„ცეცხლმფრქვევი“ კულტივატორები
სოფლის მეურნეობაში, პრიორიტეტული კულტურების წარმოების დროს, ერთ-ერთ ნეგატიურ ღონისძიებად, შეიძლება ჩაითვალოს, ინტენსიურ ტექნოლოგიებში შხამქიმიკატებისა და გადაჭარბებული რაოდენობით მინერალური სასუქების გამოყენება.
ასეთი ოპერაციების ჩატარება, საბოლოო ჯამში უარყოფითად მოქმედებს მიღებული პროდუქციის ხარისხზე; პარალელურად ბინძურდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ნიადაგები, წყლები და ა.შ.
აღნიშნული მოვლენების აღმოფხვრის მიზნით, ორგანულ მიწათმოქმედებაში აკრძალულია შხამქიმიკატების და მინერალური სასუქების გამოყენება. შესაბამისად, მცენარეთა რიგთაშორისების დამუშავება და სარეველების ლიკვიდაცია ხდება ხელით ან მექანიკური მოწყობილობებით, სხვადასხვა სახის კულტივატორების გამოყენებით.
გასული საუკუნის დასაწყისში, მიწათმოქმედებაში პირველად იქნა გამოყენებული ნიადაგის დამუშავება ცხელი ორთქლით, რომელიც სპობდა სარეველებს, ავადმყოფობის გამომწვევ ბაქტერიებს და ა.შ. რაც შეეხება, სარეველებთან ბრძოლის საკმაოდ ეფექტურ მეთოდს, როგორიცაა „ცეცხლმფრქვევი“ კულტივატორებით ნიადაგის დამუშავება დაიწყო 20 საუკუნის 30-იანი წლებიდან, რომლებშიც ალის მისაღებად გამოიყენებოდა ბუნებრივი გაზი.
„ცეცხლმფრქვევი“ კულტივატორების სახით სასოფლო-სამეურნეო კულტურების მწარმოებლებმა, მიიღეს საკმაოდ უნიკალური ინსტრუმენტი,რომელიც აქტიურად იცავდა კულტურულ მცენარეებს სარეველებისგან. ღია ცეცხლის მოქმედების შედეგად, სარეველა მცენარეების უჯრედებში არსებული წყალი ცხელდება და არღვევს უჯრედებს შორის არსებულ ტიხრებს. მცენარე თითქოსდა დუღს, ამ დროს მცენარის ზრდის პროცესი ჩერდება და სარეველა იღუპება.
სარეველების ლიკვიდაციის აღნიშნული მეთოდი, თავის დროზე არ იქნა შეფასებული ობიექტურად. ვინაიდან, იმ პერიოდში მეცნიერების მიერ რეკომენდაცია მიეცა და წარმოებაში დაინერგა შხამქიმიკატების გამოყენება, რომელსაც უპირატესობას აძლევდნენ როგორც სარეველების გამანადგურებელ მარტივ საშუალებას. საბოლოოდ მემცენარეობაში დამკვიდრდა შხამქიმიკატების გამოყენების ტექნოლოგია.
დღეისათვის, მეცნიერთა უმრავლესობა აცხადებს შხამქიმიკატების გამოყენების მავნებლობის შესახებ. ისინი დარწმუნდნენ, რომ შხამქიმიკატების გამოყენება ყოველთვის არ არის ეფექტური. გარდა ამისა, შხამქიმიკატები აუარესებენ პროდუქციის ხარისხს, და აუნაზღაურებელ ზიანს აყენებენ გარემოს.
უკანასკნელ პერიოდში „ცეცხლმფრქვევი“ კულტივატორების გამოყენებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ნიადაგის თერმული დამუშავების მოწყობილობები გამოიყენება აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ჰოლანდიაში, შვეიცარიაში, დანიაში, გერმანიაში და სხვ.
ბოლო პერიოდში, უკრაინელმა სპეციალისტებმა მიაქციეს ყურადღება ასეთი ტიპის აგრეგატებს, მათ მიერ 2018 წელს აგროტექნიკის გამოფენაზე წარმოდგენილ იქნა უკრაინული წარმოების 12-რიგიანი „ცეცხლმფრქვევი“ კულტივატორი. მათი განცხადებით, წარმოდგენილი მანქანა 80%-მდე ამცირებს შხამქიმიკატებზე გაწეულ ხარჯებს. საწვავის ხარჯი ერთ ჰექტარზე, აღნიშნულ მოწყობილობაში 20-დან 60-ლიტრამე მერყეობს. ამასთან ერთად, მას შეუძლია მუშაობა ნებისმიერ ამინდში და ასრულებს, როგორც თესვიწინა, ასევე თესვის შემდგომ, სარეველების მოსპობის მიზნით, ნიადაგის დამუშავების ოპერაციებს. აღნიშნულ აგრეგატში გამოიყენება ბუნებრივი გაზი პროპან-ბუტანი, რომელიც გამოდის მფრქვევანებიდან მაღალი წნევით. ამ დროს ალის ტემპერატურა შეიძლება დარეგულირდეს 1100 C – დან 1800 -C-მდე. ღია ცეცხლი მოქმედებს სარეველა მცენარეებზე მყისიერად, წამის უმცირეს მონაკვეთში.ნიადაგის ტემპერატურა არ აღემატება 70 C, ხოლო პიროტექნიკური ნაკადის ზემოქმედება სარეველა მცენარეზე იწვევს უჯრედშორისს არსებულ სითხის ადუღებას და სარეველა იღუპება. ხოლო კულტურულ მცენარეს ექმნება ზრდა-განვითრების უკეთესი პირობები. აღნიშნული მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელია სიმინდის, სოიოს, ლობიოს და სხვა მცენარეთა ნათესებში.
სიმინდის ნათესებში „ცეცხლმფრქვევი“ კულტივატორის გამოყენება შედარებით უსაფრთხოა; ვინაიდან, სიმინდის ღეროში ზრდის წერტილი და უჯრედები უფრო მეტადაა დაცული, შესაბამისად მცენარეს არ ეშინია ღია ცეცხლის. სხვა მცენარეებთან კი მეტი სიფრთხილეა საჭირო.
კულტივატორში შესაძლებელია ალის სიმძლავრის რეგულირება, ცალკეული „მფრქვევანების“ და სექციების გამორთვა.
აგრეგატი შეიძლება აღვჭურვოთ ტემპერატურის და ალის მაკონტროლებელი გადამწოდებით. „ცეცხლმფრქვევი“ კულტივატორის გამოყენება, რეკონსტრუქციის შემდეგ შესაძლებელია ხეხილის ბაღშიც.
დასკვნა:
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა მეტი ყურადღება მიექცეს „ცეცხლმფრქვევი“ კულტივატორების გამოყენებას, რომლითაც შეიძლება შევასრულოთ შემდეგი სამუშაოები:
- ფართობის თესვისწინა დამუშავება, რომლის დროსაც ისპობა სარეველები, ავადმყოფობის გამომწვევი მიკროორგანიზმები და მავნებლები;
- მცენარის აღმოცენებამდე ნიადაგის დამუშავება, რომლის დროსაც ისპობა სარეველა მცენარეები.
- სიმინდის რიგთაშორისების დამუშავება.
„ცეცხლმფრქვევი“ კულტივატორების გამოყენების დროს, არავითარი ზიანი არ ადგება კულტურული მცენარის თესლს, ნიადაგს და სიმინდის მცენარეს.
ნუგზარ ებანოიძე,
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი,
აგროსაინჟინრო კვლევის სამსახური,
ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი