საქართველოს მეცხოველეობაში სანაშენე მუშაობის აღდგენის საკითხისთვის სელექცია, მეცნიერება თუ…
(წერილი მეორე)
კითხვებზე, რა შედეგი შეიძლება მოგვცეს სელექციამ?.. ღირს კი ამ თემის ირგვლივ აჟიოტაჟის ატეხვა?.. არის კი ეს საქმე ინვესტიციების ღირსი? იქნებ სჯობს გამოვიყენოთ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში გამოყვანილი ჯიშები და არ გვჭირდება ზედმეტი „თავის ტკივილი“? პასუხი ცალსახაა: სელექციის გარეშე წარმოუდგენელია პროგრესი, ცხოველთა პროდუქტიულობისა და ნაყოფიერების ზრდა, აგრეთვე წარმოებული პროდუქციის ხარისხის, გარემოსადმი ადაპტაციის უნარისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.
მივყვეთ თანმიმდევრობით:
სხვადასხვა საინფორმაციო წყაროში, ინტერნეტ-გამოცემებში, ჟურნალებსა თუ გაზეთებში შეხვდებით უამრავ მასალას, სარეკლამო კლიპებს, მოყვარულის მიერ გადაღებულ სურათებსა და ვიდეოკადრებს … და თვალი დაგრჩებათ ისეთი სილამაზეა; დიახ, გეთანხმებით, ჩვეულებრივი ძროხაა, ღორია, ცხვარია, ქათამია… მაგრამ… ისინი იმსახურებენ მნახველების აღტაცებას, მათ საერთო მოწონებასა და უამრავ კომენტარს… საოცრად დიდი ან მცირე ზომის, ორიგინალური ფორმების, ფერის, გამოხედვის თუ „ინტელექტის“ გამო… და, როგორც წესი, არ კითხულობენ, თუ ვინ, რის ფასად, ან როგორ შეძლო ამ ყველაფრის შექმნა?
არა მარტო სილამაზე! ეს ცხოველები თუ ფრინველები ჩვენი მარჩენალები არიან: სწორედ სელექციის შედეგია ის, რომ 1 ფური წელიწადში იწველის 10 ტონა და მეტ რძეს, 1 ნეზვი (მისი შთამომავლობა, ასევე წელიწადში,) გვაძლევს 1,5-2,0 ტონა ხორცს, 1 დედალი დებს 260-300 კვერცხს, 1 ცხვარი იპარსავს 8-10 კგ-ზე მეტ მატყლს და მშვენიერი ქსოვილით გვმოსავს, და ა.შ. დიახ, დიახ, ეს მეცხოველეობაა და ეს ყველაფერი ცხოველებთან მიზანმიმართული სასელექციო-სანაშენე მუშაობის შედეგია.
ეს მშვენიერი არსებები, ეს მარჩენალები, არც პოლიტიკოსების, არც იურისტების, არც ექიმების დათქვენ წარმოიდგინეთ, არც ყველაფრისმცოდნე ჟურნალისტების ცოდნითა და გარჯით არის მიღებული`გამოყვანილი… ეს ზოოტექნიკოს-სელექციონერთა მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების გააზრების, მათი მრავალი თაობის მუხლჩაუხრელი შრომისა და შემოქმედებითი აზროვნების ნაყოფია, ბატონებო, რომლებზეც დღეს არავინ არ საუბრობს და ამ ტერმინის გაგონებაზეც „სუფთა პროფესიის“, მაგრამ, სწორედ რომ შეზღუდული აზროვნების მავანს სახეზე ღიმილიც კი გადაჰკრავს…
დიახ, დიახ, არის ასეთი პროფესია, ზოოტექნიკოს-სელექციონერი, რომელსაც შეუძლია ჩვეულებრივი, რიგითი, არაფრით გამორჩეული ცხოველიდან, ისტორიულად საკმაოდ მოკლე დროში, უკეთუ რამდენიმე წელში, სრულიად განსხვავებული, საოცარი იერ-სახისა თუ სასურველი შედგენილობის პროდუქციის მომცემი შთამომავლობა მიიღოს…
შედეგის მისაღწევად სელექციონერს არ სჭირდება რაღაც ზებუნებრივი ძალა და არც კოპერფილდის „მაგია“! დიახ, დიახ… ეს მიღწევადია მხოლოდ ნიშან-თვისებათა მემკვიდრეობისა და ცვალებადობის კანონზომიერებების ცოდნაზე დაფუძნებული მიზანმიმართული და თავაუღებელი შრომით, მაგრამ საჭიროა დრო და კიდევ… ცოტა იღბალი.
