აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებირუბრიკებიფერმერი ფერმერს

საკუთარი მოსავლიდან თესლის შენახვა და ხელახლა დათესვა – რა უნდა იცოდეს ფერმერმა?

საკუთარი მოსავლიდან თესლის შენახვა სოფლის მეურნეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციაა. ეს ფერმერს სათესლე მასალის შეძენის ხარჯს უმცირებს და ადგილობრივი ჯიშების შენარჩუნებას უწყობს ხელს.

თუმცა თანამედროვე კანონმდებლობით ყველა ჯიშის თესლის შენახვა და ხელახლა გამოყენება ერთნაირი პირობებით არ რეგულირდება.

როდის შეგიძლიათ საკუთარი მოსავლიდან თესლის შენახვა?

  • ჩვეულებრივი, დაუცველი და ტრადიციული ჯიშების თესლის შენახვა და საკუთარ მეურნეობაში ხელახლა დათესვა, როგორც წესი, დასაშვებია.
  • პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილ თესლსა და სარგავ მასალაზე საქართველოს მეთესლეობის შესახებ კანონის მოთხოვნები არ ვრცელდება.
  • ადგილობრივი ჯიშების თესლის შენარჩუნება ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ადგილობრივ კლიმატურ პირობებთან შეგუებული მცენარეების გამრავლებას.

როდის შეიძლება თესლის ხელახლა გამოყენება შეიზღუდოს?

განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, თუ იყენებთ:

  • სელექციონერის მიერ სამართლებრივად დაცულ ჯიშს;
  • დაპატენტებული გენეტიკური ნიშან-თვისების მქონე თესლს;
  • სალიცენზიო ხელშეკრულებით შეძენილ სათესლე მასალას;
  • ჰიბრიდულ ჯიშებს, რომელთა მომდევნო თაობაში სასურველი თვისებები შეიძლება აღარ შენარჩუნდეს.

ასეთ შემთხვევებში თესლის შენახვისა და ხელახლა დათესვის უფლება დამოკიდებულია ჯიშის სამართლებრივ სტატუსსა და გამოყენების პირობებზე.

შეიძლება თუ არა საკუთარი მოსავლიდნა აღებული თესლის გაყიდვა?

აქ მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან განვასხვაოთ პირადი გამოყენება და კომერციული საქმიანობა.

  • საკუთარი მეურნეობისთვის თესლის შენახვა ერთია, მისი ბაზარზე რეალიზაცია – მეორე.
  • სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული კულტურების სათესლე მასალის რეალიზაციისთვის საჭიროა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება და შესაბამისი სერტიფიკატი.
  • დაცული ჯიშის თესლის გაყიდვა ან სხვა მეურნეობისთვის გადაცემა შესაძლოა სელექციონერის უფლებებს არღვევდეს.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება თესლის შეძენისას?

კომერციული თესლის შეძენისას:

  1. შეამოწმეთ შეფუთვაზე მითითებული ჯიშის დასახელება;
  2. გაარკვიეთ, დაცულია თუ არა ჯიში სელექციონერის უფლებით;
  3. წაიკითხეთ გამოყენების სალიცენზიო პირობები;
  4. დააზუსტეთ, გაქვთ თუ არა უფლება, მოსავლიდან მიღებული თესლი მომდევნო სეზონზე ხელახლა დათესოთ;
  5. საჭიროების შემთხვევაში გადაამოწმეთ ინფორმაცია შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან.

საერთაშორისო პრაქტიკის მოკლე მიმოხილვა

  • ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი: ნებადართულია დაცული ჯიშების თესლის აღება (Farm-saved seed exemption), თუმცა ზოგიერთ კულტურაზე ფერმერს ევალება სელექციონერისთვის მცირე კომპენსაციის/ანაზღაურების გადახდა და მასალა მხოლოდ საკუთარ მეურნეობაში უნდა დარჩეს.

  • აშშ და კანადა: დაცული ჯიშების შენახვა შესაძლებელია მხოლოდ საკუთარი მეურნეობის ფარგლებში, თუ თესლზე დამატებითი მკაცრი პატენტი არ ვრცელდება.

რატომ არის მნიშვნელოვანი ადგილობრივი კულტურების თესლის შენარჩუნება?

ადგილობრივ პირობებთან შეგუებული ჯიშები მნიშვნელოვანი გენეტიკური რესურსია. მათი შენარჩუნება ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის ბიომრავალფეროვნებას და მომავალში შესაძლოა მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს გვალვის, კლიმატის ცვლილებისა და მცენარეთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში.

საკუთარი თესლის წარმოება მცირე საოჯახო მეურნეობებს სათესლე მასალის შეძენაზე დამოკიდებულებასაც უმცირებს.

ფერმერს უნდა ახსოვდეს: საკუთარი მოსავლიდან თესლის შენახვა ავტომატურად კანონდარღვევა არ არის. თუმცა კონკრეტული კომერციული ჯიშის ხელახლა გამოყენებამდე აუცილებელია მისი სამართლებრივი სტატუსისა და სალიცენზიო პირობების გარკვევა. პირადი მოხმარებისთვის თესლის შენახვის უფლება არ ნიშნავს, რომ მისი გაყიდვაც შეუზღუდავად შეგიძლიათ.

მოამზადა გიორგი მაისურაძემ