ვაშლისა და ვაზის კულტურებში პათოგენებისა და კლიმატური რისკების მართვის თანამედროვე მეთოდებზე სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ტრენინგი გაიმართა
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურების საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლებისთვის თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი თემაზე – „პათოგენებისა და კლიმატური რისკების მონიტორინგის პროგრესული მეთოდები, მათი ინტეგრირებული მართვის მიდგომები ვაშლისა და ვაზის კულტურებში“ ჩატარდა.
ტრენინგზე განხილული იყო თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც ხელს უწყობს მრავალწლოვანი კულტურების მცენარეთა დაცვის პროცესის ეფექტიანობასა და გარემოზე ნაკლებ ზემოქმედებას.
სწავლებას სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები, მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის სამსახურის უფროსი ზურაბ ხიდეშელი და მეხილეობის კვლევის სამსახურის უფროსი ზვიად ბობიქაშვილი უძღვებოდნენ.
ტრენინგის პრაქტიკული ნაწილი მოიცავდა საველე გასვლას, სადაც მონაწილეები უშუალოდ გაეცნენ ფერომონული მახეების გამოყენების ხერხებს და წესებს, აგრეთვე შეისწავლეს, როგორ შეიძლება აგროკლიმატური მონაცემების ინტერპრეტაცია და გამოყენება პრაქტიკაში.
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან და უზრუნველყოფს ცოდნის გავრცელებას უახლესი მეცნიერული მიღწევებისა და კვლევების საფუძველზე.