დარგებიმეფრინველეობა

იხვი – სწრაფად აღწარმოებადი და რენტაბელური ფრინველია

    იხვი ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ფრინველია მსოფლიოში. მისი მოშინაურება გარეული იხვისგან (Anas bos­chas) რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად მოხდა. ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ იხვის მოშენებას საბერძნეთში ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღ-მდე ვ საუკუნეში მისდევდნენ. დაახლოებით ამ პერიოდში იხვს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშიც აშენებდნენ. ამერიკაში კოლუმბის აღმოჩენამდე მუშკიანი იხვი Galina mos­c­ha­ta) მოშინაურებული იყო. გარეული იხვი გადამფრენი ფრინველია, ძირითადად გავრცელებულია აზიასა და ევროპაში. იგი ითვლება წყალსატევის ფრინველად. მისი ცოცხალი მასა 1,0-1,3 კგ-ია.

იხვს წყალში მცურავი ფრინველისათვის დამახასიათებელი ექსტერიერი და კონსტიტუცია აქვს. იგი მაღალი ცხოველმყოფელობით, გამძლეობით და გარკვეული დაავადებების მიმართ რეზისტენტობით გამოირჩევა, ადვილად ეგუება შენახვის სხვადასხვა პირობებს, და არის ყველაფრისმჭამელი (პოლიფაგი) ფრინველი.

ცნობილია იხვის მრავალი ჯიში, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში და განსხვავებულ კლიმატურ პირობებშია გამოყვანილი. იხვის ასეთი კულტურული ჯიშები მაღალი აღწარმოების უნარით, ადრეულობით და კარგი კვერცხმდებლობით ხასიათდებიან. სამეურნეო თვისებების მიხედვით იხვის ჯიშები იყოფა მეხორცულ, მეხორცულ-მეკვერცხულ, მეკვერცხულ და დეკორატიულ ჯიშებად. დასახელებული ჯიშებიდან განსაკუთრებით დიდი გავრცელება ჰპოვა პეკინურმა იხვმა.

პეკინური იხვი ჩინური წარმოშობისაა. ისტორიული წყაროების თანახმად იგი, როგორც ჯიში, სამი საუკუნის წინათ პეკინის სამხრეთ ნაწილში გამოიყვანეს და ევროპასა და ამერიკაში ხჳხ საუკუნეში გაიყვანეს. ყველგან ჩამოყალიბდა როგორც საუკეთესო მეხორცული ჯიში, რომელსაც დიდი მალმწიფადობა და ხორცის მაღალი ხარისხი ახასიათებს. საქართველოში კი გასული საუკუნის დასაწყისში შემოიყვანეს.

პეკინური იხვი თეთრი ფერისაა, მისთვის დამახასიათებელია ფართო, გრძელი და ღრმა სხეული, კარგად განვითარებული მკერდით; ფართო, ბრტყელი, საშუალო სიგრძის თავი, კისერი ხორციანი; ფართე და გრძელი ზურგი; ნისკარტი მოყვითალო-ნარინჯისფერი, საშუალო სიგრძის, ოდნავ ჩაღუნული; მოწითალო-ნარინჯისფერი საშუალო სიმაღლის ფეხები; სხეულზე მკვრივად განლაგებული პატარა ზომის ფრთები. ზრდასრული იხვის ცოცხალი მასა — დედლის 3,0-3,6 კგ-ია; მამლის — 3,5-4,0 კგ. ერთ ციკლზე კვერცხმდებლობა 100-140 ცალია. შესწავლილია, რომ კარგი კვება-მოვლის პირობებში მეორე წელს კვერცხმდებლობა არ მცირდება და ზოგიერთი ეგზემპლარები 200 ცალსაც აღწევენ. კვერცხის საშუალო მასა 85 გ-ია. ჭუჭულს ახასიათებს ზრდის სისწრაფე, 50-55 დღის ასაკში აღწევენ 2,7-3,0 კგ-მდე. ხორცი მაღალი ხარისხისაა. პეკინური იხვი ამტანია, არ საჭიროებს წყალსატევებს და ამიტომ ინტენსიურ გამოზრდასა და შენახვას ადვილად ეგუება.

