ადგილობრივი ჯავახური ჭრელი და ნაცარა (რუხი) ბატი
ჯავახური ბატი _ ადგილობრივი ჯავახური ბატის წარმოშობის შესახებ მასალები დღემდე სრულად დამუშავებული არ არის. მეცნიერდა აზრით, იგი ამ რეგიონში (ჯავახეთში) მობინადრე გარეული ნაცარა ბატისაგან შეიძლება იყოს წარმოშობილი.
შინაური ბატი ჩვენში, ძირითადად ორი ნაირსახეობით არის წარმოდგენილი: ჯავახური ჭრელი და ჯავახური ნაცარა (რუხი), თუმცა ზოგიერთი მკვლევარი მესამე-ჯავახური თეთრი ბატების ჯგუფსაც გამოყოფს. ქვეყნის სხვადასხვა გეოგრაფიული მხარის პოპულაციებში ამ ნაირსახეობათა ხვედრითი წილი განსხვავებულია, აღმოსავლეთ საქართველოში საერთო რაოდენობის 55-62% ჭრელია, 20-25% ნაცარა და 18-20% თეთრია, დასავლეთში კი ეს მაჩვენებელი ასეთია: 45-55, 25-30 და 20-25%. ნიშანდობლივია, რომ ბუმბულის ფერთან არის დაკავშირებული თვალის ფერიც: ჭრელ ბატს აქვს მუქი ნაცრისფერი თვალები, რუხს – ყავისფერი, თეთრს კი – ცისფერი. ბუმბულის სხვადასხვა შეფერილობის ბატებში განსხვავება აღინიშნება ნისკარტის შეფერილობაშიც.
ჯავახური ბატის სხეული მკვრივი, ფართო, მოკლე და ჰორიზონტალურია, აქვს ფეხები მოკლე, საშუალო სიგრძის კისერი, მოკლე და მსუბუქი თავი, მრგვალი, სწორი და საშუალო ზომის ნისკარტი.
გაზაფხულზე დედალ ბატს მუცელზე ნაკეცები აღენიშნება. ერთი წლის ასაკის ბატის სხეულის სიგრძე კისრიანად 45-47 სმ-ია, მკერდის ძვლის სიგრძე _ 13,5-15,0 სმ, მკერდის სიღრმე 9,0-11,0 სმ, ტერფის ძვლის სიგრძე 6,5-8,0 სმ, გულმკერდის ირგვლივა 38,0-41,5 სმ. ამავე ასაკის დედლების ცოცხალი მასა 4,0-4,2 კგ-ია, მამლების კი _ 4,4-4,6 კგ. დასავლეთ საქართველოს ბატები რამდენადმე უფრო მცირე წონისაა. დედალი ბატი კვერცხის დებას იწყებს 10-12 თვის ასაკში. პირველ წელს დებს 18-30 ცალ კვერცხს, მეორე წელს კვერცხმდებლობა იზრდება 20-25%-ით, მესამე წელს 30-50%-ით, ხოლო მეოთხე წელს კლებულობს.
კვერცხის მასა კვერცხდების I, II და III წელს შეადგენს 140-142, 145-158 და 150-152 გრამს. კვერცხდების პერიოდის მიხედვით განსხვავებულია გამოჩეკის %-იც; ეს მაჩვენებელი I წელს არის 68-73%, II წელს _ 70-76%, III წელს _ 72-78%, მოთხე წელს 60-62%. ბატის ჭუჭული ხასიათდება მაღალი ცხოველმყოფელობით: ორ თვემდე ასაკის მოზარდის შენარჩუნების პროცენტია 95-96, ხოლო 2-დან 10 თვემდე _ 93-94%. ჯავახურ ბატში მონოგამურობა ჩვეულებრივზე დაბალია და 10-15% შეადგენს; ბუმბულის საფარში ძვირფასი ნედლეულის – ღინღლის ხვედრითი წილი, 35-40%-ის ფარგლებშია, რაც ბევრად მეტია, ვიდრე სხვა ჯიშებში.
გასული საუკუნის 80-იან წლების ბოლოს საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევლითი ინსტიტუტის სასწავლო-ექსპერიმენტულ ფერმაში ჰყავდათ 2500 ფრთა ჯავახური ბატი. დღეისათვის ის მხოლოდ საოჯახო მეურნეობებში ჰყავთ დმანისის, მარნეულის, ახალციხის, ახალქალაქის, ლაგოდეხის, თელავის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში.
ლიტერატურული მონაცემებით, ბატის ფრთა-ბუმბულში ღინღლის ხვედრითი წილი, საშუალოდ, 25-30%-მდეა, ჯავახური ბატის ფრთა-ბუმბულში კი, როგორც მეცნიერული მოკვლევებით დადგინდა, 35-40%-მდე, ძალიან მაღალია ბატის სხვა ჯიშებთან შედარებით, რაც მისი დიდი ღირსებაა.
კობა ნაცვალაძე,
სოფლის მეურნოების მეცნერების დოქტორი,
ავტორის ფოტოები