გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ნარჩენების მართვის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელა.
კანონპროექტი დეპუტატებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა გააცნო.
კანონპროექტის მიღების შედეგად, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების დარღვევებისთვის დადგინდება შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
ასევე, ნარჩენების მართვის სფეროში მოქმედი კონკრეტული მოთხოვნების დარღვევისთვის და ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დაწესდება შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა. პროექტის თანახმად „ნარჩენების მართვის კოდექსის“ რეგულირების სფეროდან გამოვა ის ცხოველური ნარჩენები – ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტები, რომლებიც „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ შესაბამისადაც რეგულირდება.
პირველი მოსმენით განხილულ კანონპროექტს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მხარი დაუჭირა.