თუ რა შეუძლია ცოდნის საფუძველზე შექმნას ადამიანის შემოქმედებითმა აზროვნებამ, მოგითხრობთ ასეთ შემთხვევაზე, შესაძლოა ლეგენდაზე, რომელზეც საკმაოდ ხშირად წერენ ზოოტექნიკური მეცნიერების ისტორიისადმი მიძღვნილ პუბლიკაციებში:
ხვჳჳჳ საუკუნის მეორე ნახევარში, ინგლისში ცხოვრობდა მეცხოველე-ფერმერი რობერტ ბეკველი, რომელმაც თავის მოწაფეებთან ჩარლზ და რობერტ კოლინჯებთან ერთად საფუძველი დაუდო ცხოველთა მოშენების თანამედროვე მიდგომებს და მეთოდებს, ზოგადად ამ პროცესის მიზანმიმართულად მართვის ცოდნას; მათ მიერ გამოყვანილი იქნა ძროხის, ღორისა და ცხვრის საკმაოდ მაღალპროდუქტიული ჯიშები, რის გამოც იმ პერიოდს უწოდებენ ევროპული მეცხოველეობის ოქროს ხანას.
ცხვრის ერთ-ერთი ჯიშის გამოყვანაზე მუშაობისას ბეკველმა თავის მეგობარს, სკულპტორს, შეუკვეთა ქანდაკება, თან აუხსნა, თუ როგორი გარეგნობის უნდა იყოს ის (ცხვარი). რამდენიმე ხნის შემდეგ ხელოვანმა დამკვეთს მიართვა ნამუშევარი. ამ უკანასკნელმა დაათვალიერა, შეაქო… „სწორედ ასეთი მინდოდა“… მადლობა უთხრა და შესაბამისი ანაზღაურებაც გადაუხადა…
არა, არა… ამით არ მთავრდება ეს ისტორია, მთავარი წინაა… ხელოვანი შეეკითხა დამკვეთს, რომ ასეთი იერ-სახის, გრძელმატყლიანი, „კულულებიანი“ ცხვარი მას არ უნახავს და საიდან…? ბეკველმა შეაწყვეტინა კითხვა და განუმარტა — ასეთი ცხვარი მე უნდა შევქმნა… და შექმნა კიდეც: გამოიყვანა სკულპტურის იდენტური გარეგნობის ცხვარი, ლესტერული (ლესტერშირული) ჯიში, რომელმაც იმ დროს უდიდესი როლი შეასრულა საფეიქრო მრეწველობის განვითარებაში და დღესაც აშენებენ ბრიტანეთში (სურ. 1).
ამის შესახებ კარგად იციან მათ, ვინც თავიანთი შრომითი თუ შემოქმედებითი საქმიანობა მიუძღვნეს სასოფლო-სამეურნეო მეცხოველეობას. მაგრამ ამას ვწერ იმათ საყურადღებოდ, ვინც მეცხოველეობაში „ქუჩიდანაა მოსული“ და თავისი „პროფესიონალიზმით“ გვაწონებს თავს!
ამასთან, მათ საქებრად ვიტყვი: მეგობრებო! მივესალმები თქვენ თავდადებას და მიხარია, რომ ცდილობთ მეცხოველეობაში ჩადოთ შრომა და საკუთარი ოფლით ნაშოვნი ფული. დიდი მადლობა ამისთვის, მაგრამ… მეტი ყურადღებით მოეკიდეთ ყველაფერ ამას, ვინაიდან ეკონომიკურად მომგებიანი მეცხოველეობა გაცილებით რთული სამართავია, ბევრად უფრო ღრმა და ყოვლისმომცველ ცოდნას მოითხოვს, ვიდრე, ვთქვათ, რძის გადამუშავება, ან ხორციდან ძეხვის დამზადება.
