თხის ყვავილი – საშიში დაავადება, რომელიც ყველა ფერმერმა უნდა იცოდეს
თხის ყვავილი მაღალკონტაგოზური (სწრაფად გავრცელებადი) ვირუსული დაავადებაა, რომელიც ნებისმიერი ასაკის თხას აზიანებს, თუმცა განსაკუთრებით მოწყვლადი ახალგაზრდა თიკნები არიან.
დროული კონტროლის გარეშე, ვირუსი ელვისებურად ვრცელდება მთელ არვეში (ფარა) და იწვევს დიდ ეკონომიკურ ზარალს.
რა იწვევს დაავადებას?
დაავადების გამომწვევია ვირუსი, რომელიც აზიანებს თხის კანს, სასუნთქ სისტემას და ზოგჯერ შინაგან ორგანოებსაც. დაავადება განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება გადატვირთულ ფერმებში, სადაც ჰიგიენური ნორმები დაცული არ არის.
გავრცელების გზები
- პირდაპირი კონტაქტი: დაინფიცირებულ ცხოველებთან შეხება;
- დაბინძურებული გარემო: სადგომი, საკვებურები და ქვეშსაგები;
- ტრანსპორტირება: ინფიცირებული ცხოველების გადაადგილება ფერმებს შორის;
- მწერები: მწბენელი ბუზები და კოღოები;
- ადამიანის ფაქტორი: მომსახურე პერსონალი, რომელიც ჰიგიენის დაუცველად ეხება ჯერ დაავადებულ, შემდეგ კი ჯანმრთელ ცხოველებს.
ძირითადი ნიშნები და სიმპტომები
ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ადრეულ ნიშნებს:
- მაღალი ტემპერატურა (ცხელება);
- მცირე ზომის წითელი ლაქები კანზე (სახეზე, ყურებზე, ტუჩებზე, ცურზე, კუდზე);
- ლაქების გარდაქმნა კვანძებად, მოგვიანებით კი — ქერქად;
- გამონადენი თვალებიდან და ცხვირიდან;
- ლიმფური კვანძების შეშუპება;
- მადის დაკარგვა და საერთო სისუსტე;
- სუნთქვის გაძნელება რთულ შემთხვევებში;
- რძის პროდუქტიულობის მკვეთრი შემცირება;
- თიკნებში — უკიდურესი სისუსტე და სიკვდილიანობა.
მაღალი რისკის ჯგუფები
განსაკუთრებული მეთვალყურეობა სჭირდებათ:
- თიკნებს;
- მაკე თხებს;
- არავაქცინირებულ ცხოველებს;
- სტრესის ქვეშ მყოფ თხებს (არასაკმარისი კვება, სივიწროვე).
მკურნალობა და მოვლა (სიმპტომური თერაპია)
ვირუსის პირდაპირი სამკურნალო პრეპარატი არ არსებობს, თუმცა დანაკარგების შემცირება შესაძლებელია შემდეგი გზებით:
- იზოლაცია: დაავადებული ცხოველის დაუყოვნებლივ განცალკევება;
- ანტიბიოტიკოთერაპია: ვეტერინარის მეთვალყურეობით, მეორადი ბაქტერიული ინფექციების პრევენციისთვის;
- ჭრილობების დამუშავება: ანტისეპტიკური საშუალებებით;
- ხარისხიანი კვება: რბილი და ნოყიერი საკვები;
- ჰიგიენა: სუფთა წყალი და მშრალი, თბილი სადგომი.
პრევენცია _ საუკეთესო დაცვა
- ვაქცინაცია: ჩაატარეთ გეგმიური აცრები;
- კარანტინი: ახალი ცხოველები ნახირს მხოლოდ 2-3 კვირიანი დაკვირვების შემდეგ შეუერთეთ;
- დეზინფექცია: რეგულარულად დაამუშავეთ სადგომები;
- მწერების კონტროლი: ებრძოლეთ ბუზებსა და კოღოებს;
- სიმჭიდროვის კონტროლი: მოერიდეთ ცხოველების გადატვირთულობას.
რჩევა ფერმერებს: დაიმახსოვრეთ, დაავადებული ცხოველის ადრეული იზოლაცია და მკაცრი ჰიგიენა საუკეთესო საშუალებაა მთელი ნახირის გადასარჩენად. თხის ყვავილი არა მხოლოდ ცხოველის ჯანმრთელობას, არამედ თქვენს ბიზნესსაც უქმნის საფრთხეს.
სტატიის მომზადებაში გამოყენებულია nilefeeds-ის მასალები

