აგრარული განათლებამედია ფერმერებისთვის TVმეფრინველეობა

ფრინველის მოშენება –პრაქტიკული რჩევები

საკარმიდამო პირობებში მეფრინველეობა საოჯახო მეურნეობის ერთ-ერთი ხელმისაწვდომი და შემოსავლიანი მიმართულებაა. ფრინველი სწრაფად იზრდება, ადვილად მრავლდება და ფერმერს უზრუნველყოფს კვერცხით, ხორცითა და ორგანული სასუქით.

დამწყები ფერმერისთვის უმჯობესია მეფრინველეობა ქათმის ან მწყერის მოშენებით დაიწყოს.

რომელი ფრინველი ავირჩიოთ?

  • ქათამი – იძლევა კვერცხსა და ხორცს, შედარებით მარტივია მისი მოვლა.
  • მწყერი – მცირე ფართობზეც შეიძლება მისი მოშენება, გამოირჩევა სწრაფი ზრდითა და კვერცხდების მაღალი პოტენციალით.
  • იხვი და ბატი – კარგი არჩევანია იმ მეურნეობისთვის, რომელსაც აქვს შესაბამისი სივრცე და წყლის რესურსი.
  • ინდაური – ძირითადად ხორცის წარმოებისთვის გამოიყენება.

რა ასაკში აღწევს ფრინველი სამეურნეო სიმწიფეს?

ფრინველის სახეობა სამეურნეო სიმწიფის ასაკი
მეხორცული ქათამი 2-3 თვე
მეკვერცხული ქათამი 120-180 დღე
იხვი 2,5-3 თვე
ინდაური 5-6 თვე
ბატი 5-6 თვე

ქათმის კვერცხდების ინტენსივობა ჯიშზეა დამოკიდებული. წელიწადში ერთი ქათმისგან დაახლოებით 130–220 კვერცხის მიღებაა შესაძლებელი.

როგორ შევარჩიოთ ჯანმრთელი წიწილები?

ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ნიშნებს.

ჯანმრთელი წიწილა:

  • აქტიური და მოძრავია;
  • აქვს ცოცხალი, ნათელი თვალები;
  • ბუმბული სუფთა და თანაბარია;
  • ფეხები მტკიცე და სწორია;
  • მუცელი აკრული აქვს;
  • უკანა ტანი სუფთაა.

არ შეიძინოთ წიწილა, რომელსაც აქვს:

  • მოდუნებული მდგომარეობა და ჩაცვენილი თვალები;
  • სუსტი, წვრილი ფეხები;
  • არათანაბარი შებუსვა;
  • დიდი, ჩამოშვებული მუცელი.

წიწილების გამოზრდა – ტემპერატურის კონტროლი

ახალგამოჩეკილი წიწილებისთვის აუცილებელია სითბოს შენარჩუნება.

  • პირველ ეტაპზე, წიწილების სიმაღლეზე, ტემპერატურა უნდა იყოს 31-35°C.
  • ჰაერის ფარდობითი ტენიანობა – დაახლოებით 75%.
  • ყოველ მომდევნო კვირაში ტემპერატურა 2-3°C-ით შეამცირეთ.
  • საბოლოო ტემპერატურა არ უნდა იყოს 24°C-ზე ნაკლები.

წიწილების დასაბინავებლად გამოიყენეთ მშრალი საფენი – ნახერხი ან ნამჯა.

მნიშვნელოვანია: სხვადასხვა ასაკის წიწილები ერთ სათავსოში არ მოათავსოთ.

კვერცხის შეგროვება და შენახვა

კვერცხის ხარისხის შესანარჩუნებლად დაიცავით რამდენიმე მარტივი წესი:

  • ბუდეები ყოველთვის სუფთა და მშრალი უნდა იყოს.
  • კვერცხები ხშირად შეაგროვეთ.
  • კვერცხს სუფთა ხელებით შეეხეთ.
  • საინკუბაციო კვერცხი არ გარეცხოთ.
  • დაბზარული ან დაზიანებული ნაჭუჭის მქონე კვერცხი ინკუბაციისთვის არ გამოიყენოთ.

კვერცხის ნაჭუჭზე არსებული ბუნებრივი დამცავი აპკი შიგთავსს ბაქტერიების შეღწევისგან იცავს.

საინკუბაციო კვერცხის შერჩევა და შენახვა

თუ ფრინველის გამრავლებას აპირებთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საინკუბაციო კვერცხის ხარისხს.

  • ქათმის საინკუბაციო კვერცხის მასა საშუალოდ 52-55 გრამზე ნაკლები არ უნდა იყოს.
  • კვერცხი უნდა იყოს სუფთა, დაუზიანებელი და ნორმალური ფორმის.
  • შეინახეთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.
  • შენახვის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს +14°C-ს.
  • ჰაერის ფარდობითი ტენიანობა უნდა იყოს დაახლოებით 75%.
  • მოარიდეთ ორპირ ქარს.
  • სასურველია ინკუბაცია შენახვიდან 7 დღის განმავლობაში დაიწყოთ.

შუქზე შემოწმებისას ყვითრი კვერცხის ცენტრში უნდა მდებარეობდეს, ხოლო საჰაერო კამერა — ბლაგვ ბოლოში.

ბუნებრივი ინკუბაცია — კრუხის გამოყენება

კრუხად შეარჩიეთ მშვიდი ფრინველი, რომელიც:

  • დიდხანს რჩება ბუდეში;
  • შეწყვეტს კვერცხდებას;
  • სხვა ფრინველებს ბუდესთან არ უშვებს;
  • მიახლოებისას კრიახობს.

ბუდე მოაწყვეთ მშრალი თივით ან ნამჯით, შედარებით წყნარ და ნახევრად ბნელ ადგილას.

კვერცხების რაოდენობა ისე შეარჩიეთ, რომ კრუხმა ყველა მათგანი ფრთებითა და სხეულით სრულად დაფაროს.

ბუდესთან ახლოს აუცილებლად უნდა იყოს წყალი და საკვები. კრუხს ყოველდღიურად მიეცით საშუალება, მცირე ხნით ადგეს, მიიღოს საკვები და წყალი.

გამოჩეკის საშუალო ვადები:

ფრინველის სახეობა გამოჩეკის ვადა
ქათამი 20-21 დღე
იხვი 26-28 დღე
ინდაური 26-28 დღე
ბატი 27-30 დღე

ხელოვნური ინკუბაცია

ფრინველის დიდი რაოდენობით გამრავლებისთვის გამოიყენება ინკუბატორი. მისი ტევადობა მეურნეობის საჭიროების მიხედვით შეარჩიეთ.

არსებობს 25, 50, 100, 250, 500 და მეტი კვერცხის ტევადობის ინკუბატორები.

ინკუბატორის გამოყენებისას აუცილებელია მწარმოებლის ინსტრუქციის დაცვა, განსაკუთრებით ტემპერატურის, ტენიანობისა და კვერცხის გადაბრუნების რეჟიმის გათვალისწინებით.

რა უნდა დაიმახსოვროს დამწყებმა ფერმერმა?

  1. ფრინველის სათავსო ყოველთვის სუფთა და მშრალი უნდა იყოს.
  2. წიწილებს შეუქმენით შესაბამისი ტემპერატურული პირობები.
  3. უზრუნველყავით სუფთა წყლისა და სრულფასოვანი საკვების მუდმივი ხელმისაწვდომობა.
  4. არ შეურიოთ სხვადასხვა ასაკის ფრინველი.
  5. საინკუბაციოდ მხოლოდ ჯანმრთელი, ხარისხიანი და განაყოფიერებული კვერცხი შეარჩიეთ.
  6. დაიცავით ბუდეების სისუფთავე და კვერცხები დროულად შეაგროვეთ.
  7. ავადმყოფობის ნიშნების გამოვლენისას დროულად მიმართეთ ვეტერინარს.

საკარმიდამო მეფრინველეობაში წარმატება დიდ ინვესტიციაზე მეტად სწორ მოვლას, ჰიგიენას, ხარისხიან საკვებსა და ფრინველისთვის შესაბამისი პირობების შექმნას მოითხოვს. დამწყები ფერმერისთვის უმჯობესია მცირე რაოდენობის ფრინველით დაწყება, გამოცდილების მიღება და შემდეგ მეურნეობის ეტაპობრივად გაფართოება.

აგრო ექსპერტთა ასოციაცია,

მიხეილ ჭიჭაყუა-ვეტერინარი ექიმი, ბიოლოგიის  დოქტორი