არა და არა! არავითარ შემთხვევაში მე არ ვაკნინებ ამ უკანასკნელი მიმართულების პროფესიონალთა შრომას და, თუ გნებავთ, შემოქმედებას. მაგრამ, გადამუშავებისგან განსხვავებით, მეცხოველეობაში საქმე გვაქვს ცოცხალ ორგანიზმთან, რაც მოითხოვს სახეობის ბიოლოგიისა (1) და ჯიშური თვისებების ცოდნას (2), საკვებწარმოებისა (3) და ასაკის, სქესის, ფიზიოლოგიური მდგომარეობისა და პროდუქტიულობის დონის შესატყვისი კვების პირობების უზრუნველყოფას (4), ტექნიკური საშუალებების მართვა-მომსახურებას (5), ნიადაგ ცვალებადი გარემოს მოქმედებით გამოწვეული ფიზიოლოგიური მდგომარეობისა და ჯანმრთელობის რისკების გათვალისწინებას (6) და… მრავალ სხვას; თან უნდა ვიცოდეთ, რომ ნახირი, კოლტი, ჯოგი, ფარა, გუნდი… შედგება ინდივიდებისგან და თითოეულ მათგანს, დიახ, დიახ… ყოველ ცხოველს თუ ფრინველს თავისი „შეხედულება“ და „მოთხოვნები“ აქვს გარემოზე;
სირთულე მდგომარეობს იმაშიც, რომ მეცხოველეობა მთელი წლის მანძილზე, ყოველდღიური 24 საათიანი შრომაა, არ ცნობს დასვენების დღეებს და დღესასწაულებს, დილას და საღამოს, სიცივეს და სიცხეს, დარს თუ ავდარს, და კიდევ, ნებისმიერ პირობებში მოითხოვს სამუშაოთა შესრულების დადგენილი გრაფიკის მკაცრად დაცვას; ყველაფერი ამის გათვალისწინებაა საჭირო, ვიდრე თქვენ გადაწყვეტდეთ ამ მიმართულებით საქმიანობის დაწყებას.
ამასთან, თქვენ უნდა გყავდეთ სათანადოდ მომზადებული საშუალო პროფესიული განათლების სპეციალისტები, ადამიანები, რომელთაც იციან ყველაფერი ეს და ზედმიწევნით ზუსტად და პასუხისმგებლობის გრძნობით ასრულებენ თავიანთ მოვალეობას.
კითხვაზე, არიან კი დღეს ასეთი გულანთებული ადამიანები და თან პროფესიონალები? ჩემი პასუხი ცალსახაა — ნაკლებად! მაგრამ შეგახსენებთ, თქვენ ამაშიც უნდა ჩადოთ ინვესტიცია. ზოგადად თუ ვიტყვი, აგრარულ სექტორში, განსაკუთრებით კი, მეცხოველეობაში კვალიფიციური კადრები მსოფლიო პრობლემაა. საქართველოში ყველაფერ ამას ემატება ისიც, რომ ეს სპეციალობა მივიწყებულია და იგნორირებულია, ვინაიდან შრომის ბაზარზე მუშაობს პრინციპი: „სჯობს მოიძიო პრაქტიკული გამოცდილების მეცხოველე, შედარებით იაფად შეუთანხმდე მას და…“. აქედან იწყება ყველაფერი ის, რაც სჭირს დღეს ჩვენს მეცხოველეობას….
მაგრამ დავუბრუნდეთ მეორე წერილის თემას:
ვიდრე სასელექციო-სანაშენე მუშაობის მოწყობის სისტემაზე, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებზე უფლება-მოვალეობების გადანაწილებასა და პასუსისმგებლობაზე დავიწყებდე საუბარს, პასუხი მინდა გავცე ზოგიერთი ჩემი კოლეგის, აგრეთვე სამთავრობო სტრუქტურაში მომუშავე ბატონების მოსაზრებას, მოწინავე მეცხოველეობის ქვეყნებში მიღწეული შედეგის, მაღალპროდუქტიული ჯიშების შემოყვანის ეფექტურობასთან და ამის საფუძველზე სურსათით ქვეყნის უზრუნველყოფის პრობლემის გადაწყვეტასთან დაკავშირებით.
უდავოა, რომ ამ ქვეყნებში მიღებულ გამოცდილებას ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და მათი მუშაობის პრინციპების, ცხოველთა მოშენების სისტემების, სქემების თუ ილეთების, აგრეთვე შეფასების მეთოდების გაზიარება თუ სახელმძღვანელოდ აღება აუცილებელია და ეს სასურველი შედეგის მიღებას ერთიორად დააჩქარებს.
ამასთან, მიღწეული შედეგების პირწმინდად გადმოტანა მხოლოდ ნაწილობრივადაა მისაღები! საქმე ის არის, რომ პირდაპირ გადმოტანა, ანუ იქ გამოყვანილი, ე.წ. სელექციონირებული ჯიშების მასობრივად შემოყვანა და ადგილობრივი სულადობის ჩანაცვლება, რაც მოითხოვს ცხოველთა მოვლა-შენახვისა და კვების ტექნოლოგიების პირწმინდად კოპირებას, უპირველესად ყოვლისა ეკონომიკურად არ არის გამართლებული, ვინაიდან ამას განუზომლად დიდი რესურსები დასჭირდება;
სარძეო მეძროხეობის მაგალითზე მოვიტან მარტივ გაანგარიშებას:
2016 წლის დასაწყისისთვის საქართველოში გვყავდა 650,3 ათასი სული ფური, რომელთა საშუალო მონაწველი იყო 1344 კგ რძე და, ამდენად, ქვყანაში ვაწარმოებთ 676,5 ათას ტონა რძეს. ამასთან, შიდა ბაზრის (მოსახლეობა + ვიზიტორები) სრულად დასაკმაყოფილებლად ყოველწლიურად გვჭირდება დაახლოებით 1,2-1,3 მლნ ტონა რძე, რომელიც ფურების არსებული სულადობის შენარჩუნებისას შეიძლება მივიღოთ საშუალო მონაწველის 2000-2200 კგ-მდე გაზრდით.
კულტურულ სარძეო ჯიშებზე ორიენტაციის შემთხვევაში, მოკლე ვადაში (3-5 წელი) რძის წარმოების აღნიშნულ დონემდე გაზრდა შესაძლებელია დაახლოებით 100 ათასი სული უშობელის და`ან ფურის შემოყვანით და ადგილობრივი გენოფონდის ჩანაცვლებით. თან კიდევ, შედეგის მიღების წინაპირობაა შემოყვანილი სულადობის საშუალო წლიური მონაწველი არ იყოს 4500 კგ რძეზე ნაკლები, ხოლო ადგილობრივი სულადობის მონაწველი გაიზარდოს გრაფიკით 14 კგ`წელიწადში, როგორც ეს ჩემს წინა წერილში იყო ნაჩვენები1.
მაგრამ დავთვალოთ რა დაჯდება ყველაფერი ეს „სიამოვნება“;
მარტივი მათემატიკური გაანგარიშება გვიჩვენებს, რომ 100 ათასი ფურის შემოყვანა და საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა მოითხოვს 1 მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას. მათ შორის:
- ყოველი 1 სული სანაშენე უშობელის ღირებულება (ტრანსპორტირების ჩათვლით) 3-3,5 ათასი დოლარია, ანუ 100 ათასი სულის შემოსაყვანად დაგვჭირდება 300-350 მლნ$;
- შემოყვანილი 1 ფურის მოვლა-შენახვის ოპტიმალური პირობების უზრუნველსაყოფი ინფრასტრუქტურის (სადგომები, საწველი დარბაზი-სარძევეთი, სასაწყობო მეურნეობა და სხვ.) მოსაწყობად საჭიროა დაახლოებით 3-3,5 ათასი დოლარი, ანუ 100 ათასი სულისათვის 300-350 მლნ$;
- ფერმების მომსახურებისთვის საჭირო ტექნიკის (მ.შ. საკვებწარმოებისთვის, საკვების კვებისწინა შემზადებისა და დარიგების, ანარჩენების გატანა-გაუვნებლობის და სხვ. სამუშაოების ჩასატარებლად) შესაძენად საჭირო იქნება არა ნაკლებ 250-300 მლნ$;
- ამაზე დამატებით, აუცილებელია საკვები კულტურების მაღალი ხარისხის სათესლე მასალის შემოტანის, აგრეთვე ზოგიერთ გაუთვალისწინებელ ხარჯებზე ინვესტიციების აუცილებლობა, რაც, სავარაუდოდ 100-150 მლნ$ იქნება.
მაგრამ ეს ხომ ქვეყნის თითქმის ნახევარი წლის ბიუჯეტის ტოლია! დიახ, ასეა და აქ მხოლოდ დიდი რაოდენობით ინვესტიციების საჭიროება არ არის პრობლემა; საქმე ის არის, რომ ვალუტის უდიდესი ნაწილის, დაახლოებით 85-90% და მეტის გადინება მოხდება ქვეყნიდან, აქედან გამომდინარე შედეგებით.
