საოჯახო მეურნეობების როლი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებაში

დღევანდელი მსოფლიოს ისეთი გამოწვევები, როგორიცაა პლანეტის მზარდი მოსახლეობა, ადამიანის ნეგატიური ზემოქმედება გარემოზე, მოულოდნელი პანდემიები (Covid 9), ფართომასშტაბიანი ომი ევროპაში სასურსათო სისტემების წინაშე რთულ ამოცანებს აყენებს და იკვეთება რომ, ქვეყნებმა  თავად უნდა აწარმოონ სასურსათო თუ სხვა სტრატეგიული დანიშნულების პროდუქცია და გაზარდონ ქვეყნის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტები.

დღევანდელი საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონე ბევრადაა დამოკიდებული სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. ბოლო 20-25 წლის განმავლობაში აგრარული პოლიტიკის შემუშავების და განხორციელებაში დაშვებულმა უამრავმა შეცდომამ განაპირობა სოფლების დაცლა-გაღარიბება (90-იანი წლებიდან დღემდე 1000-ზე მეტი დაიცალა), წარმოების მოშლა, ცხოვრების დონის უკიდურესად დაკნინება…

მოსახლეობის მიგრაციამ სოფლიდან ქალაქში გამოიწვია მიწების გაუკაცრიელება. ამასთან  ვერ მოხერხდა მიწის  რესურსების სრული აღრიცხვა და  გაურკვეველია რჩება  რეალურად სახნავ-სათესი და საძოვარი მიწის რა ფართობი მოდის ერთ მაცხოვრებელზე. მიუხედავად დასახული გეგმისა და განხორციელებული პროექტებისა კომერციული მეურნეობები სუსტადაა განვითარებული, ამას მიუთითებს მშპ-ში სოფლის მეურნეობის დაბალი  წილი მოსახლეობასთან შეფარდებით, სხვადასხვა პროდუქტებზე (ხორცი-ფრინველის, ღორის, მარცვლეული, და ა.შ.) თვითუზრუნველყოფის დაბალი კოეფიციენტი, ადგილობრივი ბუნებრივი  რესურსების არაეფექტური გამოყენების გამო.

ფერმერული მეურნეობების განვითარების ხელშემშლელ ფაქტორთაგან,  როგორიცაა განათლების ნაკლებობა, არასაკმარისი მოტივაცია და ასე შემდეგ ერთ-ერთი ძირითადი  ფინანსურ რესურსებთან წვდომის სირთულეა. ჩვენი საქმიანობა  თვეში 1000-ზე მეტ ფერმერის კონსულტაციას გულისხმობს  (მცირე, საშუალო, დიდი)  რომელთა ნაწილი კმაყოფილებას გამოთქვამს შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის მიმართ , მაგრამ მცირე ფერმერთა დიდი ნაწილი ხშირ შემთხვევაში  ვერ ახერხებენ  მათზე წვდომას, რადგან სესხის მინიმალური ოდენობა 20000 ლარია, მაშინ როდესაც მათ აგრო ვადებში განსახორციელებელი სეზონური სამუშაოების გასაახლებლად  5000-15000 ლარამდე ფინანსური რესურსი სჭირდებათ.

პირველადი პროდუქციის მოყვანასთან დაკავშირებული პრობლემების გარდა ასევე პრობლემები აქვს საკვებ – გადამამუშავებელი მრეწველობას.  გადამუშავებული და საექსპორტო  პროდუქტების სახეობები  ძალიან მცირეა  (ღვინო, წყალი, ნაწილობრივ თხილი, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის – სტიქიური, არასტაბილური ექსპორტი).

ფაქტობრივად ძლიერ შემცირებულია ქვეყნისათვის დამახასიათებელი ოჯახური ფემერული მეურნეობები, რომელიც ტრადიციულად საქართველოში ეკონომიკურ ურთიერთობებში ერთ-ერთი მთავარი სუბიექტი იყო, განაპირობებდა თაობათა მჭიდრო კავშირს და  აყალიბებდა ჩვენთვის დამახასიათებელ ცხოვრების წესს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში კი შეინიშნება   თაობათა წყვეტის ტენდენცია (ახალგაზრდების მიგრირება ქალაქად და საზღვარგარეთ, სოფლად მარტო დარჩენილი მოხუცი თაობა).

