აგროსიახლეები

რატომ შემცირდა ფრინველის ხორცის წარმოება?

ქათმის ხორცზე რეგულაციების გადავადებამ და სამომხმარებლო ბაზარზე შეზღუდვების დაწესებამ ფრინველის ხორცის წარმოება საგრძნობლად შეამცირა.

აგროექსპერტთა ასოციაციის ინფორმაციით, პანდემიურ პერიოდში წარმოებაში დაახლოებით 25-30%-იანი შემცირებაა. პრობლემა შექმნა იმანაც, რომ იმპორტული ქათმის ხორცის ხარისხთან დაკავშირებით მთავრობამ რეგულაციების გამკაცრების გადაწყვეტილება შეაჩერა, რამაც ადგილობრივ წარმოებას კონკურენციის პრობლემა შეუქმნა. ამის შესახებ report.ge-ს აგროექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ მიხეილ ჭიჭაყუამ განუცხადა.

,,ფრინველის ხორცის წარმოება აქამდე მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო. შეზღუდვამ ბიზნესს მოუწია იმ პერიოდში, როცა რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებით გაყიდვები აქტიურდებოდა და საწარმოებს გარკვეული გეგმები და მოლოდინი ჰქონდათ, რომელიც ფაქტობრივად ვერ განახორციელეს.

საქართველოში ქათმის ხორცის დიდი ნაწილი აგრარულ ბაზრებში იყიდება, ბაზრების დახურვამ ასევე დიდი პრობლემა შექმნა, ამიტომ დღეს ქათმის ხორცის წარმოებაც და, შესაბამისად რეალიზაციაც შემცირებულია. ამას გარდა, მცირე ფერმერები ადრე ე.წ. შინაურ (ფერადი) წიწილების ზრდიდნენ და მოსახლეობაში ყიდდნენ, ამ სეგმენტშიც იკლო წარმოებამ და რეალიზაციამ.

გასაგებია, რომ ვითარების ასეთ გამწვავებას (პანდემიას) არავინ ელოდა. მითუმეტეს არ ვიცით, რა მდგომარეობა შეიქმნება ხვალ, ამიტომ კარგი იქნებოდა თუ სახელმწიფო ფერმერთა სტიმულირების და ადგილობრივი წარმოების წასახალისებლად კონკრეტულ ქმედით ნაბიჯს გადადგამდა. თუმცა მოხდა პირიქით, რამდენიმე თვის წინათ მიღებული დადგენილება, რომელიც იმპორტული ფრინველის ხორცზე ხარისხის კონტროლის მექანიზმის გამკაცრებას ითვალისწინებდა, შეჩერდა. არადა, ამ მექანიზმის ამოქმედება მაღალი ხარისხის ფრინველის ხორცის საწარმოებლად ადგილობრივი მეფრინველეობის ფაბრიკებისთვის, საერთოდ ამ ბიზნესისთვის, დიდი სტიმული იქნებოდა”, _ აცხადებს მიხეილ ჭიჭაყუა.

როგორც ბატონო მიხეილი განმარტავს, ხსენებული დადგენილებით გაყინულ და სწრაფად გაყინული ქათმის და ქათმის ხორცის თუ მასში წყლის შემცველობა 5%-ს გადააჭარბებდა გაყიდვა აიკრძალებოდა.

,,ფრინველის ხორცის ხარისხის კონტროლის გამკაცრება ამ წლის ოქტომბრამდე შეჩერდა. დადგენილებაში ცვლილება 8 აპრილს შევიდა, რამაც, იმპორტირებულთან შედარებით, ადგილობრივ პროდუქცია კვლავ არასათანადო კონკურენციის პირობებში ჩააყენა. შესაბამისად კვლავ მოტყუებული რჩება მომხმარებელიც, ხორცის მაგივრად იაფად შეიძენს მეტ გაყინულ წყალს. და ეს ხდება იმ დროს, როდესაც მთავრობა აცხადებს  ქართული წარმოების მხარდაჭერასა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარებაზე, არასახარბიელო ნაბიჯია.

ამ ნაბიჯის იმით გამართლება, რომ იმპორტირებული ფრინველის ხორცზე კონტროლის გამკაცრების შეჩერება დროებითია და ბაზარზე ფრინველის ხორცის დეფიციტის შესამცირებლად კეთდება, მთლად დამაჯერებლად არ გამოიყურება.

სამწუხაროდ, ასეთი ქმედებები, საბოლოო ჯამში, მეწარმე ფერმერებში უნდობლობას იწვევს”, _ აცხადებს მიხეილ ჭიჭაყუა.

რაც შეეხება საერთოდ ქვეყანაში ხორცის მოხმარებას, აგროექსპერტთა ასოციაციის ინფორმაციით, ყველაზე დიდი წილი სწორედ ფრინველის ხორცს უჭირავს, როგორც იაფი ცილის წყაროს. საქართველოს ადგილობრივ ბაზარზე ქათმის ხორცზე წლიური მოთხოვნა 75-78 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობს. აქედან ადგილზე მხოლოდ 23 ათასი ტონა ფრინველის ხორცი იწარმოება.

წყარო: report.ge