ამდენად, ევროპული ჯიშების მასობრივად შემოყვანა, გასაგები მიზეზების გამო, არ არის პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი და არც ეფექტური გზა. ამასთან დაკავშირებით მე არაერთხელ გამომითქვამს ეჭვი, მაგრამ, საკითხზე პასუხი უფრო დამაჯერებელი რომ იყოს, მოვიტან გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ მსოფლიოს ხუთი კონტინენტის ქვეყნებში ჩატარებული ფერმერების, მეცხოველეობის დარგში პრაქტიკოსი სპეციალისტებისა და მეცნიერების გამოკითხვის შედეგებიდან ამონარიდს.
დასმული იყო საკითხვი — შეეფასებინათ ადგილობრივი და შემოყვანილი ჯიშების მნიშვნელობა საკუთარი ქვეყნის`რეგიონის სასურსათო პრობლემის გადაწყვეტის საქმეში. შედეგები (ცხრილი 1) ცალსახად გვეუბნება, რომ ძროხის, ცხვრებისა და თხების შემთხვევაში გამოკითხულები უპირატესობას ანიჭებენ ადგილობრივ ჯიშებს, ხოლო ღორის, შემთხვევაში პასუხი უმნიშვნელო განსხვავებით ინტროდუცირებული ჯიშების სასარგებლოდ იყო.
ეს შედეგი კიდევ ერთხელ ადასტურებს მოსაზრებას, რომ პრობლემის გადაწყვეტის ნაკლებად მტკივნეული, გაცილებით იაფი და იოლი გზა არის სანაშენე-სასელექციო პროგრამების განხორციელებით ადგილობრივი გენოფონდის მიზანმიმართულად გაუმჯობესება.
არის მეორე გზა, შემოტანილი ღრმად გაყინული სპერმით ადგილობრივი სულადობის განაყოფიერება და მიღებულ თაობაში პროდუქტიულობის პოტენციის გაუმჯობესება. დიახ, ეს საკმაოდ მიმზიდველი და ეფექტური ღონისძიებაა და დღეს მას მიმართავს წვრილ თუ საშუალო ფერმერთა ნაწილი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში პასუხი გასაცემია კითხვაზე, პირველი თაობის მიღების შემდეგ რა გავაკეთოთ?, რა მიმართულებით წავიდეთ?, როგორ მოვაშენოთ ჳ (ან მომდევნო) თაობის ნაჯვარი სულადობა?
ანუ, კვლავ მივდივართ სასელექციო-სანაშენე საქმიანობის მოწესრიგების აუცილებლობამდე. საქმე ის არის, რომ ცხოველთა იდენტიფიკაციის, სანაშენე აღრიცხვიანობის მოწესრიგების, სხვადასხვა გენერაციის თაობების სამეურნეო და პროდუქტიული ღირებულებების შეფასების, მათი გადარჩევისა და შერჩევის გარეშე შედეგი ფაქტობრივად ნულის ტოლი იქნება;
რას იძლევა სასელექციო ღონისძიებები? ამაზე ამომწურავ და დამაჯერებელ პასუხს იძლევა მსოფლიოს წამყვანი მეცხოველეობის ქვეყნების გამოცდილება — როგორ, რა გზებითა და საშუალებებით გახდა შესაძლებელი მოსახლეობის სურსათით მომარაგების პრობლემის გადაწყვეტა.
აქ და შემდგომ მაგალითად ავიღებ ისრაელის სარძეო მეძროხეობის გამოცდილებას1;
ცნობილია, რომ ამ ქვეყანაში ადგილობრივი დამასკური (სირიული) ჯიშის ძროხის ჰოლშტინურთან შთანთქმითი შეჯვარებით გამოყვანილია ისრაელური ჰოლშტინური ჯიში, რომელთა ფურების საშუალო მონაწველმა 2014 წელს 12083 კგ რძე შეადგინა.
როგორ გახდა ეს შესაძლებელი? თვალსაჩინოებისთვის დამასკური ჯიშის გარდაქმნის, ანუ ჰოლშტინური ჯიშით მისი შთანთქმის ეტაპები ნაჩვენებია მე-2 სურათზე, ხოლო ფურების სარძეო პროდუქტიულობის ზრდის დინამიკა ასახულია დიაგრამაზე.
