აგრარული განათლებარუბრიკები

საქართველოში ნიადაგების ნაყოფიერების მხრივ სავალალო მდგომარეობაა

გამოკვლევები ცხადყოფს, რომ უახლოეს მომავალში კაცობრიობა შეიძლება შიმშილის პრობლემის წინაშე დადგეს, რადგან პლანეტაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მეოთხედი დეგრადირებულია.

(ფაო) -ს მონაცემებით დღეს მსოფლიოში მილიარდამდე ადამიანი შიმშილობს და მათგან არასრულფასოვანი კვების გამო ყოველდღიურად 35 ათასამდე ადამიანი _ უმეტესობა ბავშვები, იღუპება.

ორსულობის პერიოდში არასრულყოფილი კვებით გამოწვეული მინერალების და ვიტამინების  უკმარისობის გამო 20 მილიონზე მეტი გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვი იბადება.

დამ მხრივ ყველაზე სავალალო მდგომარეობა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ჩინეთის სამხრეთსა და აფრიკაშია და ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, როგორც მკვლევარები ამტკიცებენ, სასოფლო-სამეურნეო მიწების ნაყოფიერების გასაზრდელად ქიმიური სასუქების უსისტემოდ გამოყენებაა.

როგორი ვითარებაა საქართველოში?!

საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნიადაგების 30-40% ეროზირებულია (არაოფიციალური მონაცემებით ეს ციფრი 60%-ს აჭარბებს). სამიწათმოქმედო ტერიტორიის 25%-მდე დამლაშებულ, ბიცობ და მჟავე ნიადაგებს უჭირავს (300 ათასი ბიცობი და 205 ათასი ჰექტარი მლაშე).

სასოფლო სამეურნეო ფართობების 29%-ი 20-გრადუსზე მეტი დახრილობის ფერდობებია და რთული დასამუშავებელია.

სპეციალისტების მოსაზრებით უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ჩვენს ნიადაგებში ჰუმუსის შემცველობა 0,8-1,5 %-ით არის შემცირებული, რაც ძალიან ცუდის ნიშანია.

ქვეყნის სავარგულების 90% ღარიბია ფოსფორითა და კალიუმით, ხოლო ზოგიერთ რეგიონში ეს მაჩვენებელი ნულს უტოლდება.

საქართველო ზომიერი ბუნებრივ-კლიმატური პირობების მიუხედავად ხორბლის, სიმინდის, კარტოფილის და ბოსტნეულის საშუალი საჰექტარო მოსავლიანობით მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანას შორის ბოლო ადგილებს ინაწილებს.

განსაკუთრებით საგანგაშოა მარცვლეულის, ხორცისა და რძის პროდუქტების  წარმოებისა და მოხმარების მონაცემები. ბოლო წლებში ხორბლის მოხმარება ერთ სულზე (ფქვილის სახით) 110 კგ-ს შეადგენს, მაშინ, როდესაც ერთ სულზე ქვეყანაში 17 კილოგრამი ხორბალი იწარმოებოდა.

გამოქვეყნებული მასალიდანაც ჩანს. სპეციალისტები კულუარულად უფრო საგანგაშო ფაქტებზე ლაპარაკობენ.

არსებობს ერთი ძალზე სავალალო სტატისტიკა: მსოფლიოში ყოველი 1000 ახალშობილიდან (ერთი წლის ასაკამდე) 8,4 ბავშვი იღუპება, საქართველოში კი _ 28,1. სპეციალისტები (ზოგი საჯაროდ, ზოგი კი კულუარულად) ამას ნიადაგის დაბინძურებასა და ქართულ ბაზარზე ეკოლოგიურად არასაიმედი პროდუქციის უკონტროლო ვაჭრობას უკავშირებენ.

საქართველოს ნიადაგების ნაყოფიერების ამაღლების სახელმწიფო პროგრამა, ოთხ ძირითად ფაქტორზე: ქიმიურ სასუქებზე, ორგანულ სასუქზე (ნაკელს), ტორფზე და საყოფაცხოვრებო ნარჩენებზე ამახვილებს ყურადღებას.

ბოლო ორი ფაქტორი _ ტორფი და საყოფაცხოვრებო ნარჩენები, თავიდანვე გამოირიცხება, რადგან არარეალურია. ვისაც კი ეკოლოგიის ანაბანა ესმის, მიხვდება, რომ პალიასტომიდან ტორფის ამოღება რეგიონის ეკოლოგიურ წონასწორობას დაარღვევს და მის აღდგენას, ფულზე რომ აღარაფერი ვთქვათ, საუკუნეები დასჭირდება. და კიდევ, დათვალა ვინმემ, მაგალითად, რა დაჯდება ფოთიდან კახეთში ტორფის ჩატანა?!

საყოფაცხოვრებო ნარჩენების ამ მიზნით გამოყენების შანსი მომავალ თაობებს თუ ექნებათ, თორემ დღეს, ეს ფუჭი ოცნებაა.

სად არის გამოსავალი?!

არსებული ნორმატივების თანახმად საქართველოს სოფლის მეურნეობას ყოველწლიურად 100-115 ათასი ტონა მინერალური ან 20-25 მილიონი ტონა ორგანული სასუქი _ ნაკელი სჭირდება.

ცნობილია, რომ დღეს მსოფლიოში მცენარეული და ცხოველური პროდუქციის 50%-ზე მეტი არაორგანული სასუქების მეშვეობით იწარმოება. ისიც ცნობილია, რომ ქიმიური სასუქების უსისტემოდ და არასწორად გამოყენება უარყოფითად მოქმედებს ნიადაგის ნაყოფიერებასა და ადამინის ჯანმრთელობაზე.

საქართველო ნიადაგის ნაყოფიერების პრობლემას ქიმიური სასუქებით ვერ გადაჭრის! რადგან, სიძვირის გამო (ერთ ჰა-ზე 150 ლარი) დამატებით დიდ ხარჯს მოითხოვს _ ყოველწლიურად 100 მილიონზე მეტი ლარის სასუქი დასჭირდება. ცნობილია, რომ ქიმიური სასუქის გამოყენებამდე, თუ ნიადაგს არ ჩაუტარდება ლაბორატორიული ანალიზი, არც მიწას დაადგება კარგი დღე და არც მის პატრონს.

ნიადაგის ლაბორატორიული ანალიზის გაკეთება ჰექტარზე დაახლოებით 150-200 ლარამდე ღირს.

ეს თანხაც რომ მოიძიოს, გლეხს არც საჭირო ტექნიკა აქვს და არც საიმისო ცოდნა- გამოცდილება, რომ ნიადაგში სასუქის შეტანის წესები და ნორმები დაიცვას.

რომ მოინდომოს, ძალიან გაუჭირდება მცენარის გამოსაკვები სრულყოფილი ქიმიური სასუქების (დაბალანსებული ასორტიმენტის) შოვნა. დაუბალანსებელი საკვები ნივთიერებების მიღების შემთხვევაში კი სასურველი მოსავლიანობის გარანტია არ არსებობს, რადგან მიწათმოქმედებისა და მემცენარეობის მინიმუმისა და მაქსიმუმის კანონის თანახმად, მცენარე მიღებული საკვები ელემენტებიდან მინიმუმში მყოფი ელემენტის შესაბამის მოსავალს იძლევა.

თუ რა დადებითი და უარყოფით თვისება აქვს ნაკელს, ამას მომდევნო წერილში გავიხილავთ.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“