შარდოვანას და სხვა საკვები დანამატების გამოყენება მეცხოველეობაში
მეცხოველეობის ქიმიზაციის მესამე მიმართულების განხილვისას უნდა აღვნიშნოთ, რომ პროტეინის უკმარისობა ცხოველთა საკვების რაციონში ეკოლოგიური თვალსაზრისით უკეთესია შეივსოს არა ცილოვანი-ვიტამინების, ან კონცენტრატით, არამედ შარდოვანას, ამონიუმის ჰიდროკარბონატის სხვა ამინიუმის მარილების, ორგანული და მინერალური მჟავების დამატებით.
შარდოვანას დამატება ცხოველთა კვების რაციონში გვაძლევს საკვები ცილების 20-დან 35%-მდე ეკონომიას. გადასამუშავებელი აზოტის ხარისხით 1გ. შარდოვანა ჩაანაცვლებს 2.6გ. საკვების პროტეინს. დანახარჯის ერთეული შარდოვანას შეძენაზე მოგვცემს 8-ჯერ მეტი ღირებულებების მეცხოველეობის პროდუქციას.
სასოფლო-სამეურნეო ცხოველების საკვები რაციონის სრულფასოვნებას განსაზღვრავენ საკვებში მინერალური ნივთიერებების, ვიტამინების და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დაბალანსებით. ცხოველთა ორგანიზმში აღმოჩენილია 80-ზე მეტი ქიმიური ელემენტი, მაგრამ შესწავლილია მხოლოდ მათი 1/3-ის მნიშვნელობა. მინერალური ნივთიერებები შედის ცხოველთა ყველა ორგანოში და ასრულებს ამა თუ იმ სპეციალურ ფუნქციას (ორგანიზმში არეგულირებს სისხლის და სხვა სითხეების ოსმოსურ წნევას. ინარჩუნებენ მჟაურ-ტუტოვან ბალანსს, მაკრო და მიკრო ელემენტები უზრუნველყოფენ ბიოქიმიური რეაქციების ოპტიმალურ პირობებს, ფერმენტებისა და ჰორმონების ფუნქციონირებას, ორგანული ნივთიერებების დაშლას და სინთეზს, რომლებიც აქტიურად ეხმარებიან ნივთიერებების დაშლას, შეწოვის და ათვისების პროცესებს, უვნებელყოფენ ორგანიზმიდან გამოსაყოფ ნივთიერებებს). მაგალითად, მნიშვნელოვანია ბიოგენური ელემენტი-ფოსფორი. ფოსფორი შედის ცილების მოლეკულების, ნუკლეინმჟავების და სხვა ნივთიერებების შემადგენლობაში, რომელთა გარეშე სიცოცხლე არ შეიძლება. ფოსფორის შემცველობა ცხოველის ორგანიზმში P2O5 გადაანგარიშებით აღწევს 1%. ფოსფორი და კალციუმი ერთად არის ძვლის ქსოვილის ძირითადი შემადგენელი ნაწილი. მათ აკისრიათ მნიშვნელოვანი როლი მიმოცვლის პროცესებში. ეს ორი ელემენტი შედის 65-70%. ორგანიზმის ყველა მინერალური ნივთიერებების შემადგენლობაში, ამიტომ ცხოველებს ნორმალური ზრდისა და განვითარებისათვის სჭირდებათ საკვები ფოსფატები. მათი დანამატი ძროხების საკვების რაციონში ზრდის წველადობას 5-10%. ფოსფორის დეფიციტის შესავსებად საკვები დანამატის სახით გამოიყენება აგრეთვე დინატრიუმფოსფატი, დიამონიუმფოსფატი და შარდოვანას ფოსფატი, უწყლო ფოსფატის პრეციპითატი. ფოსფორის სიჭარბე საკვებ რაციონში აძნელებს ცხოველების ორგანიზმში მაგნიუმის მარილების შეწოვას და ათვისებას. რაციონში ასევე მნიშვნელოვანია სხვა მინერალური ნივთიერებების როლი. ასე მაგალითად, რკინა, სპილენძი, მაგნიუმი, კობალტი და კალციუმი მონაწილეობენ ჰემოგლობინის სინთეზში, გოგირდი-ცილების სინთეზში, იოდი — ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის შემადგენელი ნაწილია, ქლორი შედის კუჭის წვენში არსებული მარილმჟავას შემადგენლობაში. მრავალ ცხოველს სჭირდება სუფრის მარილი, როგორც ნატრიუმისა და ქლორის წყარო. ცხოველთა საკვებ რაციონში, ამა თუ იმ მიკრო და მაკრო ელემენტების ნაკლებობა აფერხებს მათ ზრდა-განვითარებას, აუარესებს გამრავლების ფუნქციას და იწვევს სხვადასხვა დაავადებებს.
მერაბ ებანოიძე.
ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი
აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ #16