აგროსიახლეები

„მესაქონლეობის ექსპო“ 2019 _ მეწველი ფურები, დეკეულები, ხბოები პოდიუმზე 

პირველად საქართველოში ყოველწლიური „მესაქონლეობის ექსპო“ გაიმართება, სადაც საქართველოს მასშტაბით მოქმედი 19 ფერმის ორმოცდაათამდე მეწველი ფური, დეკეული და ხბო ექსპოს პოდიუმზე ერთმანეთს შეეჯიბრება. ღონისძიების ორგანიზატორებია „საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაცია“ და „საქართველოს მერძევეობის ასოციაცია“.

„მესაქონლეობის ექსპო“ 2019 წლის, 26 ოქტომბერს, შაბათს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე, თბილისის იპოდრომზე, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე  გაიმართება.  

„მესაქონლეობის ექსპო“ 2019-ის მიზანი საქართველოში რძისა და ხორცის სექტორებში კონკურენტუნარიანობის განვითარების ხელშეწყობა; მაღალპროდუქტიული გენეტიკის მქონე მსხვილფეხა საქონლის და ადგილობრივი სელექციური ჯიშების პოპულარიზაცია და მათ მოშენებისთვის ინვესტიციების წახალისებაა, რაც აუცილებელია საქართველოში რძისა და ხორცის სექტორების მიმართ მომხმარებლის ნდობის მოსაპოვებლად და მათი შემდგომი განვითარებისთვის.

„მესაქონლეობის ექსპო“ 2019 ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც მსხვილფეხა საქონლის მფლობელ ფერმერებს და რძის მწარმოებლებს ხელს შუწყობს გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები და ბაზარზე ორიენტირებულები.

მსხვილფეხა საქონლის გამოფენა-შეჯიბრის პარალელურად, ვიზიტორ ფერმერებს შეეძლებათ გაეცნონ დარგის თანამედროვე ტექნოლოგიებს და ძირითადი საშუალებების მიმწოდებლებს, მათ შორის, მესაქონლეობისათვის საჭირო ტექნიკას და პროდუქციის წარმოებისთვის სხვა დამხმარე საშუალებებს, რომლებიც გამოფენილი იქნება ოცდათხუთმეტ სტენდსა თუ საინფორმაციო დახლზე.

მესაქონლეობის ექსპოში მონაწილეობას მიიღებენ: ფერმერები, მსხვილფეხა საქონლის იმპორტიორები, სახელმწიფო სამსახურები, მეცნიერები, ცხოველთა საკვების მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიები, სასოფლო-სამეურნეო საშუალებების მომწოდებელი კომპანიები, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გადამამუშვებლები, ფინანსური ორგანიზაციები, პროფესიული და ინდუსტრიული ასოციაციები. ამასთან, „მესაქონლეობის ექსპოზე“ დარგის წამყვანი მკვლევარებისა და ტექნიკური ექსპერტების ერთ სივრცეში შეხვედრის და თანამშრომლობის დამყარების შესაძლებლობაც არის. 

გარდა ამისა, ექსპოზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ადგილობრივი ნედლი რძისგან წარმოებული რძის პროდუქტები და მიიღონ ინფორმაცია რძის პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებლების შესახებ.

სხვადასხვა კატეგორიის მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა საქონლის ჯიშები, როგორებიცაა:  ჰოლშტეინი, წაბლა, შვიცი, ასევე ქართული ადგილობრივი ჯიშები: მეგრულ წითელს და კავკასიურ წაბლას შეაფასებენ ესტონეთიდან მოწვეული ექსპერტები და ქართველი სპეციალისტები.

გამარჯვებული მსხვილფეხა საქონელი, კერძოდ ჩემპიონები და ვიცე-ჩემპიონები დასაჩუქრდებიან სპეციალური პრიზებით, რომლებიც მსხვილფეხა საქონლის ინდუსტრიაში ჩართულმა ორგანიზაციებმა დააწესეს.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან „საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაცია“ და „საქართველოს მერძევეთა ასოციაცია“.

ღონისძიების პარტნიორია აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი – „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“, რომელსაც ახორციელებენ Land O’Lakes Venture37-ი და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია. გენერალური სპონსორია – „საქართველოს ბანკი“, ოქროს სპონსორი – „ნუტრიმაქსი“, ვერცხლის სპონსორი – „სანო“.