დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ქართული ვაზის ჯიშები სოფლებისა და ქალაქების დასახელებებით

გვინდა მცირედი ცნობები მოგაწოდოთ იმ ქართულ ვაზის ჯიშებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ამა თუ იმ სოფლებისა და ქალაქების სახელებს ატარებს.
 ქართულ ვაზის ჯიშთა ჩამონათვალში ასეთი ბევრია. ჩვენი მიზანია, პოპულარიზაცია გავუწიოთ ამ ჯიშებს, რადგან შემდგომად მოხდეს მათი გამრავლება. მართლაც და რა უნდა იყოს იმაზე კარგი, როდესაც რომელიმე ვაზის ჯიში ატარებს ჩვენივე სოფლისა თუ ქალაქის სახელს?

ქართული ვაზის ჯიშიბი სახელდებულია ასევე რეგიონების სახელებითაც, თუმცა, მათ ამ ჯერზე არ შევეხებით. 

ჩვენი ვაზის ჯიშები ამ მხრივ მართლაც მრავალფეროვნებითაა გამორჩეული, რადგან მათი სახელდებები უკავშირდება არა მხოლოდ ადგილებს, არამედ ადამიანის გვარ-სახელებს, ცალკეულ უბნებს, ყურძნის დანიშნულებას, მტევნისა თუ მარცვლის ფორმასა და შეფერილობას, სიმწიფის პერიოდსა და სხვ. 

სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ ვაზის ჯიშთა საბოლოო იდენტიფიკაცია ამ ეტაპამდე ვერ მომხდარა, თუმცა ამას არაერთი მიზეზიც აქვს, რომელ თემასაც არ ვეხებით. რიგ შემთხვევებში ესა თუ ის ვაზის ჯიში ზოგიერთ ადგილას ცნობილია სინონიმითაც, რაც მეორე მხრივ უკავშირდება ან არც უკავშირდება სოფელსა თუ ქალაქის სახელს. მაგალითად კორტნულას სინონიმია სეურა. ადგილობრივ მოსახლეობაში ვაზის ჯიში სწორედ სინონიმით, ანუ „სეურას“ სახელითაა ცნობილი. სევა ზემორაჭის სოფელია და ჯიშის სახელიც აქედან უნდა მოდიოდეს. ასევეა, მაგალითად უსახელოურიც, რომლის სინონიმია ოყურეშული; ჭყაპას სინონიმია მუხრანული, მეჯვრისხევის საფერავის სინონიმი – ხომასურიანთ საფერავი და ასე შედმეგ.

ამის გამო, როგორც აღინიშნა ქართული ვაზის ჯშები, რომლებიც ამგვარ სახელებს ატარებს ბოლომდე არცაა გამოკვლეული. უკანასკნელ პერიოდში ვაზის გაშენებითა და ოჯახური მეღვინეობით ბერვი ადამიანი ინტერესდება, რაც თავის მხრივ მისასამებელია, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც, მაგალითად კახეთისა თუ იმერეთის ისეთ სოფლებში, რომელთა სახელებით სახელდებულია უნიკალური ქართული ვაზის ჯიშები, მოსახლეობის ნაწილი ინფორმაციის არქონის გამო რქაწითელს, ცოლიკოურსა და სხვა ჯიშებს აშენებენ. მეორე მხრივ ეს ჯიშებიც უნიკალურია თავისი შინაარსით, მაგრამ როდესაც არსებობს ჯიში „იყალთოს წითელი“, ამ სოფლის მოსახლეობა რატომ უნდა აშენებდეს პირველ რიგში სხვა ჯიშებს? ასევეა იმერეთისა თუ დანარჩენი საქართველოს სოფლებსა და ქალაქებშიც.

ამჯერად გვინდა შემოგთავაზოთ სწორედ ამგვარი ვაზის ჯშების დასახელებები და აქვე დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ საქმეს ერთობლივად უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევთ.

ჩვენი ჩამონათვალის წყაროს წარმოადგენს ახლახანს გამოცემული წიგნი „ქართული ვაზის ჯიშები“ ლევან უჯმაჯურიძის, გიორგი კაკაბაძისა და ქალბატონი ლონდა მამასახლისაშვილის ავტორობით. თბილისი, 2018 წ. 
ჩამონათვალი ხარვეზებისაგან დაცული არაა, რისთვისაც წინასწარ ვიხდით ბოდიშს.

ანანურა, არგვეთულა საფერე, ასპინძურა შავი, ასურეთული თეთრი, ასურეთული შავი, ატენის საფერავი, აჭანდრის წითელი, ახალციხური თეთრი, ახმეტური შავი, ბაზალეთური, ბათომურა, ბზვანურა, ბორჩალო, გომის თეთრი (იმერეთი), გომის შავი (იმერეთი), გორულა, გორული მწვანე, დიღმურა, ენაგეთის თეთრი, ენაგეთის წითელი, ვაზისუბნის წითელი (იგივე ურიათუბნის წითელი), ვაიოს საფერავი, ვანის ჩხავერი, ვერტყვიჭალის თეთრი, ვერტყვიჭალის შავი, ზაქათალის თეთრი, ზაქათალის შავი, ზენათური, თხმორულა, იყალთოს წითელი, კახის ვარდისფერი, კახის თეთრი, კახის წითელი, კლდის წითელი, მაღლარი თვრინა, მაღრანული, მირზაანული თეთრი, ობჩური შავი, ორბელური, ორხურა, ოძისური, საფარული, საფერავი მეჯვრისხევის, სეურა, სხალთური, უსახელოური, ქაქუთურა, ქისტაურული შავი, ქციის შავი, ღობიეთის წითელი, ჩიტისთვალა ბოდბური, ძელშავი ობჩის, ძელშავი საჩხერის, ძირაგეული შავი, წირქვალის თეთრი, წნორის თეთრი, ხოტეურა. 

გიორგი ბარისაშვილი
მცხეთა, 2019 წ.