კახეთს კიდევ ერთი თანამედროვე ფერმა შეემატა

კახეთს, კონკრეტულად კი ყვარელს, კიდევ ერთი ინტენსიური ფერმა შეემატა. 
ფერმის მეპატრონე მინდია გუშკაშვილი მაღალპროდუქტიული ჯიშის ჩამოყვანამდეც მესაქონლეობას მისდევდა, ჰყავდა ადგილობრივი, მის მიერ გაუმჯობესებული ჯიში, რომელსაც საძოვრული სისტემით ინახავდა, თუმცა, გადაწყვიტა რძის ინტენსიურ წარმოებაზე გადასულიყო.დღეს ფერმაში 37 სული მაკე უშობელია (ჰოლშტეინი), რომელიც მეპატრონემ ერთი თვის წინ ლატვიიდან ჩამოიყვანა. ფერმა აღჭურვილია რძის ინტენსიური წარმოებისთვის ისეთი საჭირო მანქანა დანადგარებით, როგორიცაა საწველი დარბაზი და საკვების მიქსერი. რძის გაყიდვა კი სავარაუდოდ მაისიდან დაიწყება.ჩვენი თხოვნით ბატონი მინდია ინტერვიუზე დაგვთანხმდა და მოსაზრებები გაგვიზიარა.

_ რატომ გადაწყვიტეთ ინტენსიურ წარმოებაზე გადასვლა და მაღალპროდუქტიული პირუტყვის შემოყვანა?

_ საძოვრული სისტემიდან გადავწყვიტე, რძის ინტენსიურ წარმოებაზე გადავსულიყავი, რადგან მინდა,  რძე მქონდეს მუდმივად, ზამთარ-ზაფხულ მქონდეს; შევინახო ნაკლები პირუტყვი, მაგრამ უფრო ხარისხიანად და შესაბამისად მეტი რძე მივიღო, ფერმა უფრო მომგებიანი გავხადო.

ვთვლი, რომ ინტენსიური ფერმა უფრო მომგებიანი და რენტაბელური იქნება .

_ თქვენი აზრით, რა არის მთავარი პრობლემები პირუტყვის საძოვრული შენახვისას?

_ პირველი პრობლემა  სეზონების მიხედვით რძის ფასის ცვალებადობაა. გარდა ამისა, კახეთში, რადგან ჩვენ არ ვართ მაღალმთიანი რეგიონი, ბალახი ძალიან სწრაფად ხმება და საქონლის პროდუქტიულობაც ეცემა. კიდევ ერთი პრობლემა არის ის, რომ საძოვარზე გაშვებული ძროხა იოლად შეიძლება  რომელიმე ინფექციით დაავადდეს.

ინტენსიურ წარმოებაზე გადასვლა საკმაოდ დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული, თქვენს შემთხვევაში როგორ მოახერხეთ საჭირო ფინანსების მობილიზება?

_ ფერმის გაფართოების და საჭირო ტექნიკის შესაძენად სესხი ავიღე, ფერმის მოწყობის შემდეგ ის პირუტყვი გავყიდე, რომელიც ადრე მყავდა, მიღებული თანხით  ძველი სესხი დავფარედა პირუტყვის შესაძენად  ახალი სესხი ავიღე.

_ რაც შეეხება საკვებ ბაზას, თუ გაქვთ მაღალპროდუქტიული პირუტყვისთვის შესაბამისი საკვები მომარაგებული?

_ საკვები  პირუტყვის ჩამოყვანამდე  მქონდა მომზადებული. ჩადებული მაქვს 700 ტონა იონჯის სენაჟი და სიმინდის სილოსი, ასევე მაქვს ქერი, სიმინდი და ხორბალი, რომელიც 60 ჰა მიწაზე მოვიყვანე.  მხოლოდ ვიტამინებს და მინერალებს ვყიდულობ.

_ თქვენი აზრით პრობლემაა საქართველოში ინტენსიური ფერმისთვის საჭირო საკვების დამზადება, მოყვანა?

_ ძირითადი საკვების წარმოება, როგორიცაა: მარცვლეული, სილოსი და სენაჟი, პრობლემას არ წარმოადგენს, პრობლემაა მხოლოდ სოიოს ან მზესუმზირის შროტის წარმოება.

_ თუ აწარმოებთ მოლაპარაკებებს რძის ჩამბარებლებთან, მომავალში რძის მიწოდებაზე? 

_ კი უკვე გვაქვს მოლაპარაკებები, ველოდები რომ შემოთავაზებული ფასი  სეზონის მიხედვით არ შეიცვლება, რადგან მე რძეს მივაწვდი სტაბილურად.

_ თქვენი აზრით რამდენ ხანში შეძლებთ ჩადებული ინვესტიციის ამოღებას?

_ მე ვფიქრობ, რომ მაქსიმუმ სამ წელიწადში, თუ გავითვალისწინებთ, რომ ძირითად საკვებს ჩვენ ვაწარმოებთ, საკვები იაფი გვიჯდება, მაგალითად ერთი კილოგრამი სილოსის წარმოება  დაახლოებით 4-5 თეთრი გვიჯდება. თუ შევადარებთ სხვა ქვეყნებს, რძის ფასი კი საქართველოში ძალიან მაღალია. მართალია, ასეთი მაღალი ფასი რძის რაოდენობის მატებასთან ერთად ქვეყანაში აღარ შენარჩუნდება და დაიკლებს, თუმცა ვვარაუდობ, რომ ეს წლების შემდეგ მოხდება. კრედიტის დასაფარავად ვგეგმავ ასევე მამრი მოზარდების გამოზრდას და გაყიდვას.

_ გეგმავთ ფერმის გაფართოებას?

_ ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, შესაძლოა უკვე მომდევნო წლის შემოდგომაზე დამატებით შემოვიყვანო პირუტყვი.

_ რას ურჩევთ მათ ვინც ახლა ფიქრობს ამ ბიზნესში ინვესტიციის ჩადებაზე, რას მიაქციონ ყურადღება?

_ პირველ რიგში უნდა დაფიქრდნენ იმაზე თუ რა სჭირდება ძროხას იმისათვის, რომ იყოს პროდუქტიული და ჯანმრთელი. პირველი, ეს არის სადგომი რომელიც უნდა იყოს მოწესრიგებული, რათა ნორმალური პირობები ქონდეს ძროხას. მეორე, ეს არის საკვები ბაზა, რომელიც მზად უნდა ქონდეს ფერმერს და მესამე – ის მანქანა-დანადგარები, რომელიც საჭიროა ფერმის ფუნქციონირებისათვის, როგორიცაა საწველი დანადგარი, მიქსერი და ტრაქტორი. ყველა ამ წინაპირობის არსებობის შემთხვევაში უნდა მოხდეს პირუტყვის ჩამოყვანა, წინააღმდეგ შემთხვევაში ფერმერს ექმნება პრობლემები. ძროხის ჩამოყვანა არ წარმოადგენს პრობლემას, მთავარი მისთვის საჭირო პირობების შექმნაა.

წყარო: georgiandairy.org

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.