„საშემოდგომო ალოობაზე მეტი გამოწვევა იქნება“ – რა ეღირება ადგილობრივი ხორბალი და გაძვირდება თუ არა პური
საქართველოში ალოობა აქტიურ ფაზაშია. მიუხედავად იმისა, რომ პირველმა შედეგებმა ოპტიმიზმის საფუძველი გააჩინა, სექტორის წარმომადგენლები მომავალ, საშემოდგომო ალოობასთან დაკავშირებით სიფრთხილეს იჩენენ.
არსებული მონაცემებით, ქვეყანა წელს დაახლოებით 200 000 ტონა მოსავალს ელოდება, საიდანაც, ტრადიციული გადანაწილებით, სასურსათო დანიშნულების ხორბალი დაახლოებით 100 000 ტონას მიაღწევს.
ამ დროისთვის, წისქვილკომბინატების მიერ ხორბლის შესყიდვის ფასი ხარისხის მიხედვით 55-დან 63 თეთრამდე მერყეობს.
აღსანიშნავია, რომ შიდა ბაზარზე ფქვილის ფასი სტაბილიზებულია და 1 ტომარა 47-48 ლარის ფარგლებში მერყეობს, რაც სამი თვის წინანდელ მაჩვენებელთან (60 ლარი) შედარებით მნიშვნელოვანი კლებაა. ამის მიუხედავად, მეხორბლეებისთვის წარმოების თვითღირებულება მაღალი რჩება.
წლევანდელ სეზონზე მოსავლის ხარისხი საშუალოა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასურსათო მიმართულების გარდა, მნიშვნელოვანი წილი არასასურსათო ხორბალზე მოდის, რომელსაც მეფრინველეობისა და მეცხოველეობის სექტორი აითვისებს.
დარგისათვის ყველაზე მწვავე გამოწვევა საშემოდგომო პერიოდს უკავშირდება.
როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, მომდევნო ალოობა გაცილებით რთული იქნება, რაც პირდაპირ უკავშირდება აგროტექნიკური ღონისძიებებისთვის საჭირო რესურსების, კერძოდ, სასუქის გაძვირებას. ეს ფაქტორი ზრდის მეხორბლეების ხარჯებს, რაც აჩენს კითხვას – შეძლებენ თუ არა ადგილობრივი ფერმერები იმპორტირებულ პროდუქციასთან კონკურენციას, თუკი წარმოების ხარჯები კიდევ უფრო მაღალი იქნება.
იმის მიუხედავად, რომ დეფიციტის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს, ადგილობრივი ხორბლის მოყვანის „პარამეტრების“ გაძვირება აგრარულ სექტორში ახალი გამოწვევების წინაპირობაა. ხორბლის ფასი კვლავ იმპორტთან იქნება მიბმული, რადგან ადგილობრივი წარმოება ქვეყნის მოთხოვნილებას სრულად ვერ ფარავს. შესაბამისად, ფერმერების მოგება და მოსახლეობისთვის პურის ფასის სტაბილურობა პირდაპირ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად მოხერხდება წარმოების თვითღირებულების ოპტიმიზაცია მომდევნო სეზონზე.