საოჯახო მეურნეობებში შექმნილმა დოვლათმა ჩვენს ქვეყანას  მძიმე პერიოდები გადაატანინა და ეს ტრენდი დღემდე გრძელდება. სიღარიბის მიუხედავად  სოფელი  დღემდე  იმედად რჩება, თუნდაც ქვეყანაში ეპიდსიტუაციის (Covid-19)   დროს ქალაქიდან გასული მოსახლეობისათვის.

მცირე განმარტებისათვის:  საოჯახო მეურნეობა  სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ერთ-ერთი ფორმა, რომელშიც ძირითადად დაკავებულები არიან ოჯახის წევრები.

მსოფლიო სურსათის 70-80 %-ს აწარმოებენ საოჯახო მეურნეობები, მასში ჩართულია დედამიწის მოსახლეობის თითქმის 40% , რომლებიც განაგებენ სასოფლო-სამეურნეო მიწების 70-80%.

საოჯახო ფერმერული  მეურნეობების უპირატესობები:

  1. საკვანძო როლს თამაშობს სასურსათო  უსაფრთხოების შენარჩუნებასა და მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფაში, კვების მრავალფეროვნების შენარჩუნებაში;
  2. ახასიათებს მეტი მოქნილობა, მისაწვდომლობა და მაღალი მოტივაცია;
  3. სარეალიაზაციო ფასის  ვარდნის ადაპტაციის  უნარი – ოჯახის წევრთა წყალობით;
  4. საოჯახო ფერმერული  მეურნეობები ხელს უწყობს სოციალური სამართლიანობის  ჩამოყალიბებას, ადვილად დაიძლევა  სიღარიბისა და დასაქმების პრობლემა;
  5. მოსახლეობა ახლოა ადგილობრივ რესურსთან, მშობლიურ ბუნებასთან;
  6. გააჩნიათ უპირატესობები ეკოლოგიურ ცვლილებებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის კუთხით;
  7. უზრუნველყოფენ ტრადიციულ ცოდნის გადაცემას თაობიდან თაობამდე, ახასიათებს თაობათა მჭიდრო ურთიერთობა.

აღწერის შედეგად, 2014 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყანაში დაფიქსირდა 642.2 ათასი მეურნეობა, მათ შორის 640.0 ათასი – შინამეურნეობა და მხოლოდ 2.2 ათასი – იურიდიული პირი.

მეურნეობების მთლიანი რაოდენობიდან 574.1 ათასს სარგებლობაში აქვს სასოფლო-სამეურნეო მიწა, ხოლო დანარჩენ 68.1 ათასს – არ აქვს.  

მეურნეობების სარგებლობაში არის 842.3 ათასი ჰა. სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიწა. მათ შორის 87.2% (734.8 ათასი ჰა) საკუთრებაშია, ხოლო 12.8% (107.5 ათასი ჰა) – დროებით სარგებლობაში (www.geostat.ge). 

წყარო: http://eugeorgia.info/ka/about

როგორც ცხრილიდან ჩანს, (ცხრილი ასახავს 2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგებს და ვფიქრობთ იგი არსობრივად დღემდე არ შევცლილა) 1 ჰა-მდე მიწა პირად საკუთრებში აქვს 442 540 შინამეურნეობას ანუ მთელი აღრიცხული მეურნეობების 77,2%-ს,  1 დან 5 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო სავარგულს ფლობს 12 2960 ანუ 21,37%, ხოლო 5-50 ჰა-მდე 7100 ერთეული ანუ მთლიანი ოდენობის მხოლოდ 1,23%.  განზოგადებული  სურათით ცხადია რომ აღრიცხული შინამეურნეობების 98,57% ფლობს 5 ჰა-ზე ნაკლებ სასოფლო სამეურნეო  მიწის ნაკვეთს.

ჩვენი აზრით, სწორედ ეს მცირე საოჯახო / საოჯახო ფერმერული  მეურნეობები (98,57%)  უნდა მოვიაზროთ  აგრარული მრავალფეროვნების შენარჩუნების ძირითადი გარანტებად. ამ ეტაპზე კი ისინი რთული გამოწვევების   წინაშე დგანან  და სათუოა  სახელმწიფოს დახმარების  გარეშე  შეძლონ მათი დაძლევა.