პეკინური იხვის გარდა ჩვენს ქვეყანაში ფართოდაა გავრცელებული  მუშკიანი იხვი. იგი თავისი ბიოლოგიური თავისებურებებით გამოირჩევა. მისი ხორცი გარეული იხვისას წააგავს და დელიკატესად ითვლება.გამოირჩევა ინკუბაციის თავისებურებით, თუ პეკინური იხვის კვერცხის ინკუბაციის ხანგრძლიობა არის 31 დღე, მუშკიანი იხვის კვერცხის ინკუბაციის ხანგრძლიობა შეადგენს 35 დღეს. გარდა ამ ორი ჯიშისა საქართველოში გავრცელებულია იხვის სხვადასხვა პოპულაცია, რომლებიც ადგილობრივ პირობებს კარგად არიან შეგუებულნი.

იხვები მალმწიფადობით, საკვებისადმი ნაკლები მომთხოვნელობით და გამძლეობით გამოირჩევიან. ისინი თავიანთ ცოცხალ მასას 7 კვირის ასაკისათვის 55-60-ჯერ ზრდიან და 1 კგ წონამატზე 2,7-2,9 კგ საკვებს ხარჯავენ. იხვის გამოზრდა შესაძლებელია როგორც ინტენსიური, ასევე ექსტენსიური შენახვის პირობებში. ფერმერული მეურნეობის პირობებში იხვის შენახვა უმჯობესია მსუბუქი ტიპის საფრინველეში ტბის, წყალსაცავის, ან მდინარის ნაპირზე.

კარგი ადაპტაციის უნარი ხელს უწყობს იხვის მოშენებას სხვადასხვა კლიმატურ ზონაში. ზრდის მაღალი ტემპი გაძლიერებული ნივთიერებათა ცვლით და ჟანგბადზე დიდი მომთხოვნელობითაა განპირობებული. ამჟამად, მუშკიანი იხვის მოშენებას ინტენსიაურად იწყებენ, რადგან მისი ხორცი ნაკლებცხიმიანობით გამოირჩევა და საუკეთესო საგემოვნო თვისებებით ხასიათდება. ეს იხვი სხვადასხვა ფერისაა: გვხვდება თეთრი, შავი, ცისფერი, ბრინჯაოსფერი, ზოლიანი და სხვა შეფერილობებიც.სქესობრივი დიმორფიზმი მკვეთრად აქვს გამოხატული, მამლების ცოცხალი მასა 4,5-6 კგ-მდეა, ხოლო დედლების 2,2-3,2 კგ. მოზარდის სუქება10-12 კვირა გრძელდება.

მშობელთა გუნდი

მშობელთა გუნდის შენახვა ისეთი ტიპის საფრინველეებში უნდა ხდებოდეს, სადაც ოპტიმალური მიკროკლიმატი დაცული იქნება. კერძოდ, ოპტიმალური ტემპერატურა +18-200ჩ, შეფარდებითი ტენიანობა 70 %, ზამთარში 80 %. აუცილებელია ჰაერში მავნე აირების შემცველობას კონტროლი დაეწიოს. დასმის სიმჭიდროვე 2,5 ფრთას 1 მ2 უნდა შეადგენდეს. სქესობრივი შეფარდება უნდა იყოს 1 : 4. მშობელთა გუნდის დანიშნულებაა საინკუბაციო კვერცხის წარმოება. მშობელთა გუნდის დასაკომპლექტებლად განსაკუთრებით აწარმოებენ სარემონტო მოზარდის გადარჩევას ექსტერიერით, ცოცხალი მასით და განსაკუთრებულ ყურადღებას კიდურებს და შებუმბვლის მდგომარეობას აქცევენ.

