ბლოგიდარგებიმეცხოველეობა

სომატური უჯრედების ფენომენი თხის რძეში, რატომ არ ემთხვევა „ძროხის სტანდარტებს“?

თანამედროვე მეცხოველეობაში რძის ხარისხის ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორად სომატური უჯრედების რაოდენობა მიიჩნევა.

როგორც კანადელი მეცნიერებისა და ფერმერების ბოლოდროინდელი გამოცდილება აჩვენებს, ის, რაც ჩვეულებრივია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შემთხვევაში, შესაძლოა სრულიად შეუსაბამო აღმოჩნდეს მეთხევეობაში.

ონტარიოს პროვინციის (კანადა) მაგალითზე ვხედავთ, თუ როგორ აიძულა დარგობრივმა სპეციფიკამ სახელმწიფო, გადაეხედა დაწესებული მკაცრი რეგულაციებისთვის და ეღიარებინა თხის რძის უნიკალური ბიოლოგიური თვისებები.

რეგულაციების შეჩერება და მეცნიერული არგუმენტები

2026 წლის 1 იანვრიდან ონტარიოს სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის სამინისტრო (OMAFA) გეგმავდა სანქციების დაწესებას იმ ფერმერებისთვის, რომელთა თხის რძეში სომატური უჯრედების რაოდენობა 1,5 მილიონს (მლ-ზე) გადააჭარბებდა. თუმცა, ორგანიზაცია Ontario Goats-ის ძალისხმევით, აღნიშნული გადაწყვეტილება შეჩერდა. მიზეზი მარტივია: თხის ორგანიზმში სომატური უჯრედების ქცევა რადიკალურად განსხვავდება ძროხისგან.

ფერმერ მარლი ვანდერლიპის თქმით, „არაეკოლოგიური სტანდარტებით მწარმოებლების დასჯა დაახრჩობდა მეთხევეობის მზარდ სექტორს. აუცილებელია შესაბამისი სტანდარტების შემუშავება, რომლებიც თხის რძის უნიკალურ მახასიათებლებს გაითვალისწინებს“.

არაპათოგენური სომატური უჯრედი _ თხის ბიოლოგიური თავისებურება

ვეტერინარი დოქტორი ემილი ცურ ლინდენი განმარტავს, რომ თუ ძროხებში სომატური უჯრედების მატება თითქმის ყოველთვის მასტიტსა და ინფექციაზე მიუთითებს, თხებში სურათი სხვაგვარია:

  1. თხის ზოგიერთ ჯიშში ნეიტროფილები ბუნებრივად მაღალია ყოველგვარი პათოგენის გარეშე.
  2. ძროხისგან განსხვავებით, თხა რძის 70%-ს ჯირკვლოვან ცისტერნებში ინახავს. ეს რძე შეიცავს „უჯრედულ ნარჩენებს“ _ ციტოპლაზმურ ნაწილაკებსა და ეპითელურ უჯრედებს, რაც ანალიზის დროს სომატური უჯრედების მაჩვენებელს ზრდის, თუმცა რძის ხარისხზე უარყოფითად არ აისახება.
  3. კვლევებმა აჩვენა, რომ ისეთმა სტრესმაც კი, როგორიცაა ძაღლის 20-წუთიანი ყეფა, შესაძლოა მრავალჯერ ნამშობიარებ თხებში სომატური უჯრედების მკვეთრი მატება გამოიწვიოს რამდენიმე დღის განმავლობაში.
  4. სომატური უჯრედების რაოდენობაზე გავლენას ახდენს ლაქტაციის სტადია, სეზონური ცვალებადობა და თხის „ახურების“ პერიოდიც კი.

„არაფიზიოლოგიური ფაქტორები თხებში სომატური უჯრედების ცვალებადობის 50-დან 90%-მდე განაპირობებს. ეს მაჩვენებელი შეიძლება უეცრად გაიზარდოს და თავისითვე გაქრეს რამდენიმე დღეში,“ _ აღნიშნავს დოქტორი ცურ ლინდენი.

მიუხედავად იმისა, რომ ჯარიმები შეჩერდა, მუშაობა გრძელდება. მიზანია შეიქმნას ისეთი ინსტრუმენტები და სტანდარტები, რომლებიც საშუალებას მისცემს ფერმერებს, სწორად მართონ ნახირი, თავიდან აიცილონ ანტიბიოტიკების არამიზნობრივი გამოყენება და ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე, შეინარჩუნონ რძის მაღალი ხარისხი.

ონტარიოს შემთხვევა მნიშვნელოვანი გაკვეთილია ქართველი მეთხევეებისთვისაც. თხის რძე არ არის „ძროხის რძე“, ის დამოუკიდებელი, რთული ბიოლოგიური პროდუქტია.

სომატური უჯრედების მაღალი მაჩვენებელი თხაში ყოველთვის დაავადებას არ ნიშნავს. შესაბამისად, დარგის განვითარებისათვის აუცილებელია მეცნიერული მიდგომა, რათა ზედაპირულმა რეგულაციებმა არ დააზიანოს ფერმერული მეურნეობები.

ხარისხის კონტროლი არა ბრმა ციფრებს, არამედ ცხოველის ფიზიოლოგიის ღრმა ცოდნას უნდა ეფუძნებოდეს.

წყარო: Farmtario ავტორი: დიანა მარტინი