პირველ რიგში აუცილებელია ადგილობრივ დონეზე ყურადღება გამახვილდეს  აგრო – ეკოლოგიურ მიდგომათა დანერგვის აუცილებლობაზემოხდეს  შემაკავშირებელი რგოლის შექმნა  ადგილობრივ სასურსათო სისტემებსა და ბიზნესის წარმომქმნელ ახალ შესაძლებლობებს შორისრომლებიც  ორიენტირებული იქნება  საოჯახო ფერმერული  მეურნეობების ცხოვრების დონის ამაღლებაზე.  

სოფელი რომ ერთიან წარმოებად იქცეს  მნიშვნელოვანია მისი, როგორც ტერიტორიულ-სოციალური ერთეულის განმტკიცება, რისი საფუძველიც მოწესრიგებული  საკანონმდებლო ბაზაა – აღრიცხული მიწის რესურსით და მისი რაციონალურად გამოყენების მიმართულებებით. ასევე  აუცილებელია ძალისსხმევა მივმართოთ  აგროსექტორის ვიწრო სპეციალიზაციაზე, დასაქმებული ადამიანების პროფესიული განვითარების უზრუნველყოფაზე (ასაკი 25-50 წელი), მუნიციპალიტეტებში მსუბუქი და გადამმუშავებელი მრეწველობის განვითარებასა  და ენერგოდამზოგავ, ეფექტიანი ინოვაციების დანერგვაზე.

მცირემიწიან საოჯახო/ საოჯახო ფერმერულ მეურნეობათა ეფექტიანობის გაზრდის კარგი შესაძლებლობა სასათბურე მეურნეობების განვითარებაა, რომელიც მეორე მხრივ გლობალური კლიმატური ცვლილებებით გამოწვეულ პრობლემებს ადვილად უპასუხებს.

ზემოთ ჩამოთვლილი გამოწვევების წარმატებულად განხორციელება კი მოგვცემს ახალგაზრდა თაობის სოფლად დაკავების შესაძლებლობებს,  ჩამოაყალიბებს  ფერმერთა  მემკვიდრეობითი ცვლის ტენდენციას, რაც საბოლოო ჯამში აგრარული სექტორის სტაბილურობას უზრუნველყოფს.

საქართველოს უახლესი ისტორია და სხვადასხვა კვლევების შედეგები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სწორი პოლიტიკის  შემთხვევაში საქართველო შეძლებს შემდეგი აგროპროდუქცის ჯგუფების  იმპორტის ჩანაცვლებას და ექპორტზე გატანასაც კი:

  1. ხორცი, ძეხვეული, კვერცხი  (პირუტყვი, ძროხა, ცხენი, ფრინველი, ბოცვერი);
  2. რძის პროდუქტები;
  3. ხილი (ჩირების სახით);
  4. სამკურნალო ბალახები;
  5. კენკროვანი (მომავლისთვის);
  6. მარცვლელი (ხორბალი, სიმინდი, ქერი);
  7. ყვავილები – შესაძლებელია;
  8. ბიო პროდუქტები (ჩაი, ხილი);
  9. ჩაი, დაფნა;
  10. კაკლოვანი კულტურები;
  11. შაქარი და ა.შ.

P.S. იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკა სახელმწიფოს მხრიდან სწორ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს, რაც თავისთავად გულისხმობს თავისუფალი ბაზრის პირობებში, ქვეყნის  მიერ  სტრატეგიული ხასიათის კონკურენტუნარიანი  პროდუქცის წარმოებას  და არა ყველაფერი იმისას,  რის იმპორტსაც ქვეყანა ახორციელებს.

უნდა შევქმნათ სამამულო მრეწველობა და ჩვენ თვითონ ვაწარმოოთ სასიცოცხლო მნიშვნელობის სასურსათო თუ სხვა, მათ შორის სტრატეგიული  დანიშნულების პროდუქცია,  განვავითაროთ გამოყენებითი ხასიათის მეცნიერება და უფრო მეტად დავაფასოთ მეწარმე.

ამ ეტაპზე კი, ყველაზე მნიშვნელოვანია აგრო ვადებში  სახნავ-სათესი მიწების მაქსიმალურად ათვისებაა.

მიხეილ ჭიჭაყუა, ბიოლოგიის დოქტორი,
„აგროექსპერტთა ასოციაცია“