მონაცემთა ანალიზი თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ ცხოველები გარდაიქმნენ არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ შეიცვალნენ თვისობრივად; კერძოდ, 1939 წლიდან განვლილი 75 წლის მანძილზე ფურების საშუალო წლიური მონაწველი გაიზარდა 8246 კგ-ით, ანუ საშუალოდ 110 კგ-ით წელიწადში;
რა თქმა უნდა, მიღწეული მხოლოდ სელექციის შედეგი არ არის. ცხოველთა გადარჩევა-შერჩევის პროცესს თან სდევდა ღრმა მეცნიერული კვლევები, სამეცნიერო-საწარმოო ცდები და მიღებული შედეგების კრიტიკული ანალიზი, მათ საფუძველზე კი ხორციელდებოდა ორგანიზაციულ-საინჟინრო სამუშაოები, საკვები ბაზის განმტკიცებისა და კვების პირობების გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებები, რამაც უზრუნველყო ცხოველების ბიოლოგიური თავისებურებების შესაბამისი მოვლა-შენახვისა და კვების პირობებით უზრუნველყოფა. გასაგებად რომ ვთქვათ, ცხოველთა გენეტიკური პოტენცია უზრუნველყოფილი იქნა შესაბამისი გარემოთი და შედეგმაც არ დააყოვნა.
მიუხედავად ასეთი შთამბეჭდავი მიღწევებისა, სასელექციო პროცესი არ შეწყვეტილა, პირიქით, ახალი ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე ის უფრო ღრმავდება და ფართოვდება;
ამ ქვეყანაში სასელექციო მუშაობის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია სანაშენე ბირთვის ფურებიდან მიღებული სახარეების, მომავალი კურო-მწარმოებლების ნიშან-თვისებათა კომპლექსის მიხედვით მკაცრი წუნდება. ამის მაგალითი ასახულია მე 3 სურათზე: აქ ჩვენ ვხედავთ, რომ 120 ათასი ჰოლშტინური ფურიდან მომავალი კურო-მწარმოებლების მისაღებად გამოყოფილია 300 ელიტური ფური. მათგან მიღებული 150 სახარეებიდან 1 წლის ასაკამდე გამოიწუნება 90 სული, ხოლო დარჩენილი 60-დან იღებენ სპერმას და მათ აფასებენ შთამომავლობის ხარისხით.
ასეთი გამოცდის შემდეგ სანაშენედ, ანუ მომავალი აღწარმოებისთვის იტოვებენ მხოლოდ 20 გამაუმჯობესებელს, ხოლო მათი შთამომავლობის მასობრივად გავრცელებას უზრუნველყოფს სადედე სულადობის 100%-ით ხელოვნურად განაყოფიერება.
მე-3 სურათიდან ასევე ჩანს, რომ ისრაელელი სელექციონერები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ დამასკური ძროხის „სისხლის“ თაობიდან თაობაში შენარჩუნების პროგრამის განხორციელებას, რათა გამოირიცხოს გარემოსადმი, ანუ ამ ქვეყნის კლიმატური პირობებისადმი ტოლერანტობის შესუსტება1, ამისათვის კი ყოველწლიურად მომავალი კურო-მწარმოებლების დედების გასანაყოფიერებლად გამოყოფილი 7 კურო-მწარმოებლიდან ადგილობრივი, დამასკური ჯიშის „სისხლის“ მატარებელია 4 სული (გადარჩეული 20-დან 4 საუკეთესო კურო).
რა უჯდებათ აღნიშნული სქემით საკუთარი ნახირის გაუმჯობესება ფერმერებს?
კვლავ, თუ ავიღებთ ისრაელის მაგალითს, ვნახავთ, რომ დაახლოებით იმდენი, რამდენიც იხარჯება ცხოველთა ვეტერინარულ მომსახურებაზე; კერძოდ, სანაშენე მუშაობის სერვისი მოიცავს ცხოველთა მომშენებლობის სისტემის ფუნქციონირებასა და ფურების ხელოვნურ განაყოფიერებას, აგრეთვე ჯიშის მომშენებელთა ასოციაციის მომსახურებას, რომლის ფუნქციები ნაჩვენებია მე-4 სურათზე.
ნიშანდობლივია, რომ ყველა ეს სერვისი ფასიანია და ფერმერს ჯამში უჯდება 149 ლ რძის ღირებულების ექვივალენტი თანხა, თავის მხრივ კი ამის საფასურად ფერმერები საშუალოდ ღებულობენ ნახირის საშუალო მონაწველის 110 კგ ყოველწლიურ ზრდას ხოლო დამატებით ჯანმრთელ და ტექნოლოგიურად გაუმჯობესებულ თაობას!
მოტანილ ინფორმაციაზე დამატებით მინდა მკითხველთა ყურადღება მივაბყრო იმას, რომ მიუხედავად ასეთი მიზერული დანახარჯებისა, რაც შეადგენს საშუალოდ ერთი ფურიდან წარმოებული რძის 1,2%-ს, სასელექციო მუშაობას სახელმწიფო ასტიმულირებს (მართალია უმნიშვნელოდ) სუბსიდიებით!
ამასთან დაკავშირებით ურიგო არ იქნება მიმოვიხილოთ, თუ რა მხარდაჭერა აქვს სახელმწიფოს მხრიდან სასელექციო მუშაობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. პასუხი არაერთგვაროვანია:
ზოგიერთ ქვეყანაში პროცესი შემოიფარგლება ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურისა და სანაშენე მეცხოველეობის სისტემის ფუნქციონირებისთვის სამუშაოების დაფინანსებით (1), ზოგიერთ ქვეყანაში სანაშენე მუშაობა და მასთან დაკავშირებული კვლევები (პროგრამები) ან მათი ნაწილი ფინანსდება ბიუჯეტიდან (2), ზოგიერთ ქვეყანაში კი სახელმწიფოს ფინანსურ მხარდაჭერას საერთოდ არა აქვს ადგილი (3);
სახელმწიფოსა და კერძო სტრუქტურებს შორის ეფექტურ ურთიერთობაზე მოვიტან რამოდენიმე მაგალითს:
- ავსტრალიაში სამეცნიერო-სამრეწველო კვლევითი ორგანიზაციების გაერთიანების (CSIRO: -Common we alth Sci en ti fi c and Industrial Re se arch Organisation) ფარგლებში კვლევები, მ.შ. მეცხოველეობაში სანაშენე საქმიანობის სამუშაოებთან დაკავშირებული, ფინანსდება სახელწიფო ბიუჯეტიდან;
- აშშ-ში მეცხოველეობაში სანაშენე საქმიანობას ეწევიან მწყობრად ორგანიზებული კერძო სტრუქტურები (ჯიშთა ასოციაციები, ხელოვნური განაყოფიერების ცენტრები და სხვ.), რომელთა საქმიანობას კოორდინაციას და მონიტორინგს უწევს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (ჲშდა) გენეტიკისა და ფიზიოლოგიის ინსტიტუტი.
- გერმანია: სარძეო მეძროხეობაში სანაშენე საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს კოორდინაციას უწევენ ჯიშთა ასოციაციები და გაერთიანებები, ხოლო მომშენებლებისა და ხელოვნური განაყოფიერების სამსახურებისგან დამოუკიდებლად მუშაობს „რძის რეგისტრაციის“ სახელმწიფო-საკონტროლო 12 ასოციაცია1;
- ისრაელში სახელმწიფო მხარდაჭერით ფუნქციონირებს “მერძევეობის საბჭო”, რომელიც მუშაობს ე.წ. „რძის კანონის” მოთხოვნების შესაბამისად და არეგულირებს მერძევეობის ინდუსტრიას, აგრეთვე აყალიბებს ქვოტების რეჟიმს;
- ლატვიაში მეცხოველეობის საქმიანობას არეგულირებს სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილი სოფლის მეურნეობის თანამშრომლობის საბჭო, რომელიც აერთიანებს 67 სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციას და წარმოადგენს ამ სფეროში დაკავებულ 14200 ფერმერს.
შეიძლება ამ ჩამონათვალის გაგრძელება, მაგრამ, ვფიქრობ, მოტანილიც საკმარისია საერთო მდგომარეობასა თუ ტენდენციებზე დასკვნების გასაკეთებლად.
საქართველოში დღეისთვის ამ საქმიანობაზე პასუხისმგებლობის ამღები კერძო სტრუქტურები, ვფიქრობ, არ არის. გასაგები მიზეზების გამო, სავარაუდოდ, არც უცხოელი კერძო ინვესტორები აიღებენ ამას თავის თავზე. ამდენად, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, პირველ პერიოდში, ამ საქმიანობის მოსაწესრიგებლად საჭირო იქნება სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი ძალისხმევა.
ამ საკითხზე ჩემს მოსაზრებებს გაგაცნობთ მომდევნო წერილში.
გიული გოგოლი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი,
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“