აგროსიახლეები

ბათუმის თაფლის ფესტივალი

19-20 აგვისტოს ბათუმმა აჭარის მეფუტკრეობის ბიზნესასოციაციის  ორგანიზებით გამართულ თაფლის ფესტივალს უმასპინძლა. 
ფესტივალის მიზანი მეფუტკრე ფერმერების ხელშეწყობა და ქართული თაფლის პოპულარიზება გახლდათ.

ბათუმში თაფლის ფესტივალზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან საკუთარი პროდუქცია 40-მდე მეფუტკრემ წარმოადგინა. ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ და შეეძინათ როგორც აჭარის სხვადასხვა კუთხეში, ასევე, ქვეყნის მასშტაბით წარმოებული მრავალი სახეობის თაფლი და ფუტკრის სხვა პროდუქტი.  აქტიური ტურისტული სეზონის გათვალისწინებით, ფესტივალის ფარგლებში, მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებაც გაიმართა.

ბათუმში თაფლის რიგით მეექვსე ფესტივალი  აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის და საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების მხარდაჭერით  გაიმართა. ფესტივალი ტრადიციულად ყოველ წელიწადს იმართება ბათუმში და ის გაისად და შემდგომ წლებშიც გარძელდება.