აგროსიახლეები

საქართველოში სასურსათო ზეთის იმპორტი იაფდება – რა უჯდება ქვეყანას ერთი ლიტრი ზეთის შემოტანა

 საქართველოში შესაძლოა, მზესუმზირას ზეთი გაიაფდეს. ამის მიზეზი რუსული ზეთის გაიაფებაა. კერძოდ, როგორც ცნობილია, რუსულ მზესუმზირას ზეთზე საექსპორტო გადასახადი ივნისში განულდება, მაშინ, როცა მაისში ტონაზე 1,122 რუბლს (14 დოლარს) შეადგენდა.
საქსტატის მონაცემებით, წელს 4 თვეში, საქართველომ ჯამში 9,965 ტონა (12,581 მლნ აშშ დოლარის) მზესუმზირას ზეთი შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში – 3,794 ტონა (6,381 მლნ აშშ დოლარის).

ამასთან, წელს, ისევე როგორც გასულ წელს, მთავარი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია, საიდანაც პროდუქტის 89%, კერძოდ, 8 872 ტონა (10,935 აშშ დოლარი) შემოვიდა. ე.ი ქვეყანას 1 ლიტრი რუსული ზეთის იმპორტი 1,23 დოლარი დაუჯდა.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ პროდუქტს, უკრაინისგან ქვეყანამ წელს 933.2 ტონა (1,370 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შეიძინა, ანუ 1 ლიტრი დაახლოებით, 1,47 აშშ დოლარი ღირდა.

შემდეგი აზერბაიჯანია, საიდანაც 72.8 ტონა (126.1 ათასი ლარი) ზეთი შეიძინა, შესაბამისად, 1 ლიტრში 1,73 აშშ დოლარი გადაიხადა.

ამავე წელს ქვეყანამ ბელორუსიიდან 50 ტონა (74.7 ათასი აშშ დოლარის) პროდუქტი შეიძინა და  1 ლიტრში 1,49 აშშ დოლარი გადაიხადა, ხოლო, თურქეთიდან შემოტანილ 31.1 ტონა პროდუქტში _ 55.2 ათასი აშშ დოლარი, ანუ 1 ლიტრში 1,77 აშშ დოლარი გადაიხადა.

ზეთის იმპორტის დანარჩენი მცირედი რაოდენობა იტალიაზე, საფრანგეთზე, გერმანიაზე, აშშ-ზე, პოლონეთსა და ბელგიაზე ნაწილდება.

ავტორი: ნინი ქეთელაური

წყარო: https://www.bpn.ge