ვარდის გამრავლების მარტივი მეთოდები
ვარდის გამრავლების მეთოდებია: კალმით, კვირტით, მყნობით, ბუჩქის გაყოფით, გადაწვენით, ფესვების ამონაყარით. ძირითადად ვიყენებთ კალმით გამრავლებას, რომელიც ორ კვირაში ხდება.
- გაზაფხულის ბოლოს დაყვავილების შემდეგ „ზაფხულის კალმით“;
- ზამთრის კალმით, შემოდგომაზე კარგად შემოსული გამერქნებულ ერთწლიანი ყლორტებით.
საქართველო უხვადაა დაჯილდოებული ბუნებრივი სიმდიდრითა და სილამაზით. ჩანჩქერებით, მინერალური წყლებით, კურორტებით, შესანიშნავი ხეხილის ბაღებითა და ვენახებით, მრავალფეროვანი ტყეებით და სურნელოვანი ვარდ-ყვავილებით.
საქართველო ძველთაგანვე უდიდეს სანერგე ბაზას წარმოადგენდა, უძვირფასეს მცენარეთა ჯიშების გამოსაყვანად. აქედან გაჰქონდათ სხვა სახელმწიფოში მრავალი დეკორატიული და სამრეწველო მცენარის თესლი, ნერგი, მათ შორის ვარდიც.
ჩვენთან ვარდი გვხვდება დიდი რაოდენობით მთასა და ბარში. ბაღის ვარდი, რომელიც მსოფლიო კულტურაში რამდენიმე ათასი ჯიშით არის წარმოდგენილი, ასკილის გარდაქმნა-გაუმჯობესების შედეგად არის მიღებული.
საქართველოში ვარდის კულტურა დასაბამიდან: სიყვარულის, სილამაზის და გამარჯვების გამომხატველ საგნად იყო აღიარებული, რომელსაც მოწმობს არქეოლოგიური გათხრები.
ვარდი, როგორც დეკორაციული და სამრეწველო მნიშვნელობის მცენარე, დიდი ხანია იპყრობს მებაღე-სელექციონერების ყურადღებას. მსოფლიო ლიტერატურაში ფლორის არც ერთ წარმომადგენელზე იმდენი არ დაწერილა, რამდენიც ვარდზე. ეს იმით აიხსნება, რომ ვარდი ეკუთვნის იმ მცენარეთა უაღრესად სასარგებლო რიცხვს, რომელიც ადამიანის მრავალმხრივ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს.
ვარდის მნიშვნელობა პრაქტიკულ ცხოვრებაში დიდია. მისგან ამზადებენ სუნამოს, ღვინოს, წამლებს, ეთეროვან ზეთებს, ვიტამინებს, ძმარს, საღებავ ნივთიერებებს, მთრიმლავ ექსტრატებს, ჩაის სუროგატს და ა. შ.
დეკორატიულ მებაღეობაში გარეული ვარდი იხმარება, როგორც საუკეთესო საძირე მასალა, სასელექციო ცოცხალ ღობედ და აგრეთვე ეროზიის საწინააღმდეგო საშუალებად.
კულტურულ ვარდს ადამიანი მრავალნაირად იყენებს: ბაღ-პარკების, ქუჩების, ეზოების, აივნების, ღობეების, ხეივნების და ოთახების დასამშვენებლად.
დეკორატიული თვალთახედვით, თავისი ულამაზესი ფორმით, ფერითა და სურნელით ვარდს ბადალი არ ჰყავს.
მეცნიერებმა დაამტკიცა ასკილის ნაყოფში ბუნებრივი ვიტამინების დიდი რაოდენობის შემცველობა.
ვარდი ეკუთვნის ვარდისებრთა ოჯახს. კულტურულ მებაღეობაში ვარდის ასამდე სახეობა და რამდენიმე ათასი ჯიშია ცნობილი, რომლებიც ერთმანეთისგან როგორც ბუჩქის აღნაგობით ისე ყვავილის ფორმით, ფერით და სუნით განსხვავდებიან. ვარდის ზოგიერთი ჯიში განუწყვეტლივ ყვავის, იშვიათი სილამაზისაა და მრავალნაირი ფერის, ნაზი და სასიამოვნო არომატის მქონე ყვავილებით, რომლის გვირგვინის ფურცლები ეთერზეთებს შეიცავს.
ვარდის კულტურული ჯიშები მიღებულია სპარსეთის, ინდოეთის და სამხრეთ ევროპის ვარდის ჯიშებთან შეჯვარებით. საერთოდ ვარდის კულტურა ევროპაში აღმოსავლეთ ქვეყნებიდან გავრცელდა. ბოტანიკოს – სისტემატიკოსები ვარდს სამ ჯგუფად ყოფენ: ევროპული, ინდოეთის და ხვიარა ვარდი.
გავეცნოთ ჩვენში გავრცელებულ ზოგიერთ ვარდს
ჩაის ვარდი _ დეკორატიულ ვარდთა შორის ყველაზე პოპულარულია, იგი ჩინეთიდან ინდოეთში შემოიტანეს, ინდოეთიდან კი საქართველოში. არომატით ჩაის წააგავს და სახელწოდებაც აქედან მოდის.
