დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ვაზის ვირუსული დაავადებების კონტროლი საქართველოში

თანამედროვე მევენახეობისა და მეღვინეობის წინსვლა-განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას ვაზის სელექციურად ერთგვაროვანი და ფიტოსანიტარულად ჯანსაღი (უვირუსო) ნამყენი ნერგის წარმოება განსაზღვრავს. ევროპული სასერტიფიკაციო სისტემებით და მცენარეთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (EPPO) სტანდარტებით განსაზღვრულია ვაზის ვირუსული დაავადებების საკმაოდ ფართო სპექტრი, რომელთა მონიტორინგიც აუცილებელია ყველა თანამედროვე სანერგე მეურნეობისათვის.

მსოფლიოს ყველა წამყვან აგრარულ ქვეყანაში ვაზის ჯანსაღი, სერტიფიცირებული სარგავი მასალის წარმოებას უდიდესი ყურადღება ექცევა. თანამედროვე სანერგეებსა და სამეცნიერო ლაბორატორიებში იხარჯება უამრავი მატერიალური და ადამიანური რესურსი ხარისხიანი პროდუქციის შესაქმნელად. ხარისხიანი,  ჯანსაღი და სერტიფიცირებული ნერგი ერთმნიშვნელოვნად ასოცირდება უვირუსო მასალასთან, რადგან მცენარეთა ვირუსული დაავადებები, თავისი სპეციფიკის გამო, წარმოადგენენ იმ უდიდეს რისკ-ფაქტორს, რომლის გათვალისწინების და პრევენციის გარეშე შეუძლებელია კონკურენტუნარიანი პროდუქციის მიღება.საქართველოში ვაზის მცენარეზე სხვადასხვა სახის ვირუსული დაავადებაა გავრცელებული. მათგან რამოდენიმე განსაკუთრებული მავნეობით ხასიათდება. ყველაზე მეტად გავრცელებულია ვაზის ვირუსული ლაქიანობა, რომლის გამომწვევია ვაზის ლაქიანობის ვირუსი (Grapevine Fleck Virus-GFkV). ძარღვებზე ვითარდება ლოკალური ლაქები, ზრდასრულ ფოთლებზე მოზაიკური სიმპტომები ვლინდება, ფოთლები იჭმუჭნება და ქვევით ეხვევა. მაღალი ტემპერატურისას სიმპტომები ინიღბება. სპეციალისტებისათვის ცნობილია ფოთლის მარაოსებრი გადაგვარება, იგივე მუხლთშორისების დამოკლება.მისი გამომწვევია ვაზის მუხლთშორისების დამოკლების ვირუსი – (Grapevine  Fanleaf Virus-GFLV).

დაავადებულ მცენარეზე ვითარდება დეფორმირებული, მარაოსებრი ფოთლები, ყვითელი და ქლოროზული ლაქები, ფოთლებზე ჩნდება მოზაიკური არშიები, ძარღვებზე – რგოლები. მმცენარეზე ვითარდება მცირე ზომის და რაოდენობის ნაყოფები. ვირუსი ნემატოდების საშუალებით გადაეცემა. თითქმის ყველა რეგიონში გვხვდება ვაზის ფოთლების დახვევა, რომლის გამომწვევებიდან ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულია ვაზის ფოთლების დახვევის ვირუსი-1 (Grapevine Leaf Roll Virus-1, GLRV-1) და ვაზის ფოთლების დახვევის ვირუსი-3  (Grapevine Leaf Roll Virus-3,GLRV-3). საქართველოში გავრცელებულია აგრეთვევაზის ძარღვების სიყვითლის (გამომწვევი – Tomato Ringspot Virus ToRSV), არაბისის მოზაიკის ვირუსის (Arabis Mosaic Virus – ArMV) და ვაზის A ვირუსის (Grapevine  Virus A – GVA) მსგავსი სიმპტომები, თუმცა მათი ლაბორატორიული იდენტიფიცირება არ მომხდარა.

სამწუხაროდ, ჩვენთან ვაზის და საზოგადოდ, მცენარეთა ვირუსულ დაავადებებს არანაირი ყურადღება არ ექცევა. მევენახეთა მთელი ძალისხმევა მცენარეთა დაცვის კუთხით ძირითადად ჭრაქის, ნაცრის, ასევე სხვადასხვა სიდამპლეების მიმართ ბრძოლის ღონისძიებებისაკენაა მიმართული. ვირუსული დაავადებები უმეტეს შემთხვევაში იგნორირებულია, თუმცა ეს გამოწვეულია დაავადების სიმპტომატიკისდა გავრცელების გზების ცოდნის დეფიციტით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გარემოს არასასურველი ზემოქმედებით გამოწვეული არაინფექციური დაავადებები,  ასევე კვების რეჟიმის დარღვევით გამოწვეული ფუნქციური ქლოროზი ვირუსული ინფექციების მსგავსი სიმპტომებით ხასიათდებიან. ააქედან ცხადი ხდებამათი გამორჩევის მიზნით ვირუსული დაავადებების ცოდნისა და კონტროლის აქტუალობა.

