აგროსიახლეები

2023 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 455 მილიონი აშშ დოლარის ღვინო და სპირტიანი სასმელები

გატარებული მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად, ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები 2023 წელს კვლავ გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
გასულ წელს, ჯამურად, ექსპორტირებულია 455 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო და სპირტიანი სასმელები, რაც 16%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია 260.0 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ პირველად პანდემიის შემდეგ, 2023 წელს ღვინის საექსპორტო ფასის ზრდა დაფიქსირდა; დაახლოებით 40 ცენტით, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სექტორისთვის”,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა 2023 წლის ყურძნის რთველზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსავალი, 2022 წელთან შედარებით, მცირე იყო, რაც გამოიწვია რთულმა კლიმატურმა პირობებმა. უხვი ნალექის და შემდგომ ძლიერი სეტყვის შედეგად მოსავლის რაოდენობა შემცირდა.

2023 წლის რთველი ორგანიზებულად ჩატარდა და მოსავალი სრულად დაბინავდა. ქვეყნის მასშტაბით გადამუშავდა 220 ათას ტონამდე ყურძენი, რომლის რეალიზაციიდან ფერმერებმა 300 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღეს. 2023 წლის რთველი გამოირჩეოდა კერძო სექტორის მაღალი ჩართულობით.

კახეთის რეგიონში სახელმწიფო საწარმოს მიერ გადამუშავდა მოსავლის მხოლოდ 10%, რაჭის შემთხვევაში – 4%, რაც ბოლო წლების საუკეთესო მაჩვენებელია. როგორც მინისტრმა განაცხადა, სახელმწიფომ მყისიერად მოახდინა 2023 წლის სექტემბერში რამდენჯერმე მოსული ძლიერი სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავება. მევენახე ფერმერებმა დაზიანებული ყურძნის რეალიზაციიდან 18 მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღეს.