აგრარული განათლებარუბრიკებისტატიები

სოფლის მეურნეობა და მისი სამართლებრივი რეგულირება

სოფლის მეურნეობაში არსებული ურთიერთობები რეგულირდება საკანონმდებლო ორგანოების მიერ განსაზღვრული პოლიტიკის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი ნორმების დაწესების გზით. პოლიტიკა ხორციელდება უშუალოდ კომპეტენტური აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ, ხოლო საკანონმდებლო აქტების საფუძველზე და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად ხდება დარგის კონკრეტული საჭიროების დაწვრილებითი რეგულირება.

სოფლის მეურნეობის დარგის სახელმწიფო მართვასა და არსებული სამართლებრივი ურთიერთობების უშუალო რეგულირებას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. სამინისტრო არის სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანოს, საქართველოს მთავრობის შემადგენელ ნაწილს. სამინისტროს ჰყავს მინისტრი და მინისტრის მოადგილეები. სამინისტრო თავის ძირითად უფლებამოსილებებს ახორციელებს მოქმედი კანონებისა და დამტკიცებული დებულების შესაბამისად[1], სადაც დეტალურადაა განსაზღვრული მისი მიზნები, ამოცანები და ფუნქციები.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძირითადი ფუნქციაა სოფლის მეურნეობის დარგის მართვა, ძირითადი პოლიტიკის წარმართვა და მისი განხორციელების კონტროლი.

მიუხედავად იმისა, რომ დარგში პოლიტიკის განმახორციელებელი მთავარი ორგანო სოფლის მეურნეობის სამინიტროა, ზოგიერთ სფეროში იგი მოქმედებს სხვა სამთავრობო უწყებებთან (სხვა სამინისტროებთან) ერთად ან/და კოორდინირებულად. სამინისტრო თავის წინაშე დასახულ ფუნქციებსა და ამოცანებს ახორციელებს მისი სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით. სამინისტროს სისტემის შემადგენელი ნაწილია სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება [2] – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური. ასევე, სამინისტროს სისტემაში შედის სამი საჯარო სამართლის იურიდიული პირი[3], რომლებზეც, კანონმდებლობის შესაბამისად, კონტროლს ახორციელებს უშუალოდ სოფლის მეურნეობის სამინისტრო. სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულებში ფუნქციების უკეთ განხორციელების მიზნით, სამინისტროს აქვს ტერიტორიული ორგანოები და მოქმედებს უშუალოდ მათი მეშვეობით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონმდებლობით განსაზღვრულია სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის ფუნქციების გადანაწილება. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკის განსაზღვრასთან დაკავშირებული ფუნქციები რჩება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ექსკლუზიურ უფლებამოსილებებში, ხოლო ადგილობრივი ორგანოებისათვის ძირითადად რჩება ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების დარეგულირება.
მოქმედი კანონმდებლობიდან და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულებიდან გამომდინარე, დარგის რეგულირების თვალსაზრისით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძირითადი უფლებამოსილებებია:

• საერთაშორისო გამოცდილებისა და ეროვნული ტრადიციების გათვალისწინებით ქვეყანაში აგრარული რეფორმების განხორციელება;

• ქვეყანაში სოფლის მეურნეობის, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარება და ხელშეწყობა;

• აგროსასურსათო სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

• მწარმოებელთა და მომხმარებელთა ინტერესების ჰარმონიზაციის ხელშეწყობა;

• სოფლის მეურნეობის ბიოლოგიური აგროწარმოების შედეგად (ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები) მიღებული პროდუქციისა და მისი წარმოების ხელშეწყობა;

• ექსპორტ-იმპორტის რეგულირებისა და წახალისების ხელშეწყობა, შიდა და გარე ბაზრების მდგომარეობის ანალიზი;

• ექსტენციის სამუშაოების განხორციელება და ხელშეწყობა;

• სოფლის მეურნეობის სექტორის სტრატეგიის შემუშავება, სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებისა და სრულყოფის სამუშაოების უზრუნველყოფა;

• სექტორში საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა;

• მის კომპეტენციას მიკუთვნებული ლიცენზირების და ნებართვების გაცემა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება;

• ნიადაგის ნაყოფიერების პროგრამების შემუშავება და მონიტორინგი;

• სხვადასხვა მიზნობრივი და დახმარების პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

• პესტიციდების, აგროქიმიკატების, მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშების გამოცდის ორგანიზება და რეგისტრაცია; • ქვეყნის ტერიტორიის დაცვა სასოფლო-სამეურნეო კარანტინის ობიექტებისაგან;

• სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ზედამხედველობა და აღრიცხვა;

• მელიორაციის სფეროს კოორდინაცია;

• სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის, ფიტოსანიტარიის, მეცხოველეობისა და მემცენარეობის სფეროს კოორდინაცია;

• კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება.

ზემოაღნიშნულ უფლებამოსილებებს სამინისტრო ახორციელებს მისი ცენტრალური აპარატის, ტერიტორიული ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საშუალებით. სამინისტრო, როგორც წესი, მოქმედებს დამოუკიდებლად ან კანონით დადგენილი წესით, სხვა უწყებებთან ერთად ან/და მათთან კოორდინაციით.


[1] დებულება არის სამინისტროს საქმიანობისა და მისი კომპეტენციის განმსაზღვრელი ძირითადი დოკუმენტი, წესდება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ადგენს სამინისტროს სტრუქტურას, მის მიზნებს, ამოცანებს, ფუნქციებსა და საქმიანობის წესს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №26 დადგენილებით „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“.

[2] სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება არის გარკვეული ავტონომიური ფუნქციების მქონე სამინისტროს შემადგენობაში არსებული დაწესებულება, რომელსაც აქვს სპეციალური მმართველობითი ფუნქციები.

[3] საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საქმიანობას.

მამუკა მათიაშვილი, სამართლის დოქტორი.