ვაზის, როგორც ვეგეტატიურად გამრავლებადი კულტურისათვის,  ვირუსებით დასენიანებული მცენარე ინფექციის უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს. ინფიცირებული სამყნობი დასარგავი მასალის გამოყენება ხელს უწყობს დაავადების გავრცელებას. ძლიერი დასენიანების დროს ვირუსებით მიყენებული ზიანი ძალზედ მნიშვნელოვანია. დასენიანებული მცენარეების ნაყოფებში  იცვლება მთელი რიგი ბიოქიმიური მაჩვენებლები, კერძოდ, პექტინის, რედუცირებული შაქრების შემცველობა, მატულობს მჟავიანობა. აამდენად, მნიშვნელოვნად იკლებს დასენიანებული მცენარიდან მიღებული ყურძნით ნაწარმოები ღვინის ხარისხი.

ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნულ ცენტრში (მცხეთა, ჯიღაურა) 2009 წლიდან ფუნქციონირებს ვირუსოლოგიის ლაბორატორია, სადაც მიმდინარეობს ვაზისა და ხეხილის ვირუსული დაავადებების იდენტიფიკაცია და კვლევა. კვლევების საფუძველზეხდება ვირუსული ინფექციის შემცველი მცენარეების გამორჩევა და უვირუსო, ჯანსაღი მცენარეებისსადედეების შექმნა მათი შემდგომი გამრავლების მიზნით.ლაბორატორია აღჭურვილია დიაგნოსტიკური კვლევებისათვის საჭირო თანამედროვე (BioTek, BioReba, Avareness Technology, Socorex და სხვა) სამეცნიერო აპარატურით და ლაბორატორიული რესურსით.

ვაზის ვირუსული და ფიტოპლაზმური დაავადებების იდენტიფიკაცია მიმდინარეობს სეროლოგიური დიაგნოსტიკის იმუნოფერმენტული ანალიზის – (Enzyme-Lynked ImmunoSorbent Assay “ELISA) ორმაგი და სამმაგი დაშრევების მეთოდით (ELISA -სენდვიჩ მეთოდი).კვლევა ასევე წარმოებსსაველე ექსპრეს-მეთოდით – AgriStrip Assay, რომელიც წარმოადგენს ერთსაფეხურიანი სწრაფი სეროლოგიური ანალიზის მეთოდს. ვირუსული დაავადებების საიდენტიფიკაციოდ გამოყენებულია კომპანია SEDIAG -ის (საფრანგეთი) და BioReba-ს (შვეიცარია)  ვირუსული დიაგნოსტიკუმები. იმუნოფერმენტული ანალიზის შედეგების დაფიქსირება  ხდება ELISA -რიდერზე (სპექტროფოტომეტრზე)  BioTek-ELx800.

ვაზის ვირუსული დაავადებების კვლევის წინასწარი შედეგები:

ძირითადი გამოკვლევები ჩატარდა ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის ბაზაზე 2010-2013 წლებში, მარშრუტული გამოკვლევები მიმდინარეობდა მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის ინსტიტუტის საცდელ სადგურებში საქართველოს რეგიონში: კახეთში (თელავი), ქართლში (გორი), იმერეთში (ზესტაფონი). კვლევები ფინანსირდებოდასაერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” პროექტის ფარგლებში.

ლაბორატორიული კვლევები ჩატარდა ცენტრის ვირუსოლოგიის (იმუნოფერმენტული ანალიზის) ლაბორატორიაში. ვირუსული დაავადებების შემცველობაზე შემოწმებულ იქნა შემდეგი 24 ჯიში:

 რქაწითელი; რქაწითელი ვარდისფერი; მწვანე კახური; ქისი; ხიხვი; საფერავი; საფერავი ბუდეშურისებრი; გორული მწვანე; ჩინური; სუფრის გორულა; ქართლის თითა; თავკვერი; შავკაპიტო; ცოლიკოური; ციცქა; კრახუნა; ოცხანური საფერე; მგალობლიშვილი; ძელშავი; ალექსანდროული; მუჯურეთული; უსახელაური; ოჯალეში; წულუკიძის თეთრა

 

ზემოთჩამოთვლილი ვირუსული დაავადებებიდან გამოვლინდა 4 ვირუსული ინფექცია, გავრცელების ინტენსივობის მიხედვით ეს ვირუსებია:

  1. ვაზის ლაქიანობის ვირუსი – Grapevine Fleck Virus (GFkV);
  2. ვაზის ფოთლების დახვევის ვირუსი-1 – Grapevine Leaf Roll Virus-1 (GLRV-1);
  3. ვაზის მუხლთშორისების დამოკლების ვირუსი – Grapevine Fanleaf Virus (GFLV);
  4. ვაზის ფოთლების დახვევის ვირუსი-3 – Grapevine Leaf Roll Virus-3 (GLRV-3).

