აგროსიახლეები

21 მარტი ტყის საერთაშორისო და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა

ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ქუთაისში, წმ. ნინოს სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე  დარგვის აქციაც მოეწყო. მოსწავლეებმა ტყის მნიშვნელობის, მისი დაცვა-აღდგენის შესახებ ინფორმაცია მიიღეს და, სიმბოლურად, 21 ძირი წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ნერგი დარგეს. დარგვის აქციას დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები, ქუთაისის დღის ცენტრის  – „ჯადოსნური სამყარო“ ბენეფიციარები შეუერთდნენ.

ბარნაბიშვილი ტყე

„საზოგადოების ჩართულობა და პროცესის გამჭვირვალობა ტყის მდგრადი მართვის ერთ-ერთი წინაპირობაა; განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდების დაინტერესებას და მათ აქტიურობას.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პროფესიული განათლების ხელშეწყობა და დარგში ახალგაზრდა კადრის მოზიდვა ეროვნული სატყეო სააგენტოს ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. იმედი გვაქვს, რომ სულ უფრო მეტი დაინტერესება იქნება როგორც ამ პროფესიით, ისე, ტყის ეკოსისტემის მოვლით და შენარჩუნებით“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ტყის საერთაშორისო დღის აღნიშვნის კამპანიის ფარგლებში, ქ.თბილისის N191-ე სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ეკატერინე ბენდელიანმა ტყის რესურსებისა და გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს ტყის მართვის სისტემისა და ტყის ბიომრავალფეროვნების შესახებ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს მეტყევის საქმიანობა, ტყის ინვენტარიზაციის ტექნიკური პროცესები და მეთოდოლოგიაც გააცნეს, ტყის საერთაშორისო დღე 2012 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით აღინიშნება.

ტყის მცველები ტყის მცველები

აღნიშნული დღე მიზნად ისახავს ტყეების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. მიმდინარე წელს ტყის საერთაშორისო დღის თემაა „ტყეები და ინოვაციები – ახალი გადაწყვეტილებები უკეთესი სამყაროსათვის“.

21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1971 წელს აღიარა. ამ დღის აღნიშვნის მიზანი ტყის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.