აგროსიახლეები

ვეტერინარების სახელმწიფო სერტიფიცირება სავალდებულო გახდა _ 2026 წლის 1 იანვრიდან საქმიანობა უსერტიფიკატოდ იკრძალება

საქართველოში ვეტერინარული მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.
2026 წლის 1 იანვრიდან ვეტერინარისა და ვეტერინარ-ტექნიკოსის საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე აკრძალულია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინართა და ვეტერინარ-ტექნიკოსთა პროფესიული განვითარების და სასერტიფიკაციო საბჭოს ფარგლებში, სერტიფიცირება უკვე გაიარა 800 ვეტერინარმა და 444 ვეტერინარ-ტექნიკოსმა, რომელთათვის გაცემული სერტიფიკატების მოქმედების ვადა 2030 წლის 1 იანვრამდე განისაზღვრება.

სერტიფიცირება ხელს შეუწყობს ვეტერინარული სერვისების ხარისხის ამაღლებას, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას, მოქალაქეთა და ცხოველთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, არაკვალიფიციური პრაქტიკის აღკვეთასა და ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი პირების უფლებების დაცვას.

საქართველოს მთავრობის №288 დადგენილებით („ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“) შესაბამისად, 2026 წლის პირველი იანვრიდან, ვეტერინარის საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე აკრძალულია.

ვეტერინარების სახელმწიფო სერტიფიცირების სავალდებულო წესის ამოქმედება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ვეტერინარული სერვისების ხარისხს და დააახლოვებს დარგს საერთაშორისო სტანდარტებთან.

ეს გადაწყვეტილება ერთდროულად ემსახურება ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას, სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფას და ფერმერთა ინტერესების დაცვას, რადგან ამცირებს არაკვალიფიციური პრაქტიკის რისკებს.

 ახალი რეგულაცია უფრო სანდო და გამჭვირვალე გარემოს ქმნის როგორც ვეტერინარებისთვის, ისე მეურნეობებისთვის, რაც მთლიანობაში ხელს შეუწყობს საქართველოს აგრარული სექტორის მდგრად განვითარებას.