პეკინური იხვი კვერცხდებას 6-6,5 თვის ასაკში იწყებს, მუშკიანი — 7-7,5 თვის ასაკში. ნორმალური კვება-მოვლის პირობებში 5-6 კვირის განმავლობაში იხვის კვერცხდების ინტენსივობა 90 %-მდე აღწევს. განათების რეჟიმი ისე უნდა იყოს დაცული, რომ, როდესაც კვერცხმდებელი180-190 დღეს მიაღწევს, განათება საფრინველეში 17 საათი იყოს. 3-4 კვერცხმდებელზე ეწყობა 1 საბუდარი, რომლის ზომებია: სიგრძე 40 სმ., სიგანე-30 სმ. და სიმაღლე 20 სმ. საბუდარი იატაკიდან10-15 სმ. სიმაღლეზე კეთდება. საფრინველეში ქვეშსაფენად შეიძლება გამოვიყენოთ ნამჯა, ნახერხი, ან ტორფი. თავდაპირველად ქვეშსაფენს ყრიან 5-7 სმ სიმაღლეზე, შემდეგ თანდათან შესაძლებელია დამატება. 1 ფრთაზე სულ 20 კგ. საფენი იხარჯება.

მშობელთა გუნდის კვება სრულფასოვანი უნდა იყოს. კომბინირებული საკვების შემადგენლობაში აუცილებელია შედიოდეს 55-65%-მარცვალი (სასურველია 2-3 სახის — ყვითელი სიმინდი, ხორბალი, ქერი), 5-10%-ქატო, 6-8%-მზესუმზირის კოპტონი, 3-4%-ცხოველური საკვები, 10-15%-ბალახის ფქვილი და 4-6%-მინერალური საკვები.

სარემონტო მოზარდის გამოზრდა

სარემონტო მოზარდის გამოზრდა ყველაზე საპასუხისმგებლოა, რადგან იხვს გადასუქებისკენ ან ნაადრევი სქესობრივი მომწიფებისკენ აქვს მიდრეკილება. ამ მოზარდის მიღება სასურველია მოხდეს 8 თვის ასაკის სადედე გუნდიდან, როდესაც საინკუბაციო კვერცხის მასა არ იქნება 75 გ-ზე ნაკლები. ერთდღიან ასაკში სქესზე გადარჩევას აწარმოებენ, რომლის ტექნიკაც ასეთია: იხვს იყვანენ მარცხენა ხელისგულზე ზურგით ხელის გულისაკენ და ფრთხილად ხსნიან კლოაკას. თუ მამრობითი სქესია კლოაკის ლორწოვან გარსზე, შეინიშნება პატარა ბორცვაკი, რაც მდედრობით სქესს არ ახასიათებს. დახარისხების სიზუსტე 98%-ია. სარემონტო მოზარდს 26 კვირის ასაკამდე ზრდიან, შემდეგ მშობელთა გუნდში გადაჰყავთ. მუშკიანი იხვის სარემონტო მოზარდის გამოზრდას10-11 კვირის ასაკამდე აწარმოებენ.

პეკინური იხვის სარემონტო მოზარდის მამალი 6 კვირის ასაკში 3,0 კგ-ს უნდა იწონიდეს, ხოლო დედალი – 2,8 კგ-ს. მუშკიანი იხვის მამალი 11 კვირის ასაკში უნდა იწონიდეს 3,6-3,9 კგ-ს, დედალი – 2,8-3,0 კგ-ს. საკვები ფრონტი 1 ფრთაზე 9 სმ-ია, ხოლო დარწყულების ფრონტი – 7 სმ. სარემონტო მოზარდის გამოსაზრდელად საფრინველეში დაცული უნდა იყოს იგივე მიკროკლიმატი, როგორც მშობელთა გუნდის გამოზრდის შემთხვევაში. განათების რეჟიმი კი ასეთია: პირველი 1 კვირა 24 საათიანი განათება, 6 კვირის ასაკამდე ხანგრძლიობა მცირდება 8 სთ-მდე, 7 კვირიდან 25 კვირამდე ჰყავთ სტაბილურ 8 სთ-იან განათებაზე.

გამოზრდისას განსაკუთრებული მნიშვნელობაკვებას ენიჭება. სასურველია შემდეგი საკვების სტრუქტურა (%): მარცვლოვანი საკვები-58,3, ქატო-14, კოპტონი-4, ცხოველური საკვები-5, ბალახის ფქვილი-15, მინერალური საკვები-3,7.

