საქართველოში ზეთისხილის გაშენების, ზეთისხილის ზეთის წარმოებაზე ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოში იმსჯელეს
ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტს გიორგი სვანიძეს და გენერალურ მდივანს აბდელატიფ გედირას შეხვდა, სადაც ქვეყნაში ზეთისხილის პოტენციალზე ისაუბრა და დარგს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი, იმავდროულად საქართველოში ზეთისხილის ასოციაციის დამფუძნებელი, პრეზიდენტი და ქვეყანაში ამ დარგის შემომტანი გიორგი სვანიძე ამბობს, რომ საბჭოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საკმაოდ ნაყოფიერი იყო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ზეთისხილი საქართველოსთვის ახალი აგრარული კულტურაა, მაგრამ მას დიდი პოტენციალი აქვს წარმოებისა და შემდგომი ექსპორტის კუთხით, რისი ხელშეწყობაც თანმიმდევრულად ხორციელდება.
„მისასალმებელია, რომ საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრი გახდა – ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს მსოფლიო ზეთისხილის შემოსავლის 90%-ს და ტრეიდინგის 74%-ს. ამიტომ ამ ორგანიზაციაში ყოფნა საქართველოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.
საქართველოს ზეთისხილის წარმოება ახალი დაწყებული აქვს და ნამდვილად გვესაჭიროება ბაზრები, სათანადო ცოდნა, ტრეიდინგი და დარგის სწორად განვითარება. ამაში კი ხელს სწორედ ეს ორგანიზაცია შეგვიწყობს, რომელიც იმავდროულად მზადაა ჩამოვიდეს საქართველოში და ამ დარგში უფრო მეტი ინვესტიციები განახორციელოს. მე ვფიქრობ, რომ ამ ორგანიზაციით უფრო ადრე მივაღწევთ დასახულ მიზანს.
თავის მხრივ, დიდი მადლობა მინდა მთავრობას გადავუხადო, როგორც ორგანიზაციის პრეზიდენტმა დელეგაციის ჩამოსვლით. საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტმა გაეროს ორგანიზაციის ზეთისხილის საბჭოში საქართველოსადმი კეთილგანწყობა კიდევ უფრო გაზარდა და დარგის განვითარებისთვის ქვეყნის ხელისუფლების შესაბამისმა მხარდაჭერამ ინვესტორებს საქართველოსადმი სურვილი გაუღვივა. ასეთი მხარდაჭერის ფარგლებში კი მათი მხრიდან უფრო მეტი ნაბიჯის გადადგმა მოხდება საქართველოში ამ დარგის სწორედ განვითარებისთვის.
დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი ინვესტორი როდესაც ქვეყანაში ჩადის და ქვეყნის მთავრობა მას გვერდით უდგას და ხელს უწყობს, ის უფრო მეტი ინვესტირებითაა დაინტერესებული. ქართველ მეწარმეებს, ფერმერებს და მათ ვინც ირწმუნა და ზეთისხილის დარგვა მასიურად დაიწყეს, მათთვის სახელმწიფო პროექტების ფარგლებში „დანერგე მომავალი”, „აწარმოე საქართველოში” გაცემული დაფინანსება ხელს უწყობს ამ დარგის განვითარებას. ასევე ხელს უწყობს ჩვენს მოსახლეობას და საშუალებას აძლევს თავისუფლად განვითარდნენ, მეტი პლანტაცია გააშენონ და მეტი შემოსავალი მიიღონ”, _ აცხადებს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი.
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოში ვიზიტისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანა მზად არის ზეთისხილის ზეთის გამოხდის და წარმოების კიდევ უფრო განსავითარებლად.
სახელმწიფო პროექტების მხარდაჭერით და თანამედროვე ბაზრის პრინციპების დაცვით, საქართველოში გაშენებულია ასობით ჰექტარი სხვადასხვა მრავალწლიანი კულტურა, მათ შორის ზეთისხილის ბაღები და იწარმოება ადგილობრივი ზეთისხილის ზეთი.
შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას წევრ სახელმწიფოებს შორის, რაც ხელს შეუწყობს ზეთისხილისა და ზეთისხილის/ ზეთის წარმოების შემდგომ განვითარებას.
საბჭოს წევრების შეთანხმების საფუძველზე, საბჭოს 114-ე სესია და მრჩეველთა კომიტეტის 57-ე სხდომა თბილისში გაიმართება. საქართველოს დედაქალაქი ამ ღონისძიებებს 24-26 ნოემბერს უმასპინძლებს.
“26 ნოემბერს საქართველოს მთელი მსოფლიოდან 43 ქვეყნის ზეთისხილის უმსხვილესი წარმომადგენლები, 27 ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი ეწვევა. საქართველოში ტარდება უდიდესი ასამბლეა, სადაც ინვესტორები, ამ დარგში ჩართული კორპორაციებს ჩამოვლენ საქართველოში”, _ აღნიშნა გიორგი სვანიძემ.
საქართველო 2019 წლიდან ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრია, ხოლო 2020 წლის განმავლობაში, საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იყო. მანდატი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა და საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე 2021 წლის განმავლობაშიც იქნება.