ქართული ჩირი „ჩირიფრუტი“ ევროპულ ბაზარზე თავის დამკვიდრებას ცდილობს

ჩირი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და ნატურალური ნუგბარია. გამხმარ ხილში გაცილებით მეტი ვიტამინია შენარჩუნებული, ვიდრე მაცივარში სეზონურად შენახულ პროდუქტში. ჩირი ადამიანისთვის სრულფასოვანი საკვებია და შეიცავს ახალი ხილის ყველა სასარგებლო ნივთიერებას.

არაჩვეულებრივმა ქალბატონებმა დებმა სოფო, მადონა და მაია ჯიქიებმა ჩირის საშრობი საწარმო შექმნეს, სადაც რამდენიმე სახეობის ხილს ჩირავენ, ასევე აკეთებენ ტყლაპს და ფორთოხლის ცუკატს. საწარმოს „ჩირიფრუტი“ დაარქვეს, რომელიც ნელ-ნელა იმკვიდრებს ადგილს ადგილობრივ ბაზარზე. „Sputnik–საქართველო“ საწარმოს ერთ-ერთ დამფუძნებელს სოფო ჯიქიას ესაუბრა.

სოფო, მაია და მარიამ ჯიქიები

— მუსიკალური განათლება მაქვს მიღებული, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი დავამთავრე. მყავს ოთხი შვილი — ოთხი ბიჭის დედა ვარ. სასულიერო აკადემიაში ვმუშაობდი. აღებული ხელფასი არ იყო საკმარისი ოთხი ბავშვისთვის. ამიტომ ვფიქრობდი ჩემი საქმე წამომეწყო. ყველაფერი კი ოთხი წლის წინ დაიწყო. ერთ დღეს მამაჩემმა რაიონიდან გამოგვიგზავნა ჩირი, რომელიც ძალიან ლამაზად იყო შეფუთული. როგორც კი გავხსენი და დავინახე, მაშინვე წამოვიყვირე, ამის ბიზნესი უნდა დავიწყო–მეთქი. დავურეკე ჩემ დებს და ვიყიდეთ საშრობი. ოთხი და ვართ. უმცროსი საოპერო მომღერალია, ამიტომ ის ვერ ჩაერთო ამ საქმიანობაში და შორიდან გვქომაგობს. ჩვენ აქტიურად ვართ ამ საქმეში ჩართული და ერთად ვუძღვებით ყველაფერს. თავიდან ექსპერიმენტებს სახლში ვატარებდით, შემდეგ უფრო სერიოზულად დავიწყეთ ამ საქმის გაშლა. მამამ გაგვიკეთა დიდი დანადგარი. ამის შემდეგ წავედით სომხეთში, გავიარეთ ერთკვირიანი ტრენინგი. დილიდან საღამომდე ვაკვირდებოდით და ჩვენ თვითონაც ვმუშაობდით, თავად ვიღებდით მონაწილეობას ყველა პროცესში. ვისწავლეთ მზეზე შრობის ტექნოლოგია. ამ ყველაფერს მივამატეთ ჩვენი ტექნოლოგია, გამოცდილება, იდეები და ასე მივიტანეთ მომხმარებლამდე „ჩირიფრუტი“.

 – ბაზარზე მოთხოვნა შესაბამისია?

— მოთხოვნა არის, მაგრამ ბევრი უნარ-ჩვევაა საჭირო, რომ მართო ბიზნესი. რაც უფრო ფართოვდები, მით უფრო მეტი რესურსი სჭირდება თანხის და ცოდნის თვალსაზრისით. უკვე პროფესიონალური მიდგომაა საჭირო. ჩირი არის ძვირადღირებული პროდუქტი. ვინაიდან ხელით კეთდება, ბევრი დრო და შრომა სჭირდება. ამის მიუხედავად მოთხოვნა დიდია. ჩვენც ვცდილობთ უფრო და უფრო შევაყვაროთ მომხმარებელს ეს გემრიელი და არომატული ნუგბარი. ვერ ვიტყვი, რომ ეს იმდენად პოპულარული პროდუქტია, ყველა ოჯახში მაგიდაზე უდევთ. თუმცა ჩვენ ვეცდებით ის ყველა ოჯახში მნიშვნელოვანი და აუცილებელი პროდუქტი გახდეს. ჯერ გვინდა საქართველოში მოვახდინოთ მისი პოპულარიზაცია და შემდეგ საზღვარგარეთაც გავიტანოთ. როცა საჩუქრად მიაქვთ უცხოეთში, იქ დიდი მოწონებით სარგებლობს ჩვენი პროდუქტი და ამიტომ ევროპიდან ძალიან დიდია მოთხოვნა. მაღაზიები უკვე გველოდებიან, მაგრამ ამას სერტიფიცირება და სხვა სტანდარტები სჭირდება. ამისთვის ჩვენ მუხლჩაუხრელად ვშრომობთ.

მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი არის დედა. თუ რაიმე იმედგაცრუებაა, ის გულის გატეხვის და მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. ის ჩვენი ერთ-ერთი წამყვანი ძალაა. მის გარეშე ძალიან გაგვიჭირდებოდა.

 – რამდენი სახეობის ჩირს აწარმოებთ?

— გვაქვს ალუბლის კერკი, ტყლაპი, ვაშლის, ქლიავის, ატმის ჩირი, ფორთოხლის ცუკატი. ჩვენი რეცეპტით ჩვენ თვითონაც ვიგონებთ რაღაც კანფეტებს, ჩირს ვავლებთ შოკოლადში და ძალიან გემრიელი გამოდის. დიდ ყურადღებას ვაქცევთ უპირველესად გემოვნურ თვისებებს და შემდეგ შეფუთვას. გვაქვს ორიგინალური და ძალიან დახვეწილი შეფუთვა.

 – შეფუთვას დიზაინერი აკეთებს?

— ყველა ამას გვეკითხება. შეფუთვას ჩემი და აკეთებს. გიჟდება მსგავს საქმიანობაზე. საკმაოდ კარგი ფანტაზიის უნარი აქვს. ყოველდღე ახალი შეფუთვა, ახალი ვიზუალი და იდეა მოაქვს. ვცდილობთ ამით მოვხიბლოთ მომხმარებელი და შევაყვაროთ „ჩირიფრუტი“. ყველა, ვინც სინჯავს, იმ დღესვე ჩვენი გულშემატკივარი ხდება. თუმცა ჩვენ ჯერ კმაყოფილი არ ვართ. გვინდა უფრო სწრაფი ტემპით წავიდეთ წინ. ვოცნებობ ერთი პატარა, გამართული საწარმო ჰქონდეს საქართველოს, რომლითაც იამაყებს ქართველი მომხმარებელი. მნიშვნელოვანია, როცა უცხოელი მოვა და კმაყოფილი წავა ჩვენი ქვეყნიდან. პროდუქტი ისეთი თემაა, როცა მიირთმევ და მოგწონს, ეს ემოცია გაგყვება. ისეთი პროდუქცია უნდა დაახვედრო ტურისტს, რომ მეორედ ჩამოსვლის სურვილი გაუჩნდეს.

 – გემოვნური თვისებების გარდა რა სასარგებლო თვისებები გააჩნია ჩირს?

— რაც ყველაზე მთავარია, ჩირი ინარჩუნებს ვიტამინებს, ყველაფერს, რაც ღირებული და სასარგებლოა. ბევრი ხილი არსებობს, რომლის მიღებაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ძალიან დეფიციტურია ზამთარში. თუ გავაშრობთ ამ ხილს, თავისთავად ამ ვიტამინებით შეივსება ორგანიზმი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. დაკონსერვებულ კომპოტებზე ბევრად უკეთესია ჩირის კომპოტი. ეს არის ერთ-ერთი მისაღები პროდუქტი ვიტამინების მხრივ. მთავარია დაჩირვის ტექნოლოგია სწორად იყოს შესრულებული და დაცული იყოს საჭირო ტემპერატურა.

 – ხილს თქვენ თვითონ ჭრით და ამუშავებთ?

— არა მარტო ჩვენ, უკვე თანამშრომლებიც გვყავს.

– სამომავლო გეგმებიც გაგვანდეთ…

— სულ ახლახან ჩვენი დახლი გავხსენით „თბილისი გალერეაში“. ეს საკმაოდ წარმატებული ნაბიჯი იყო ჩვენთვის. მომხმარებელს პირველად გავუხსენით ჩვენი კუთხე. იქ უკეთ ვიგებთ მომხმარებლის სურვილებს, მოთხოვნებს. ჩვენ ვცდილობთ ხარისხი იყოს უმაღლესი. ამ ეტაპზე ჩვენი უპირველესი მიზანი არის სერტიფიცირება. როცა ამას მივიღებთ, მერე უკვე ევროპისკენ გაიღება კარები.

მერი ბლიაძე

წყარო: sputnik-georgia.com