სახორცე მოზარდის გამოზრდა

სახორცედ გამოზრდაც ღრმა ქვეშსაფენზე წარმოებს. ერთდღიან იხვებს გამოსაზრდელად სვამენ გამოჩეკიდან არაუმეტეს 12 სთ-ის განმავლობაში. ახალგამოჩეკილი იხვი მოძრავი უნდა იყოს, რეაგირებდეს ხმაურზე, მუცელი აკრული უნდა ქონდეს, ბუმბული სუფთა და თანაბარი, ცოცხალი მასა არანაკლებ 45 გ-ისა. მუშკიანი იხვის გამოზრდას აწარმოებენ 10-11 კვირის ასაკამდე. პეკინური იხვი უფრო სწრაფად იზრდება, ამიტომ მათი დაკვლა მიზანშეწონილია 6-7 კვირის ასაკში. ტემპერატურული რეჟიმი მოზარდის გამოზრდის დროს უნდა იყოს შემდეგი პირველი 1 კვირის განმავლობაში იატაკთან +33-340C, შემდეგ ტემპერატურას თანდათან ამცირებენ და ვ კვირისთვის დაჰყავთ +16-180C-ზე გადაჰყავთ. შენობაში ფარდობითი ტენიანობა 65-75% უნდა იყოს.

3 კვირის ასაკამდე საკვების ფრონტი უნდა შეადგენდეს 1,5-2 სმ-ს, შემდეგ 2 – 4 სმ-ს, დარწყულების ფრონტი შესაბამისად 1 და 2 სმ-ს. სასურველია საიხვეში დღეში ორჯერ წყალი გამოიცვალოს. 1-7 კვირამდე იხვს ერთ ფრთაზე დღეში დარწყულებისათვის 1,1 ლ წყალი ესაჭიროება.მუშკიან იხვს დღეში ესაჭიროება: პირველ კვირას 0,1 ლ წყალი, II კვირას-0,15 ლ., III კვირას-0,25 ლ., ჳვ კვირას-0,32 ლ. შემდეგ დაკვლამდე-0,45 ლ. წყალი. წყლის ნაკლებობა ზრდას ამცირებს, ხოლო 24 საათი უწყლობა-წონამატის ზრდას, რომლის კომპენსირებას 10 დღე სჭირდება.

კიდევ უფრო რენტაბელურია იხვების გამოზრდა წყალსატევთან ახლოს. მაგ., მეთევზეობის წყალსაცავთან ახლოს გამოზრდა საკვების დანახარჯს ამცირებს 30-40%-ით. 1ჰა. ფართობის მქონე წყალსატევზე იხვის რაოდენობა120-150 ფრთას არ უნდა აღემატებოდეს. ასეთი ოპტიმალური დატვირთვის შემთხვევაში ნაკელის გამოყოფის ხარჯზე წყლის ბიომასა იზრდება და იხვი წარმატებით იყენებს მასში არსებულ წყალმცენარეებს.

იხვებისათვის სახორცედ გამოზრდის შემთხვევაში აუცილებელია სრულფასოვანი კვება, რადგან იხვის ბიოლოგიური თავისებურებიდან გამომდინარე მისთვის დამახასიათებელია ზრდის მაღალი ტემპი და საკვების კარგი ათვისების უნარი. პირველ კვირას აუცილებელია საკვებში იყოს პროტეინის მაღალი დონე (21%) და სამიმოცვლო ენერგია 1,26 მგ./ჯოული. იხვის სუქების პერიოდი 55 დღემდე გრძელდება. ამის შემდეგ ორგანიზმში ზრდის ინტენსივობა მცირდება.

ამრიგად, როგორც პეკინური, ასევე მუშკიანი იხვის გამოზრდა მაღალრენტაბელურია, როგორც ფერმერული (გლეხური) მეურნეობის პირობებში, ასევე სამრეწველო საფუძვლებზე, რადგან იხვი დროის მოკლე შუალედში საუკეთესო საგემოვნო თვისებების მაღალი ხარისხის ხორცს იძლევა .

კობა ნაცვალაძე,

სმ მეცნიერებათა დოქტორი,

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიხ. რჩეულიშვილის

მეცხოველეობის ბიოლოგიური საფუძვლების ინსტიტუტის დირექტორი