აჭარაში ციტრუსის რთველი დაიწყო
ციტრუსის მოსავლის შეუფერხებლად აღებისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა. სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს საექსპორტო მანდარინის რეალიზაციას, არასტანდარტული ნაყოფის ჩაბარებასა და გადამუშავებას, ასევე სეზონთან დაკავშირებული ლოგისტიკური პროცესების ორგანიზებას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესა და აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრ დენის სალუქვაძესთან ერთად, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის გახსნას დაესწრო.
მიმდინარე წლის საპროგნოზო მონაცემებით, აჭარაში 40–45 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. სეზონის წარმატებით წარმართვისა და მოსავლის მაქსიმალურად ათვისების მიზნით, შტაბი კოორდინაციას გაუწევს სახელმწიფო უწყებებსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას.
შტაბის ძირითადი ამოცანებია საექსპორტო მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობა, საზღვაო და სახმელეთო ლოგისტიკური პროცესების კოორდინაცია, მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოების შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა და სეზონის განმავლობაში წარმოქმნილი საკითხების დროული გადაწყვეტა.
„ციტრუსის სეზონის წარმატებით წარმართვისთვის მნიშვნელოვანია, ფერმერებს მოსავლის რეალიზაციის შესაძლებლობა ჰქონდეთ, ხოლო მიმღებ-გადამმუშავებელ საწარმოებს შეუფერხებლად მუშაობის საშუალება. საკოორდინაციო შტაბი უზრუნველყოფს შესაბამის უწყებებსა და კერძო სექტორს შორის კოორდინაციას, რათა დროულად გადაწყდეს სეზონთან დაკავშირებული საკითხები და ხელი შევუწყოთ როგორც საექსპორტო მანდარინის რეალიზაციას, ისე არასტანდარტული ნაყოფის ჩაბარებასა და გადამუშავებას. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, მოსავალი მაქსიმალურად იყოს ათვისებული და ფერმერებმა წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია შეძლონ“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
ციტრუსის სეზონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არასტანდარტული მანდარინის ჩაბარება და სამრეწველო გადამუშავებაა. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, გადამუშავებისთვის განკუთვნილ არასტანდარტულ მანდარინზე სახელმწიფო სუბსიდია კილოგრამზე 35 თეთრს შეადგენს, ხოლო მიმღები საწარმო დამატებით 5 თეთრს გადაიხდის. შესაბამისად, ფერმერი ჩაბარებული პროდუქციის სანაცვლოდ კილოგრამზე 40 თეთრს მიიღებს.
საექსპორტო მანდარინის მიღებას 20-ზე მეტი მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმო უზრუნველყოფს. რაც შეეხება არასტანდარტულ ნაყოფს, მის გადამუშავებას ქობულეთში მდებარე ორი საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით შეძლებს.
შტაბის საქმიანობის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის მონიტორინგს, რათა არასტანდარტული მანდარინის ჩაბარების პროცესი ორგანიზებულად და შეუფერხებლად წარიმართოს.
ციტრუსის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით დავით სონღულაშვილი, ზურაბ პატარაძე და დენის სალუქვაძე ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებსაც შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს მოსავლის რეალიზაციის, საექსპორტო ლოგისტიკის, საწარმოების კოორდინირებული მუშაობისა და ფერმერთა მხარდაჭერის საკითხები. ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ სეზონის განმავლობაში ყველა ჩართულმა მხარემ შეთანხმებულად იმუშაოს, დროულად მოხდეს არსებული პრობლემების გამოვლენა და მათი გადაჭრა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე დაათვალიერეს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ ჩაქვის ციტრუსის სანერგე-სადემონსტრაციო ნაკვეთი. მათ შორის, სათბური, სადაც ციტრუსოვანთა 15 ჯიშია განთავსებული. აღნიშნული ჯიშები საქართველოს ეროვნულ კატალოგშია რეგისტრირებული.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრი დავით სონღულაშვილი, ზურაბ პატარაძესა და დენის სალუქვაძესთან ერთად, სანერგე-სადემონსტრაციო ნაკვეთში საადრეო მანდარინის კრეფის პროცესშიც მონაწილეობდა.
ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი აჭარის მთავრობის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით ამოქმედდა.
შტაბი კოორდინაციას გაუწევს საექსპორტო პროდუქციისთვის საჭირო დოკუმენტაციისა და ნებართვების გაცემას, ასევე მონიტორინგს გაუწევს არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროცესს.
სეზონის განმავლობაში მოქალაქეებსა და დაინტერესებულ პირებს ციტრუსის რეალიზაციასთან, ჩაბარებასა და სხვა საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება ცხელი ხაზის – 1501-ის საშუალებით შეეძლებათ.
ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი საქმიანობას 1 თებერვლამდე გააგრძელებს.

