ზოგი ჭირი მარგებელია _ ეპიდემიამ ხალხს აჩვენა, რომ მთავარი ეკოლოგიურად სუფთა საკვებია

 დღეს ჩვენი სტუმარი ექიმი და მწერალი ლელა გაბურია, რომელმაც ქალაქურ ცხოვრებაზე უარი თქვა და რამდენიმე წლის წინ თბილისიდან  მშობლიურ კუთხეში – ხევსურეთში დაბრუნდა საცხოვრებლად.

ამჟამად სოფელ ბარისახოში ცხოვრობს. თავდაპირველად, ადგილობრივი სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი გახლდათ, ახლა ძირითადად ტურისტული ბიზნესით არის დაკავებული და წარმატებით ამუშავებს საოჯახო სასტუმროს: ,,ლულუ“. ასევე, გახლავთ ორგანიზაცია „ხევსური ქალები ჯანსაღი მომავლისათვის” თავმჯდომარე, რომელიც მთაში დარჩენილ  მოსახლეობაზე ზრუნვას და ხელშეწყობას ემსახურება.

ლელა გაბური
ლელა გაბური

– ლელა თქვენ ხართ თავმჯდომარე ორგანიზაციის  „ხევსური ქალები ჯანსაღი მომავლისათვის”. რა გვეტყვით ორგანიზაციის შესახებ, როდის დაარსდა და რა არის მისი მიზანი?

– ჩვენი ორგანიზაცია 2016 წელს დავაფუძნეთ. მასში გაერთიანებული არიან როგორც მთაში, ისე ბარის რეგიონებში მცხოვრები, სხვადასხვა ასაკის ხევსური ქალბატონები. სულ მალე ახალი ოფისი დაგვემატება სოფელ შატილში, რომელსაც ბარიდან მთაში დაბრუნებული ახალგაზრდა მხტვარი – მარგარეტ დაიაური უხელმძღვანელებს. ორგანიზაციის მიზანი არის მთაში დარჩენილ  მოსახლეობაზე, მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა, ახალგაზრდების არაფორმალური განათლება, მათი ადგილზე დასაქმების ხელშეწყობა და მიგრაციის შეჩერება, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვა, სახელმწიფოს, სამოქალაქო   და კერძო სექტორების მიერ ინიცირებული სხვადასხვა პროექტების მხარდაჭერა – სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვისა,  ტურიზმისა და გარემოსდაცვითი  მიმართულებებით და სხვა.

ააიპ ,,ხევსური ქალები ჯანსაღი მომავლისთვის გამგეობის წევრები
ააიპ ,,ხევსური ქალები ჯანსაღი მომავლისთვის” გამგეობის წევრები

– დღემდე რა სახის პროექტები გაქვთ განხორციელებული და რა მოუტანა ამან თემს?

– სამი წელი არც ისე დიდი დროა, მაგრამ ბევრი საინტერესო და სასარგებლო პროექტის განხორციელება შევძელით. სისტემატიურად ვმონაწილეობთ საგრანტო კონკურსებში. ერთერთი გრანტით გავარემონტეთ ძველი შენობა და  დავაფუძნეთ პირველი საჯარო სივრცე არაფორმალური განათლებისათვის – ,,ბარისახოს ახალგაზრდული ცენტრი“. სხვადასხვა საქველმოქმედო აქციების ფარგლებში ეკონომიურად ვეხმარებით  სოციალურად დაუცველ ოჯახებს და მარტოხელა პენსიონერებს ( ეს დახმარება მოიცავს საკვებ პროდუქტებს,მედიკამენტებს, ფულად შემწეობას და ა.შ.) ხევსურეთში მცხოვრები ახალგაზრდებისა და ბავშვებისათვის განვახორციელეთ არაერთი კულტურული აქტივობა და ტრენინგი. ჯერჯერობით,  თემში ჩვენი მუშაობის  შედეგი არც ისე მკაფიო და ხელშესახებია, მაგრამ ვფიქრობ, დროთა განმავლობაში სასიკეთო ცვლილებები უფრო საგრძნობი გახდება.

ხევსური ქალები
ხევსური ქალები

– სულ ახლახან დაანონსეთ, რომ გეგმავთ  ახალგაზრდული, მოხალისეობრივი კამპანიის წამოწყებას. რას ითვალისწინებს ეს კამპანია?

