მიწისქვეშა სასმელი წყლის ჭაბურღილების სახელმწიფო აღრიცხვის ახალი წესი ამოქმედდა
1 სექტემბრიდან საქართველოში მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის ჭაბურღილების სახელმწიფო აღრიცხვის ახალი რეგულაცია ამოქმედდა.
ახალი წესი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჩართულობით მომზადდა და საქართველოს მთავრობის №424 დადგენილებით დამტკიცდა.
რა მიზანს ემსახურება ახალი რეგულაცია?
დადგენილება განსაზღვრავს მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის ჭაბურღილების სახელმწიფო აღრიცხვის პროცედურებს. მისი მთავარი მიზანია მიწისქვეშა წყლის რესურსების შესახებ მონაცემების სისტემატიზებული შეგროვება და ერთიანი ჰიდროგეოლოგიური მონაცემთა ბაზის შექმნა.
აღრიცხვის შედეგად მიღებული ინფორმაცია ხელს შეუწყობს მიწისქვეშა წყლის ობიექტების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მდგომარეობის მონიტორინგს, არსებული რესურსების შეფასებასა და მათი დაცვისა და მდგრადი გამოყენებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას.
ვინ განახორციელებს აღრიცხვას?
ჭაბურღილების სახელმწიფო აღრიცხვას გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტი განახორციელებს. შექმნილი ჰიდროგეოლოგიური მონაცემთა ბაზა პერიოდულად განახლდება და მიწისქვეშა წყლის რესურსების მართვისთვის მნიშვნელოვანი საინფორმაციო საფუძველი გახდება.
მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის ჭაბურღილების სახელმწიფო აღრიცხვის ახალი სისტემა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის წყლის რესურსების დაცვისა და რაციონალური გამოყენებისთვის. სრულყოფილი მონაცემთა ბაზა სახელმწიფოს შესაძლებლობას მისცემს, უკეთ შეაფასოს მიწისქვეშა წყლების მდგომარეობა, დროულად გამოავლინოს არსებული გამოწვევები და რესურსების მდგრადი მართვისთვის ეფექტიანი გადაწყვეტილებები მიიღოს.
დადგენილების ბმული იხილეთ აქ: https://nea.gov.ge/Ge/Legislations

