საფუტკრე მეურნეობის მოწყობა, სპეციალიზაცია და ეკონომიკა
საფუტკრის მოწყობის განმსაზღვრელი ფაქტორები, მეურნეობის სპეციალიზაცია და კადრებით უზრუნველყოფა
საფუტკრე მეურნეობის მოწყობა რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობაა, რომლის დროსაც ითვალისწინებენ ფაქტორთა მთელ კომპლექსს. იგი პირველი ნაბიჯია, რომელიც შემდგომში განსაზღვრავს საწარმოო პროცესების წარმართვას, მეურნეობის რენტაბელობას და მის პერსპექტივას. ამ ქვეთავში სტუდენტი გაეცნობა საფუტკრე მეურნეობის მოწყობის ძირითად ფაქტორებს პროდუქციის წარმოების თვალსაზრისით და კვალიფიციური მუშახელით დაკომპლექტების საკითხებს.
საფუტკრის მოწყობა და ადგილის ამორჩევა საფუტკრისთვის უნდა მოხდეს შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:
ა) თაფლოვანი ფლორის არსებობა. ეს მოთხოვნა უმთავრესია, რადგან მასზეა დამოკიდებული საფუტკრის სიდიდე, მთაბარობის ჯერადობა, პროდუქტიულობა და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები.
სასურველია, საფუტკრე ძირითადი თაფლოვანი მცენარეების მასივთან ახლოს იყოს, უამისოდ სათაფლე პროდუქტიულობა ძლიერ მცირდება. საფუტკრეს ნუ მოაწყობთ სხვა საფუტკრეებთან ახლოს, მით უმეტეს სხვა ფუტკრის ფრენის ხაზზე, მეცხოველეობის ფერმების სიახლოვეს.
თუ საფუტკრეს დასახლებულ ადგილზე აწყობთ, შემოღობეთ მაღალი (2 მ-მდე) ღობით.
საფუტკრის ზომა განსაზღვრეთ მის სიახლოვეს არსებული თაფლოვანი ფლორის რესურსებით, აგრეთვე დასამტვერი მცენარეების ფართობით. თაფლოვანი მცენარეების სიუხვის პირობებში შეიძლება ერთ ადგილზე იყოლიოთ ფუტკრის 130150 ოჯახი. თუ ეს პირობები უფრო მწირია, საფუტკრე განალაგეთ 4-5 ადგილზე, ერთიმეორისგან 3-4 კმ-ის დაშორებით.
საფუტკრის მოსაწყობად გაითვალისწინეთ ადგილის ზოოჰიგიენური პირობები. ნუ მოაწყობთ საფუტკრეს მაღალი ტენიანობის მქონე, დაჭაობებულ ადგილას; გაითვალისწინეთ გაბატონებული ქარების მიმართულება; მხედველობაში იქონიეთ, რომ დღის გარკვეულ პერიოდში ფუტკრის ოჯახებს მზე უნდა ანათებდეს, განსაკუთრებით ზამთრობის დროს. საფუტკრემდე გზა ადვილად მისასვლელი უნდა იყოს.
სკები დაალაგეთ საფრენით აღმოსავლეთით ან სამხრეთით, მაგრამ არა ჩრდილოეთით.
სხვა ფაქტორებთან ერთად უნდა გაითვალისწინოთ: კვალიფიციური მუშახელით მეურნეობის დაკომპლექტების შესაძლებლობა ან პერსპექტიული ადამიანების მიზიდვა, რისთვისაც საფუტკრე მეურნეობა უნდა მოეწყოს დასახლებული პუნქტების სიახლოვეს; ფუტკრის მთაბარობისათვის ვარგისი გზების არსებობა; ხოლო მეურნეობის ცენტრალურ კარმიდამოსთან ერთად დამატებითი უბნების ამორჩევის საშუალება იმ ანგარიშით, რომ შესაძლებელი იყოს მეურნეობის მართვის განხორციელება.
საფუტკრის გარშემო დარგეთ თაფლოვანი მცენარეები ყვავილობის განსხვავებული ვადებით. უმჯობესია, თუ საფუტკრის გარშემო ტანმაღალ ხეებთან ერთად დაირგვება თაფლოვანი ბუჩქნარი, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ქარის სიძლიერეს.
სასურველია, თუ საფუტკრის შიგნითაც არსებული ტერიტორია დაბალი თაფლოვანი ხეებით ან ბუჩქნარით დაიფარება, რათა დღის ყველაზე ცხელ პერიოდში სკებს ჰქონდეთ საჩრდილობელი. ამას გარდა, ასეთი მცენარეები ფუტკარს ეხმარება, დაიმახსოვროს თავისი სკა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დედა ფუტკრისათვის მისი საქორწინო გამოფრენის დროს.
ბ) ფუტკრისა და ინვენტარის შეძენა
საფუტკრის მოწყობას რომ გადაწყვეტთ, თქვენი შემდგომი ნაბიჯი იქნება ფუტკრის შეძენა, რისთვისაც დაუკავშირდით რომელიმე საფუტკრე მეურნეობას (ყოფილი საჯიშეები მუხურში, სამტრედიაში და სხვა), ან მეფუტკრეთა გაერთიანებებს (პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაცია, მეფუტკრეთა კავშირი და სხვა), სადაც დაგეხმარებიან საჭირო სანაშენე მასალის შერჩევაში. უშუალოდ შეძენის პროცესში დაიხმარეთ მეფუტკრეობის დარგის ვეტერინარი, რომ დაადგინოთ შეძენილი სანაშენე მასალის სიჯანსაღე.
ფუტკრის შეძენასთან ერთად მოაგვარეთ საფუტკრე ინვენტარის შეძენა. ამ დანიშნულებით როგორც დედაქალაქში, ისე მუნიციპალიტეტების მაღაზიებში შეარჩიეთ საჭირო მოწყობილობა ქვემოთჩამოთვლილი ნუსხის მიხედვით.
გარდა აღნიშნულისა, საფუტკრე მეურნეობაში უნდა იქონიოთ საწარმოო შენობა შემდეგი ნაკვეთურებით:
_ თაფლის შესანახი, მისი დამუშავებისა და ჩამოსხმა-შეფუთვისათვის, საკვების მოსამზადებელი;
_ ფიჭის შესანახი და საცვილე ნედლეულის გადასამუშავებელი;
_ სადურგლო სახელოსნო;
_ ფარდული;
_ მეფუტკრის ოთახი;
_ სააბაზანო ტუალეტთან ერთად.
საწარმოს შენობაში უნდა მოეწყოს წყალსადენი და გათბობა ზამთრის პერიოდისათვის.
საფუტკრის საწარმოო მიმართულების განსაზღვრა
სწორად განსაზღვრული საწარმოო მიმართულება საფუტკრის აღმავლობისა და მფლობელის მატერიალური კეთილდღეობის საფუძველია. ამ მიზნით:
ა) უნდა განისაზღვროს საფუტკრის მოქმედების არეალში თაფლოვანი მცენარეების სახეობანი და მათი ყვავილობის კალენდარული ვადები;
ბ) აღირიცხოს მთელი აქტიური სეზონის განმავლობაში საკონტროლო სკის მაჩვენებლები წონამატის სახით;
გ) საკონტროლო სკის მონაცემების მიხედვით დადგინდეს გაზაფხულიდან შემოდგომამდე ღალიანი და უღალო პერიოდები;
დ) განისაზღვროს მომსახურე პერსონალის სამუშაო კვალიფიკაცია, რა სახის სამუშაოების შესრულება შეუძლია ფუტკრის პროდუქციის წარმოების სახით: თაფლის, სანაშენე მასალის (დედა ფუტკრები და ამანათნაყრები), ენტომოფილური მცენარეების სადამტვერვო საქმიანობა, სხვა პროდუქტების (ყვავილის მტვერი, დინდგელი, ფუტკრის რძე და შხამი) წარმოება და პირველადი დამუშავება, საჭიროების შემთხვევაში სამუშაო ჩვევების ათვისების უნარი.
ამ მონაცემების გათვალისწინებით განსაზღვრეთ თქვენი საფუტკრის ძირითადი საწარმოო მიმართულება:
თუ საფუტკრის სიახლოვეს ბუნებრივად მზარდი თაფლოვანი მცენარეების მასივები საკმაოდ უხვია და მათი ღალიანობა 2-3 თვეს გრძელდება, მაშინ თქვენი საქმიანობის ძირითადი ობიექტი სასაქონლო თაფლის წარმოება იქნება;
2) თუ პირიქით, საფუტკრის მოქმედების ზონაში გაზაფხული ადრე იწყება, თაფლოვანი მცენარეები შედარებით ნაკლებია და მათი ღალიანობა უმთავრესად ფუტკრის არსებობას უზრუნველყოფს, მაშინ თქვენი საწარმოო მიმართულება სანაშენე (განაყოფიერებული დედა ფუტკრები, ამანათნაყრები სხვადასხვა სახის) პროდუქციის წარმოება იქნება.
3) თქვენს სამოქმედო არეში, ან საფუტკრიდან შედარებით ახლო მანძილზე თუ არსებობს სამრეწველო მეხილეობის ბაღების, პარკოსანი და მარცვლოვანი თაფლოვან მცენარეთა სათესლე ნაკვეთების მნიშვნელოვანი ფართობები, ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენს საფუტკრეს პარალელურად უნდა მიეცეს სადამტვერვო მიმართულება და საბოლოო ჯამში იქნება სათაფლე – სადამტვერვო ან სანაშენე – სადამტვერვო მიმართულების მეურნეობა.