– სულ ცოტა ხანში მთაში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის (ხვნა-თესვის) სეზონი დაიწყება.  დიდი ეკონომიკური განათლება არ ჭირდება იმის მიხვედრას, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში რთული წელი გვექნება. მით უმეტეს მთაში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ასაკოვანი ადამიანები არიან, რომელთა  ერთადერთი შემოსავალი ხშირად პენსია და სოციალური დახმარებაა! აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ მიმდინარე წლის გაზაფხულზე მთელი ჩვენი ინტელექტუალური და ფიზიკური რესურსი მივმართოთ სოფლის მეურნეობისაკენ, დავეხმაროთ მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად მეტი მიწა დაამუშავონ. ამ მიზნით, ვფიქრობთ, როგორც კი საგანგებო მდგომარეობა დასრულდება დავიწყოთ ახალგაზრდული მოხალისეობრივი კამპანია და იმათ, ვისაც აქვთ მიწა და სურვილი მისი დამუშავების და არ აქვთ ამისათვის საჭირო მატერიალური, ან ფიზიკური სახსრები გვერდში დავუდგეთ. ვაპირებ ამ აქტივობაში ბარში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართვას, ისინი ამ საქმიანობის დროს ჩემს საოჯახო სასტუმროში უსასყიდლოდ განთავსდებიან, ხოლო მათ კვებით უზრუნველყოფაში თემიც მიიღებს მონაწილეობას. მაგრამ მთავარი დაბრკოლება ისევ კორონავირუსი და მასთან დაკავშირებული პრობლემებია. თუ აპრილის ბოლომდე სიტუაცია არ დასტაბილურდა და შეზღუდვები არ მოიხსნა, ბუნებრივია, ამ ინიციატივას განხორციელება არ უწერია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები…

– კორონავირუსის გავრცელებამ პრობლემები შექმნა ქვეყანაში. მაღალმთიან რეგიონებში რა ცვლილებები იგრძნობა?

– ყველანი იმ სამედიცინო და იურიდიული რეგულაციების შესაბამისად ვცხოვრობთ, რასაც სახელმწიფო იძლევა. თბილისამდე შეწყვეტილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. მოსახლეობა  უმეტესად სახლებშია ჩაკეტილი. კარგი ის არის, რომ მთაში  შიში და პანიკა ნაკლებია, ვიდრე სხვა რეგიონებში. ხევსურეთის ისტორიას ახსოვს მსგავსი გამოწვევები, ასე, რომ ფსიქოლოგიურად მხნედ ვართ. ყველაზე მთავარი, რაც გვაწუხებს   არის ის, რომ ხევსურეთი ტურისტული რეგიონია და ამ მხრივ, მიმდინარე ზაფხულს სრული კოლაფსი გველოდება. თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ ვიზიტორები საქართველოდან მაინც გვეყოლება.

ლელა გაბური და ბავშვები ბარისახოდან
ლელა გაბურის პირადი არქივი
ლელა გაბური და ბავშვები ბარისახოდან

– სასოფლო სამეურნეო სამუშაოები ხომ არ შეფერხებულა? არსებობს მიზეზები, რის გამოც მიწის დამუშავებას ვერ ახერხებენ?

– გაზაფხული ჩვენთან ჯერ არ დაწყებულა…  ისევ თოვლი და ჭყაპია, ღამით კი -ყინვები.  ამიტომ, ჯერ ვერც იმაზე ვისაუბრებთ, რა შეფერხდა და რა არა. სავარაუდოდ, პრობლემები იქნება. ჯერ კიდევ წინა წლებში, როცა კორონავირუსი არ არსებობდა და არანაირი კომუნიკაცია არ იყო შეზღუდული, საკმაოდ ბევრი მიწა გვრჩებოდა დაუმუშავებელი. ზოგს მატერიალური სახსრები არ ყოფნის, ზოგს მუშახელი არ ყავს და ა.შ. წელს ალბათ უარესი იქნება. ამიტომ, გვინდა, რომ წინასწარ ვიფიქროთ ყველაფერზე და თემის ერთიანობითა და აქტიურობით მაქსიმალურად მეტი შევძლოთ.

ლელა გაბური
– როგორ ფიქრობთ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე, მოსახლეობა სოფელს დაუბრუნდება? ახლა რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა მიწათმოქმედებას უფრო აქტიურად მიჰყოს ხელი?

– რა თქმა უნდა, დაუბრუნდება! ეს ის მომენტია, როცა შეგვიძლია ვთქვათ „ზოგი ჭირი მარგებელიაო“. ამ ეპიდემიამ ხალხს აჩვენა, რომ მთავარი საზრუნავი ეკოლოგიურად სუფთა საკვებია, რომელიც მიწის დამუშავების და ეკონომიკური დამოუკიდებლობის გარეშე არავის ექნება!

ავტორი: მარი ნებიერიძე

ფოტოები: ლელა გაბურის 

წყარო: sputnik-georgia.com