ჩაის ვარდი უნაზესი ბუჩქია, რომელსაც ულამაზესი და მტევნისებური ყვავილები აქვს, თითოეულში 5-7 ყვავილია, ისინი ყვავილის გრძელ ყუნწზე არიან განლაგებული, აქვს საკმაოდ სქელი, ლამაზი გვირგვინის ფურცლები, სიცივეს სუსტად იტანს, მისგან მიიღება საუკეთესო ჰიბრიდი.
ყვითელი ვარდი _ არცთუ დიდი ხანია რაც გამოიყვანა საფრანგეთის გამოჩენილმა ჰიბრიდიზატორმა პერნე დიუშმა.
რემონტატული ვარდი _ სიცივეს შედარებით უკეთ იტანს, მაღალი ღერო და ბუთხუზა ყვავილები აქვს, კარგად ხარობს როგორც გრუნტში ისე ქოთნებში, ყვავილი უხვი იცის, გრუნტში ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე ყვავის.
ხვიარა ვარდი _ სიმაღლე რამდენიმე მეტრს აღწევს, მისი ყვავილი მრავალღეროვანი და მტევნისებურია. ხარობს კედლებზე, ხეზე, კლდეზე. იგი სამხრეთის მცენარეა, სიცივეს ვერ იტანს. ხვიარა ვარდი მიღებულია ჩაის ვარდის ჰიბრიდისგან.
დეკორატიული ვარდი _ (საპარკე) ვარდის ეს ბუჩქი სხვა ვარდებისგან განსხვავდება, როგორც ფორმით, ისე გამოყენებით.
მაისის ვარდი _ წარმოქმნილია ასფურცელა ვარდისაგან, მისი ფურცლებისგან ეთერზეთს იღებენ. მაისის ვარდის ლამაზი ვარდისფერი ყვავილები მდიდარია ნაზი და სასიამოვნო არომატით.
ვარდის გამრავლების მეთოდები: კალმით, კვირტით მყნობით, ბუჩქის გაყოფით, გადაწვენით და ფესვების ამონაყარით. თბილ ადგილებში, სადაც ნიადაგი არ იყინება, მას კალმით ამრავლებენ ღია გრუნტში. ხოლო ცივ ადგილებში _ სათბურებში. საკალმე მასალის აღების საუკეთესო დრო ვეგეტაციის დამთავრების პერიოდია (ფოთლების ჩამოცვენის შემდეგ) სექტემბრის მეორე ნახევარი ან ოქტომბერი.
ცდამ გვიჩვენა საკალმედ უკეთეს შედეგს იძლევა იმავე წელს მომწიფებული ნაზარდის გამოყენება. კალმის მორფოლოგიური ქვედა ნაწილი უშუალოდ კვირტის ქვეშ უნდა გადაიჭრას, ზედა კი კვირტის ზევით ერთ სანტიმეტრზე. კალმის დარგვა ჩვენს პირობებში შემოდგომით ხდება, იქ სადაც მოსალოდნელია დიდი ყინვები კალამი გაზაფხულზე უნდა დარგონ.
ვარდის კალმით გამრავლება შეიძლება ორ კვირაში:
- გაზაფხულის ბოლოს დაყვავილების შემდეგ, „ზაფხულის კალმით“.
- ზამთრის კალმებით, შემოდგომაზე კარგად შემოსული გამერქნებული ერთწლიანი ყლორტებით.
ივნისის ბოლოს იწყება ზაფხულის კალმით გამრავლება, ამ პერიოდში მერქანი იწყებს გამაგრებას. კალამი უნდა ავჭრათ 5-8 სმ სიგრძის, ყლორტის შუა ნაწილიდან 2-3 კვირტით. კალამი წვერში სწორად იჭრება, ქვემოთ კი ცერად კვირტის ძირში.
კალმებს ვაფესვიანებთ პატარა ქოთნებში, პოლიეთილენის პარკში ან ყუთში ღრმად არა.
საჭიროა მიწის შერჩევა 4:2:2
4 – კორდის მიწა;
2 – გადამწვარი ნაკელი;
2 – ზემოთ ეყრება 21 სმ-ზე სილა.
ტემპერატურა 10-18 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს, ოთახის პირობებში მოწყობილ სათბურში დღეში 2-3-ჯერ წყლით იპკურებოდეს.
დაფესვიანებული კალამი უნდა დარგონ მსუბუქ და წყალგამტარ ნიადაგში, ნიადაგი კარგად უნდა იყოს დამუშავებული 30სმ განოყიერებული გადამწვარი ნაკელით.
დაფესვიანებული კალამი იმავე წელს შემოდგომაზე ან მეორე წლის გაზაფხულზე მუდმივ ადგილზე უნდა გადავრგოთ.
_ შემოდგომაზე დაკალმებულ ვარდს გაზაფხულზე უკვე განვითარებული ექნება ფესვები, რომელთა გადარგვა ქოთნებში შეიძლება.
_ კალმით კარგად ფესვიანდება ხვიარა ვარდები.
კალმით გამრავლებული ვარდები კარგია ქოთნის კულტურისათვის. საკუთარფესვიანი ქოთნის ვარდი უფრო ადრე იწყებს ვეგეტაციას და ყვავილობას, ვიდრე ნამყენი, რაც მათ ბიოლოგიასთანაა დაკავშირებული.
ქეთევან ჩიკაშუა
აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის მეცნიერ-მუშაკი,
ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი