მოტანილია სურ. 86- ზე. უნდა აღინიშნოს, რომ მოტანილი მაჩვენებლები სწორია მხოლოდ ძროხისათვის, ხოლო სხვა სახეობის ცხოველებისათვის, გამომდინარე მათი საჭმლის მომნელებელი სისტემის მიერ საკვების მონელების თავისებურებიდან, რამდენადმე განსხვავებულია. სრული ინფორმაცია ყველა სახის საკვების ყუათიანობაზე მოტანილი არის სპეციალურ ცნობარებში.

ღორებისათვის ულუფის პროტეინოვან ყუათიანობას საზღვრავენ ნედლი და მონელებადი პროტეინის, აგრეთვე ზოგიერთი შეუცვლადი ამინმჟავების რაოდენობით.

ნახშირწყლები (შაქრები): მცენარეული საკვები დიდი რაოდენობით შეიცავს ამ ნივთიერებებს. ისინი წარმოადგენენ ენერგიის წყაროს. ამასთან, ზოგადად, საკვებში შემავალი პროტეინის გამოყენების ეფექტურობა დამოკიდებულია ნახშირწყლებისა და პროტეინის, ანუ “შაქარპროტეინოვან შეფარდებაზე”.

ამ ცნების ქვეშ იგულისხმება თუ რა რაოდენობით შაქარი მოდის მონელებადი პროტეინის ერთეულ რაოდენობაზე. მეწველი ფურებისათვის ეს მაჩვენებელი უნდა იყოს 0,8-1,0- ის ფარგლებში, ანუ ყოველ 100 გ მონელებად პროტეინზე უნდა მოდიოდეს 80-100 გ ნახშირწყლები.

ცხიმები დიდი ენერგიის წყაროა. ამასთან ერთად ცხიმები სტრუქტურული მასალის სახით შედიან უჯრედის პროტოპლაზმის შემადგენლობაში და ასრულებენ პლასტიკურ ფუნქციასაც. ულუფაში ამ ნივთიერების უკმარისობისას აღინიშნება A, D, E, K ვიტამინების დეფიციტი.

ცხიმების შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი ცხიმმჟავა (მაგ. არაქიდონის, ლინოლენის) მნიშვნელოვანია ცხოველის ზრდა-განვითარებისათვის. ამის გამო კვების ნორმებში ასახულია ამ ნივთიერებაზე მოთხოვნა.

მინერალური ნივთიერებები: ცხოველის ორგანიზმში ასრულებენ მრავალმხრივ ფუნქციებს. ისინი წარმოქმნიან ძვლოვან ქსოვილს, მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლაში და სხვ.

ცხოველის ორგანიზმში გამოვლენილია 66-68 ქიმიური ელემენტის არსებობა, რომელთაგან მუდმივად გვხვდება 47.

დაიმახსოვრე! რაოდენობრივი შემცველობიდან გამომდინარე მინერალურ ნივთიერებებს ყოფენ მაკრო და მიკროელემენტებად.

მაკროელემენტებიდან ცხოველებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კალციუმი და ფოსფორი, ხოლო მიკროელემენტებიდან–რკინა, სპილენძი, თუთია, მანგანუმი, კობალტი და იოდი.

მინერალური მარილების გარეშე კვება ცხოველის გარდაუვალ სიკვდილს იწვევს, თუნდაც მისი ულუფა დაბალანსებული იყოს ენერგიის და ორგანული ნივთიერებების მიხედვით. გარკვეული გადახრები აღინიშნება ცალკეული მიკრო და მაკროელემენტის ნაკლებობისას. მაგალითად, კალციუმის ნაკლებობა იწვევს ზრდის შეჩერებას და რაქიტით დაავადებას, ფოსფორის დეფიციტი- მადის დაქვეითებას, ოსტეომალაციას და ბალნის ცვენას, რკინის ნაკლებობა კი სისხლნაკლულობას და სხვ.

სასიცოცხლო ფუნქციების შესრულებისას ცხოველის ორგანიზმი “ხარჯავს” მინერალურ ნივთიერებებს. მაგალითად, წელიწადში 3000 კგ რძის მეწველი ფური რძესთან ერთად ორგანიზმიდან გამოჰყოფს 22,5 კგ მინერალურ ნივთიერებას. მისი გამოყოფა ხდება, აგრეთვე, ფეკალურ მასაში, შარდში, ოფლში და სხვ., ამიტომ, ნორმალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად ცხოველმა მინერალური ნივთიერებები სისტემატურად და განსაზღვრული რაოდენობით უნდა მიიღოს საკვებიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია:

 ა) ორგანოთა ფუნქციური მოქმედების დარღვევა;

ბ) აღწარმოების ფუნქციის მოშლა და/ან დაქვეითებული სიცოცხლისუნარიანობის მქონე ნამატის დაბადება;

 გ) სარძეო პროდუქტიულობის შემცირება და რძის ქიმიურ შემადგენლობაში ცვლილებები;

 დ) საკვების მონელებადობის გაუარესება და ერთეულ პროდუქციაზე დახარჯული საკვების რაოდენობის გადიდება.

მინერალური ნივთიერებებიდან სუფრის მარილს (NaCl) განსაკუთრებული ადგილი უკავია. მეძროხეობისა და მეცხვარეობის ფერმებში ეს ნივთიერება გამოიყენება ქვამარილისა ან დაწნეხილი ბრიკეტების სახით. ამათგან, უფრო ეფექტურია ბრიკეტებად დაწნეხილის გამოყენება, ვინაიდან დამზადებისას არის შესაძლებლობა მასში შევურიოთ სხვადასხვა ელემენტი, ვიტამინები და ზოგიერთი ინვაზიური დაავადების საწინააღმდეგო პრეპარატები, ე.ი. გავზარდოთ მისი მოქმედების ეფექტი.

 ღორი საჭიროებს სუფრის მარილის გარკვეულ რაოდენობას, მაგრამ მისი ორგანიზმი ძლიერ მგრძნობიარეა NaCl-ის ჭარბი რაოდენობით შემცველობაზე. ღორებში ამ ნივთიერებით მოწამვლის ნიშნებია ძლიერი წყურვილი, სუნთქვის სიხშირის მომატება, კუნთების სისუსტე, კისრისა და თავის არაბუნებრივი მოძრაობა.

ვიტამინები: ამ ნივთიერებების შემცველობა ყველა სახის საკვებში მეტად მცირეა. მიუხედავად ამისა, ვიტამინების ბიოლოგიური როლი იმდენად დიდია, რომ მათ გარეშე ცხოველის ორგანიზმი ვერ უზრუნველყოფს სასიცოცხლო ფუნქციების შესრულებას. ეს ნივთიერებები მონაწილეობენ ცოცხალ ორგანიზმში მიმდინარე ყველა სასიცოცხლო პროცესში და ასრულებენ კატალიზატორების როლს.

 ვიტამინების კლასიფიკაცია დამყარებულია მათ ხსნადობაზე. ამ მაჩვენებლით ისინი იყოფა ორ ჯგუფად: 1. წყალში ხსნადი (B ჯგუფის და C ვიტამინები) და 2.ცხიმში ხსნადი (A, D, E და K ვიტამინები).

საკვებში ზოგიერთი ვიტამინების ნაკლებობით გამოწვეული დაავადებები

ვიტამინების დასახელება ქიმიური ფორმულა ნაკლებობით გამოწვეული დაავადებები
A, რენტოლი C20H29OH ზრდის შეჩერება, თვალის დაავადება, ნაყოფიერების დაქვეითება

 

B1, თიამინი C12H17ON4SCl პოლინევრიტი, მადის დაკარგვა, კუნთების სისუსტე, რეზისტენტობის დაქვეითება
B2, რიბოფლავინი C17H20N4O6 ზრდის შეჩერება, დერმატიტი,  ბალნის ცვენა, პლსის შენელება
B6, პირიდოქოლი C8H11O3N ტყავის დაავადება, ზრდაში ჩამორჩენა.
B12 ციანკობალამინი C6H88O14N14PCo ანემია, პროტეინის ათვისების უნარის დაქვეითება
PP, ნიკოტინმჟავა C6H5O2N პელაგრა (სპეციფიკური დრმატიტი)
C, ასკორბეინის მჟავა C6H8O6 ცინგა (კბილების ცვენა, სისხლჩაქცევები)
D, კალციფეროლი C28O44OH ოსტეომალაცია, რაქიტი
E, ტოკოფეროლი C29H50O2 უანყოფობა, აბორტები
K, ფილოქინონი C32H46O2 სისხლის შედედების უნარის დაქვეითება
H, ბიოტინი C10H16O3N2S ტყავის დაავადება

 

 

 

 

 

ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობა (ჰიპოვიტამინოზი), ან საერთოდ არარსებობა (ავიტამინოზი) იწვევს ნივთიერებათა ცვლის მოშლას და სხვადასხვა დაავადებას.

გიული გოგლი, ლევან თორთლაძე

   „მეცხოველეობა“ 

   სახელმძღვანელო

   თბილისი, 2010წ.