4) საფუტკრის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო შეიძლება გახდეს ფუტკრის პროდუქტების: დინდგელის, ყვავილის მტვრის, ფუტკრის რძისა და შხამის დამზადება და გადამუშავება, რისთვისაც:
_ აითვისეთ დინდგელის შეგროვების პროგრესული ხერხი, რომელიც მოიცავს:
ა) სპეციალური ლარტყებიანი ფიცარნაგის გაკეთებას;
ბ) დინდგელის შეგროვებას პარტიებად – აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით;
გ) მიღებული პროდუქციის დამუშავებას დაბალ ტემპერატურაზე (სტერილიზაცია) ცვილის ჩრჩილის საწინააღმდეგოდ;
_ აითვისეთ ყვავილის მტვრის შეგროვების ხერხი მტვერდამჭერით:
ა) მიღებული მტვრის პროდუქციის გაშრობა საველე პირობებში თხევად საწვავზე მომუშავე საშრობით;
ბ) მტვრის პროდუქციის დაბალტემპერატურული სტერილიზაცია საყინულე კარადაში; _ აითვისეთ ფუტკრის რძის წარმოების ტექნოლოგია:
ა) სადედე მასალის გამოზრდით დაჭუპრებამდე, ცვილისაგან გაკეთებულ ჯამებში ბარტყის გადატანით;
ბ) ფუტკრის რძის აღებით სადედე უჯრედებიდან;
გ) ფუტკრის რძის შენახვით 0+20ჩ პირობებში, შენახვის რეკომენდებული ხერხების დაცვით.
_ აითვისეთ ფუტკრის შხამის წარმოების ტექნოლოგია:
ა) შხამის ასაღები აპარატის გამოყენებით;
ბ) შხამის აფხეკით კასეტებიდან;
გ) შხამის პირველადი დამუშავება რეკომენდებული ხერხებით (გაშრობა, გაცრა, სათანადო ჭურჭელში მოთავსება);
დ) შხამის შენახვის პირობების დაცვით (რეალიზებამდე).
5) უზრუნველყავით ფუტკრის პროდუქტების შემსყიდველ ორგანიზაციებთან კონტრაქტების გაფორმება და მზა პროდუქციის გადაცემა;
6) თქვენს მიერ წარმოებული თაფლისათვის საბოლოო (სასაქონლო) სახის მისაცემად მოაწყეთ მისი დამუშავების ტექნოლოგიური ხაზი;
_ გალღობა;
_ გაწმენდა უხსნადი მინარევებისაგან;
_ კონდიცირება (ზედმეტი წყლის მოცილება);
_ ჩამოსხმა;
_ მარკირება;
_ შევსებული ჭურჭლის ბლოკებად შეკვრა;
_ რეკომენდებული ტექნოლოგიით მზა პროდუქციის გადაცემა საწყობში და შენახვა;
_ რეალიზაცია.
ადამინური რესურსები საფუტკრე მეურნეობაში, მათი მომზადება და დიფერენცირება
საფუტკრე მეურნეობის გამართული მუშაობისათვის საჭირო ადამიანური რესურსების მომზადება მოიცავს: ა) კვალიფიკაციის ამაღლების კურსები (2-10 თვიანი ხანგრძლივობით), სწავლება პროფესიულ კოლეჯსა და უმაღლეს სასწავლებელში. უკანასკნელ პერიოდში ამ სქემას დაემატა უახლესი საინფორმაციო საშუალებები ინტერნეტის სახით, სადაც შესაძლებელია საჭირო ინფორმაციის მოძიება, თუმცა ის ყოველთვის სრულყოფილი (ყოვლისმომცველი) არ არის.
საწარმოო სპეციალიზაციის ან სიმძლავრის მიხედვით საფუტკრე მეურნეობაში შეიძლება იყოს შემდეგი პერსონალი: დამწყები მეფუტკრე, საშუალო კვალიფიკაციის ან კვალიფიციური მეფუტკრე, მენეჯერი (მმართველი). სპეციალიზაციის გათვალისწინებით საფუტკრე მეურნეობაში შეიძლება აიყვანონ მეფუტკრე_სელექციონერი (სანაშენე მეურნეობა), დროებით სამუშაოზე – ფუტკრის რძის ან შხამის შეგროვებისა და გადამუშავების სპეციალისტი, ან აგრონომი (სადამტვერვო სამუშაოების ჩამტარებელი). როგორც წესი, საფუტკრის გამაჯანსაღებელი ღონისძიებები უშუალოდ მეფუტკრის მიერ სრულდება, ვეტერინარის ზედამხედველობით, თუმცა ეს უკანასკნელი მეურნეობაში სისტემატურად დასაქმებული არ არის. ქვემოთ მოტანილია სამუშაოთა ის ჩამონათვალი, რასაც მეურნეობაში მომუშავე პერსონალი ასრულებს:
ა) დამწყები მეფუტკრე
(II საფეხური) ვალდებულია: ჰქონდეს აუცილებელი ცოდნა ფუტკრის ბიოლოგიაში. ეცნობოდეს საფუტკრეში შესასრულებელ სამუშაოებს წლის სხვადასხვა პერიოდში, ითვისებდეს მათი შესრულების ხერხებს: ფუტკრის მოვლის, კვების, საკვები საშუალებების მომზადების, კლინიკური ნიშნებით დაავადებების განსაზღვრის, მკურნალობის, ფუტკრის პროდუქტების პირველადი დამუშავების, ფუტკრის მთაბარობისა და სხვა სამუშაოების ჩატარებისათვის;
ბ) საშუალო კვალიფიკაციის მეფუტკრე
(III საფეხური) სრულყოფილად უნდა ფლობდეს ფუტკრის მოვლაშენახვის ყველა პროცესს, რასაც ფუტკრის მოვლის ტექნოლოგია ითვალისწინებს, შეეძლოს საფუტკრეში მაჩვენებლების შეგროვება და სისტემატიზირება, ხელმძღვანელობდეს დამწყები მეფუტკრეებისა და დამხმარე პერსონალის ეფექტიან მუშაობას, პასუხს აგებდეს შესრულებული სამუშაოს მოცულობასა და ხარისხზე, აგრეთვე საფუტკრეში წარმოებული პროდუქციის ვარგისიანობაზე მომხმარებლის (დამკვეთის) წინაშე;
გ) კვალიფიციური მეფუტკრე (IV-V საფეხური) სრულყოფილად უნდა ფლობდეს ფუტკრის მოვლა_შენახვის, დაავადებებთან ბრძოლის, პროდუქტების წარმოების, მათი პირველადი დამუშავებისა და საბოლოო (სასაქონლო) სახის მიცემის ხერხებს, პასუხს აგებდეს საფუტკრის საქმიანობის ყველა ოპერაციაზე, რაც გათვალისწინებულია მეურნეობაში არსებული ტექნოლოგიით, შეეძლოს სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება როგორც მეურნეობის ხელმძღვანელობის, ისე მომხმარებლის – დამკვეთისათვის;
დ) სელექციონერმა დ) სელექციონერმა უნდა იცოდეს ფუტკრის მოვლა_შენახვის სავალდებულო წესები, რომლებიც გავლენას ახდენს ფუტკრის პროდუქტიულობაზე, პასუხს აგებს მეურნეობის ხელმძღვანელის (მენეჯერი) წინაშე აღრიცხვიანობაზე საფუტკრე მეურნეობაში, უზრუნველყოფს საჭირო მონაცემების გაგზავნას სანაშენე ცენტრში, იღებს სათანადო ინფორმაციას ცენტრიდან და ახორციელებს:
ა)საფუტკრეში ოჯახების დაყოფას ჯგუფებად მათი საპროდუქტო და სანაშენე ღირსების მიხედვით;
ბ) საფუტკრის დაკომპლექტებას მაღალპროდუქტიული სანაშენე მასალით (დედები, ნაყრები და სხვა);
გ) მონაცემების შეგროვებას სანაშენე ჯგუფის პროდუქტიულობასა და სხვა მაჩვენებლებზე ამ ჯგუფის სანაშენე ღირსების შესაფასებლად;
დ) ანგარიშგებას შესრულებული სამუშაოს მოცულობაზე, ხარისხსა და წარმოებული სანაშენე პროდუქციის ღირსებაზე;
ე) ეცნობა უახლეს მიღწევებს ფუტკრის მოშენებისა და სელექციის სფეროში, მარკეტინგულ მონაცემებს სანაშენე პროდუქციის რეალიზაციის შესახებ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ, პასუხს აგებს საფუტკრე მეურნეობაში ფუტკრის სელექციის ხაზით არჩეულ მიმართულებაზე;
ვ) მენეჯერი ხელმძღვანელობს საფუტკრე მეურნეობის პერსონალის გამართულ მუშაობას ფუტკრის მოვლის, მთაბარობის, დაავადებებთან ბრძოლის, პროდუქციის წარმოების, პირველადი დამუშავებისა და საბოლოო (სასაქონლო) სახის მიცემის მიმართულებით, პასუხს აგებს მეურნეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, პროდუქციის ვარგისიანობასა და რეალიზაციის მდგომარეობაზე.
„მეფუტკრეობა“
გიორგი მაძღარაშვილი