აგროსიახლეები

ქვევრი 3D პრინტერით

ქართული ღვინის ქვევრში დაყენების ტრადიცია სულ მცირე 8 ათას წელს ითვლის. თუმცა, არცთუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც ჭურჭელში წუნის აღმოჩენის გამო, სასმელი საუკეთესო საგემოვნო თვისებებს კარგავს.

2018 წელს ნიკა გუჯეჯიანმა, გიორგი მამასახლისმა და დავით მიზანდარმა პროექტით QvevriXYZ ამ პრობლემას ორიგინალური გადაწყვეტა მოუფიქრეს.

მათი იდეა ქვევრის 3D პრინტერით დაბეჭდვას გულისხმობს. ეს მეთოდი ძერწვის ხანგრძლივ პროცესს რამდენიმე საათამდე ამცირებს და მას უნაკლოს ხდის. თიხის ჭურჭლის ციფრული მაკეტი მეთუნე ოსტატების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნა.

ნიდერლანდელი დიზაინერისა და კერამიკოსის, ოლივიე ვან ჰერპტის დახმარებით კი პირველი 3D ქვევრები დამზადდა. პროექტმა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 100 ათას ლარიანი გრანტი მოიპოვა, რომელიც 1000 და 1500-ლიტრიანი ჭურჭლის დასამზადებლად საჭირო 3D პრინტერის აგებას მოხმარდება.

წყარო: popx.ge