აგროსიახლეები

გიორგი კაჭარავა _ „უცხოელი ინვესტორები საქართველოში სასოფლო -სამეურნეო მიწის ყიდვას შეძლებენ, რაც კარგია, თუმცა მათ პროგნოზირებადი გარემო სჭირდებათ“

ახლო მომავალში მთავრობა სპეციალური დადგენილების გამოცემას გეგმავს, რომელიც უცხოელი ინვესტორისათვის სასოფლო სამეურნეო მიწის საკუთრების საკითხებს განსაზღვრავს.

2019 წელს საქართველოში მიწის შესახებ ახალი კანონი ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც უცხოელი ინვესტორებისთვის მიწის ფლობა გარკვეულწილად შეიზღუდა. კერძოდ, უცხოელი ინვესტორი მხოლოდ მინორიტარი აქციონერი უნდა იყოს იმ კომპანიაში, რომელიც საქართველოში სასოფლო სამეურნეო მიწას ფლობს. სწორედ ამ კანონის დახვეწაზე მუშაობს დღეს ინვესტორთა საბჭოში შექმნილი სპეციალური ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს იმ კრიტერიუმებს, რა შემთხვევაში შეძლებენ ინვესტორები საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებას.

ცვლილების განხორციელების შემთხვევაში პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ საინვესტიციო შეთავაზებებს, რომელიც მსხვილი კაპიტალის მოზიდვას შეუწყობს ხელს, ასევე ის პროექტები რომლის განხორციელების შედეგად საქართველო მცირე დროში დაუახლოვდება ევროპულ შესაძლებლობებს. დოკუმენტის პირველადი ვერსია უკვე მომზადებულია და განხილვებს სამთავრობო სტრუქტურებში გადის.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გიორგი ხანიშვილის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ინვესტორი  შეთავაზებას მთავრობის მიმართ გააკეთებს და ახსნის რისი გაკეთება და რა მასშტაბის ინვესტიციის განხორციელება სურს, მთავრობა  ცალკე გადაწყვეტილებას მიიღება ამ კონკრეტულ ინვესტორთან დაკავშირებით.

„აქ არის საუბარი იმპორტის ჩანაცვლებაზე, საექსპორტო პროდუქციის შექმნაზე, ევროკავშირის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, ამ ყველაფრისთვის კი ჩვენ გვჭირდება არა ათეული, არამედ ასეულობით მილიონობის ინვესტიცია და სოფლის მეურნეობაში ჩადება. სამწუხაროდ, ქართულ ბიუჯეტს და ქართველ ფერმერებს ამის შესაძლებლობა არ აქვთ, ამიტომ მნიშვნელოვანია გაიხსნას კარები ისეთი ცოდნისთვის და ტექნოლოგიებისთვის რომელიც სწრაფად მოგვცემს საშუალებას, რომ მსოფლიო წარმოების ფერხულში ჩავებათ. თუკი დღეს ჰექტარზე გვაქვს 10 ტონა ბოსტნეული და ინვესტორი შემოგვთავაზებს თუ როგორ მივიდეთ 80 ტონამდე, რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება იქნება ხელშემწყობი ასეთი ინვესტიციებისთვის“, – განმარტავს გიორგი ხანიშვილი.

ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს „კომერსანტთან“ ევროკავშირი საქართველოს ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კაჭარავა, თუმცა აღნიშნავს, რომ ცვლილებებთან ერთად აუცილებელი ინვესტორებთან სწორი კომუნიკაცია. მისი თქმით, ბოლო პერიოდში იყო შემთხვევები, როდესაც ინვესტორს კონკრეტული საინვესტიციო პროექტის განხორციელებაზე უარი ეთქვა, თუმცა მისთვის უარის თქმის მიზეზები დეტალურად არ იყო დასაბუთებული, ეს კი საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე ნეგატიურად აისახება.

„ეს ცვლილება კარგია, თუმცა ნებისმიერ უცხოელ ინვესტორს სჭირდება პროგნოზირებადობა. ზუსტად ეს არის განმაპირობებელი რომ ზოგიერთ შემთხვევაში ინვესტორები თავს იკავებენ ინვესტიციებისგან და შემდეგ უკვე ძნელია მათი უკან მობრუნება. ქვეყანაში შემოსულ თითოეულ ინვესტორს განსაკუთრებული მოფრთხილება უნდა და ნებისმიერი მიზეზი უნდა იყოს გამოკვლეული იმასთან დაკავშირებით ესა თუ ის ინვესტორი რატომ წავიდა საქართველოდან და მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი მსგავსი შედეგების არ განმეორებას.

ჩვენი ინტერესი უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი ინვესტორი შემოვიდეს დიდი გამოცდილებით, რაც უკეთესია ქვეყნისთვის. ყველა ინვესტორისთვის საჭიროა პროგნოზირებადი გარემო და ის მოლოდინები რომ რა დახვდება აქ ინვესტიციების ჩადების შემთხვევაში“,- განმარტავს გიორგი კაჭარავა.

ნინო თამაზაშვილი

წყარო: commersant.ge