ღვინის ხარისხის ახალი სტანდარტი _ სავალდებულო ნიშანდება და მისი მნიშვნელობა
საქართველოს პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა, რაც მეღვინეობის სექტორში ახალი ეპოქის დასაწყისია.
ცვლილების თანახმად, 2027 წლის 1 თებერვლიდან სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელებისთვის ნიშანდება სავალდებულო ხდება.
ახლებურად მიდგომა მიზნად ისახავს ქართული ღვინის რეპუტაციის განმტკიცებასა და მომხმარებლის ნდობის გაზრდას.
რატომ არის საჭირო ნიშანდება?
ღვინის ნიშანდება გულისხმობს პროდუქტის შეფუთვაზე, ეტიკეტზე ან ჭურჭელზე სპეციალური QR კოდის დატანას, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს. ეს ციფრული ინსტრუმენტი უზრუნველყოფს პროცესების მაქსიმალურ გამჭვირვალობას.
ნიშანდების დადებითი მხარეები:
- სრული მიკვლევადობა _ QR კოდის მეშვეობით შესაძლებელი ხდება პროდუქტის „გზის“ თვალყურის დევნება ვენახიდან ბოთლამდე.;
- ფალსიფიკაციასთან ბრძოლა _ ნიშანდება მნიშვნელოვნად ამცირებს ბაზარზე ფალსიფიცირებული ან გაურკვეველი წარმომავლობის პროდუქციის მოხვედრის რისკს;
- ინფორმაციული გამჭვირვალობა _ მომხმარებელს წვდომა ექნება დეტალურ მონაცემებზე: ყურძნის ჯიშზე, მოსავლის წელზე, ალკოჰოლის შემცველობაზე, ფერსა და ლაბორატორიული შემოწმების შედეგებზე;
- ხარისხის გარანტია _ პროდუქტის სერტიფიცირება დასტურდება სახელმწიფო ნიშნით, რაც ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზარზე კიდევ უფრო გააძლიერებს.
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები წარმოადგენს სტრატეგიულ ნაბიჯს ქართული მეღვინეობის ევროპეიზაციისა და ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, ეს არის ეფექტური ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხის დაცვას და ბაზარზე შეუსაბამობების აღმოფხვრას.
მიუხედავად იმისა, რომ სექტორს ახალ რეგულაციებთან ადაპტაციისთვის გარკვეული პერიოდი დასჭირდება (კანონის სრულად ამოქმედებამდე, 2027 წლის 1 თებერვლამდე), გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ცვლილება მწარმოებელს მისცემს დაცულობის განცდას, ხოლო მომხმარებელს _ გარანტიას, რომ ის ყიდულობს ავთენტურ, მაღალი ხარისხის ქართულ პროდუქტს.
ფალსიფიკაციის რისკების შემცირება ბაზრის გაჯანსაღებასა და პასუხისმგებლიანი მეღვინეების პოზიციების გამყარებას შეუწყობს ხელს.

