„თუ ამოსწყდეს გლეხიკაცი, საქართველო დაძაბუნდა” _ როგორ ეხმარება „აგროცენტრი“ ძნელბედობის ჟამს ფერმერებს
კორონავირუსმა ქვეყანაში ვითარება გაართულა, სხვა დარგებთან ერთად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა სოფლის მეურნეობის სექტორი, განსაკუთრებით მებოსტნეობა, რადგან, მოგეხსენებათ, საადრეო კულტურები: მწვანე ხახვი, ახალი ნიორი, პრასი, სალათები, კიტრი, ისპანახი და სხვა სწორედ ამ პერიოდში შემოდის და აქტიურად იყიდება აგრარულ ბაზრებზე.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო მთავრობა იძულებული გახდა აგრარული ბაზრების მუშაობა დროებით შეეჩერებინა, ფერმერები, ვინც უკვე აწვდიდა ბაზარს პროდუქციას და ისინიც ვინც ემზადებოდა მოწეული პროდუქტის გასაყიდად, რთულ დღეში ჩავარდა. ძვირფასი პროდუქტი, რაც ასე სჭირდება ჩვენს მოსახლეობას, ბოსტნეული იმუნიტეტის გასაძლიერებლად საუკეთესო საშუალებაა, გადასაყრელი უხდება.
დღეს გლეხს, მცირე მეურნეს, ფერმერს, როგორც არასდროს, დახმარება და გვერდში დგომა სჭირდება. ეს მარტო ხელისუფლების კი არა, საქართველოს მთელი საზოგადოების საზრუნავია. „თუ ამოსწყდეს გლეხიკაცი, საქართველო დაძაბუნდა”, არჩილ მეფის ეს სიტყვები აქტულობას დღესაც არ კარგავს.
ტელეკომპანია „საფერავი”, ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“, ონლაინჟურნალი agronews.ge და კომპანია „აგროცენტრი” ცდილობენ, მხარში ამოუდგნენ ფერმერებს და შეძლებისდაგვარად დაეხმარონ.
კერძოდ, პროდუქტი, რომლის გატანა მეზობელ ქვეყნებში ექსპორტზეც შეიძლება, ჩვენს ფერმერებს დღეს საკმარისზე მეტია. სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების შედეგად წარმოქმნილი პრობლემების გამო, უკვე მოხერხდა საქმის ორგანიზება, პირველი ფერმერი, ვისი პროდუქტიც _ სალათის ფურცელი საექსპორტოდ მზადდება, სოფელ ძალისიდანაა.
კომპანია „აგროცენტრის“ სპეციალისტები მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად ფუთავენ და სპეციალურ ყუთებში ალაგებენ სალათის ფურცლებს, ყოველ შეფუთვაზე მომხმარებლისთვის სპეციალური შტრიხით დატანილია ინფორმაცია (ვიდეო და ტექსტური) პროდუქციის წარმომავლობის, ხარისხის და სარგებლიანობის შესახებ.
სალათის ფურცლის პირველი პარტია ამ დღეებში უკვე გავა საქართველოდან. მუშაობა გრძელდება, პროექტში ჩართვის მსურველი ფერმერების რიცხვიც იზრდება.
სიუჟეტი სრული იხილეთ ბმულზე