ვირუსული დაავადებების მიმართ შედარებით მიმღებიანი აღმოჩნდნენ: ჻ქისი, თავკვერი, მგალობლიშვილი, კრახუნა, უსახელოური.ვირუსული დაავადებების მიმართ შედარებით გამძლენი აღმოჩნდნენ: რქაწითელი, საფერავი, გორული მწვანე, სუფრის გორულა, ციცქა. რქაწითელისა და საფერავის ვირუსული დაავადებების მიმართ მიმღებიანობის შესახებ მსჯელობისათვის საჭიროა უფრო მასშტაბური გამოკვლევების ჩატარება.უცხოური ჯიშების სადედეებიდანვირუსული ინფექციების შემცველობაზე შემოწმებულ იქნა საეჭვო ვიზუალური სიმპტომების მქონე მცენარეები. ჯიშებზედონ მარიანო და საადრეო ბურგუნდერი გამოვლენილ იქნა ფოთლების დახვევის ვირუსი-1. ჯიშებზე დუნკენ ფელდერი დასულთანინიიდენტიფიცირებულ იქნა ვაზის ლაქიანობის ვირუსი.

კახეთში, თელავის საცდელ სადგურში კახურ მწვანეზე გამოვლინდა ფოთლების დახვევის ვირუსი-1, ჯიშზე ქისი -ფოთლების დახვევის ვირუსი-1 და  მუხლთშორისების დამოკლების ვირუსი.ეს ვირუსული დაავადებები აღინიშნა ასევე ქართლში, სკრის საცდელ სადგურში ჯიშზეჩინური. იმერეთში, ზესტაფონის (ვაჭევის) საცდელ სადგურშიციცქაზე, ცოლიკოურზე და კრახუნაზე დაფიქსირდა ფოთლების დახვევის ვირუსი-1, ფოთლების დახვევის ვირუსი-3 და მუხლთშორისების დამოკლების ვირუსი.

უკანასკნელ წლებში საქართველოს ახალშენ ვენახებში წითელყურძნიანი ვაზის ჯიშებზე დაფიქსირებულია ევროპაში ფართოდ გავრცელებული ფიტოპლაზმური ეთიოლოგიის დაავადების – Flavescence Doree Phytoplasma (FD) –ის დამახასიათებელი სიმპტომები: ფოთლის ნაადრევი სიწითლე,  მუხლთშორისების დამოკლება, ფოთლის კიდეების დახვევა, ნეკროზი, წვრილმარცვლიანობა, ფოთლის სეგმენტური ლაქიანობა.  ცენტრის სამეცნიერო პერსონალის მიერ ფრანგული კომპანია SEDIAG -ის სპეციფიკური FD დიაგნოსტიკუმის გამოყენებით მიმდინარეობს ინტენსიური კვლევა, თუმცა ჯერჯერობით დაავადება იდენტიფიცირებული არ არის.

ცენტრის სპეციალისტების მიერ ვაზისა და ხეხილის ნარგაობების მაღალი ფიტოსანიტარული ფონის შესანარჩუნებლად ტარდება თანამედროვე ტექნოლოგიებით გათვალისწინებული მთელი რიგი ღონისძიებები. აამ მხრივ საქართველოსთვის ნოვაციას წარმოადგენს ვაზის ნამყენი ნერგების მასიური თერმოთერაპიული დამუშავება ვირუსული და ფიტოპლაზმური დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით.

ამრიგად, ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნულ ცენტრში შექმნილია ვირუსული დაავადებების კონტროლის ეფექტური მოდელი, მიღებულია თვალსაჩინო შედეგები  უვირუსო სადედე მცენარეების ბანკისშექმნისა და სერტიფიცირებული სარგავი მასალის წარმოების საქმეში; არსებობს ყველანაირი წინაპირობა იმისა, რომმიღებული გამოცდილება გავრცელდეს ქვეყნის მასშტაბით,ხელი შეეწყოს საერთაშორისო კლასის სამრეწველო და საკოლექციო ვენახების გაშენებას; ჯანსაღი, სერტიფიცირებული სარგავი მასალით დაკმაყოფილდეს ადგილობრივიმოთხოვნები და გატანილ იქნას საერთაშორისო ბაზარზე.

ლევან უჯმაჯურიძე,

სმმ მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი;

ზურაბ ხიდეშელი,

ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი