დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ქვევრის შენების და გამოყენების მოკლე ისტორია

ქვევრი სფეროს ფორმის მქონე, სპეციალური თიხისგან აშენებულ-გამომწვარი საღვინე და სხვა მრავალი სახის პროდუქციის შესანახი ჭურჭელია, რომელსაც ერთი მხრიდან ბეჭებით მიბმული პირ-ყელი აქვს, ხოლო მის მოპირდაპირე მხარეზე -კონუსური კალთით დაბოლოებული ძირი, რომელთა ერთობლიობით ის კვერცხის ფორმას იღებს.

  არქეოლოგების მიერ მიკვლეული არტეფაქტებით მტკიცდება, რომ ქვევრის შენება საქართველოს ტერიტორიაზე VI ათასწლეულზე ადრე უნდა დაწყებულიყო, რადგან შულავერში აღმოჩენილი უძველესი ქვევრის ნიმუში VI ათასწლეულით თარიღდება, კვერცხის ფორმა აქვს და დასადგმელ ჭურჭლადაა აშენებული. მისი ფორმის გამართულობა, ნამზადის მაღალი ხარისხი და სინატიფე იმის დასტურია, რომ ნაპოვნი ქვევრი მისი შენების საწყისი არ არის და მისი ფესვები საუკუნეთა სიღრმეშია საძებარი.

ქვევრი დღემდე ისეთივე ფორმით (კვერცხის ფორმა), მეთოდით და მასალით შენდება, როგორც ამას ჩვენი წინაპარი ათობით საუკუნის წინ აკეთებდა, ამიტომ უდავოა, რომ ის, როგორც ღვინის ჭურჭელი და მისი შენების მეთოდი, კაცობრიობის წარღვნამდელი ცივილიზაციის დღემდე მოღწეული ძეგლია. შულავერში ნაპოვნი ქვევრი ყურძნის წიპწები და საღვინე ჭურჭელი, ქართული მეღვინეობის 80-საუკუნოვანი ისტორიის უტყუარი მოწმეა. მართალია, ქვევრი ინდუსტრიულ მეღვინეობაში ფართო მასშტაბით საქართველოშიაც ვერ დამკვიდრდა, მაგრამ საოჯახო მარანში ის დღემდე შეუცვლელი ჭურჭელია და ასეთად დარჩება ყოველთვის.

საბედნიეროდ, XXI საუკუნის დასაწყისიდან ქვევრით დასავლეთი დაინტერესდა, ამიტომ იმედია, მომავალში მას მსოფლიო მეღვინეობა ახლოს გაიცნობს და ისე შეიყვარებს, როგორც ის საუკუნეების განმავლობაში ქართველმა მეურნემ შეიყვარა.

„ქვევრი კეცის ჭურიაო“, ასე აქვს განმარტებული თავის ლექსიკონში ს. ს. ორბელიანს ქვევრი. ის, იქვე მიუთითებს, რომ „ქვევრი დიდ ჭურს ჰქვია, პატარას „ყვიბარი“, ხოლო მასზედ მცირეს „ქოცო“, ყველა ერთად კი ჭურიაო“. აქედან ირკვევა, რომ ღვინის ამ ჭურჭლის სახელი „ჭური“ ყოფილა, სახელწოდება ქვევრი კი მოგვიანებით შეურქმევიათ, კერძოდ ის XVI საუკუნიდანაა მოხსენიებული ძველ წყაროებში.

ქვევრი წარღვნამდელი ცივილიზაციის ძეგლია. მართალია, წარღვნამდე მისი ოსტატის შესახებ არაფერი ვიცით, მაგრამ წარღვნის შემდეგ ნოე თავის მიერ დაყენებული ღვინისთვის ჭურჭელს თვითონ რომ ააშენებდა, ეს უდავოა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნოე ამ ხელობას კიდობანში ვერ ისწავლიდა და წარღვნამდე დიდებული მევენახე, მეღვინე და მექვევრე ოსტატი უნდა ყოფილიყო. ამიტომ ის იმ ხალხის შვილი იყო, ვისაც წარღვნამდე მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებული კულტურა ჰქონდა. წარღვნის შემდეგ კი ის თვითონ გახდა კაცობრიობის პირველი მევენახეც, მეღვინეც და მექვევრე კერამიკოსიც.

საქართველოში იქ, სადაც შესაბამისი სახის თიხებია, ქვევრს ყველგან აშენებენ. ქართველ მექვევრეებს საუკუნეების განმავლობაში უშენებიათ და დღესაც აშენებენ სხვადასხვა ტევადობის ქვევრებს. მათი ტევადობა რამდენიმე ლიტრიდან რამდენიმე ტონამდეა. ქვევრს შენების ტრადიციული მეთოდი ჰქონდა და ამ მეთოდით შენდება ის დღემდე. მისი საამშენებლო მასალა ყველა დროში ცხიმიანი და თირი თიხის ნაზავი იყო.

როგორც აღინიშნა, ქართულ ტრადიციულ ქვევრს შენების ტრადიციული მეთოდი და საამშენებლო მასალა აქვს, რომლის დაცვა-შენარჩუნება სავალდებულო უნდა იყოს ყველა იმ მექვევრისათვის, ვინც ქართულ ტრადიციულ ქვევრს აშენებს. ამასთანავე, ახლის მაძიებლებს ყველანაირი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ მის გასაუმჯობესებლად, მაგრამ არა თვისობრივად შესაცვლელად.

ქვევრი გამომწვარი თიხის ქვად ქცეული ჭურჭელია, რომლის კედელი რამდენიმე წლის გამოყენების შემდეგ არასასურველი მინერალებისგან და მძიმე მეტალებისგან მთლიანად თავისუფლდება და ღვინისთვის ინერტული ჭურჭელი ხდება, რომლის კედელს აერაციის კარგი უნარი აქვს. სწორედ გამომწვარი თიხა და მისი ეს თვისებები განაპირობებს მის ბუნებრიობას და პასუხობს ყველა იმ მოთხოვნებს, რასაც ღვინო  ჭურჭელს უყენებს. ამიტომაა, რომ ის ერთადერთი მისაღები ჭურჭელია ხარისხიანი ბუნებრივი ღვინის დასაყენებლად და ასეთად დარჩება ყოველთვის, რადგან მუდმივი დაბალი ტემპერატურის მომცემი სხვა საღვინე ჭურჭელი არც ადრე იყო, არც დღეს არის და არც მომავალში იქნება. მართალია, დღეს ტექნიკის დახმარებით დაბალი ტემპერატურის მიღება პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ პრობლემა ტემპერატურის მუდმივობაშია, რომლის შექმნა თანამედროვე ტექნიკასაც კი არ შეუძლია, მიწაში ჩადგმულ ქვევრს კი დედამიწის ლითოსფეროს ტემპერატურა (+140C) ბუნებრივად და მუდმივად აქვს.

ჟორა გაბრიჭიძე,

ტელ: 551-333-155