„მწვანე სახლი“ ლისის ტბაზე – ადგილი, სადაც ბიოპროდუქტს აწარმოებენ
– ფერმერობის პარალელურად ინტერიერის დიზაინში ისევ მოღვაწეობთ?
— არა, მთლიანად დავუთმე დრო ფერმერულ მეურნეობას. ამჟამად მაქვს ორგანული და ბიო-მეურნეობა, მომყავს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, ბოსტნეული, ბაღჩეული კულტურები, სალათის ფოთლების ნაირსახეობა და ა.შ.
— დიდხანს ვცხოვრობდი საზღვარგარეთ. როცა დავბრუნდი საქართველოში, ჩემ მშობლებს ჰქონდათ სათბური. ამ ტერიტორიაზე თერმული წყლებია. სწორედ ამან გადააწყვეტინა ჩემ მშობლებს აეშენებინათ სათბური, სადაც ბიოპროდუქტს მოიყვანდნენ. გარკვეული პერიოდი სათბური გაჩერებუი იყო. როცა პროდუქტის საყიდლად მივდიოდი, ვერ ვშოულობდი ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეულს, ამიტომ გადავწყვიტე შემემუშავებინა ეს სტრატეგია, გამეფართოებინა სასათბურე მეურნეობა, დამემატებინა ის კულტურები, რომლებიც აქ არ იყო. ჩემი მთავარი პრინციპი ის იყო, რომ მოყვანილი პროდუქტი ყოფილიყო ეკოლოგიურად სუფთა, უნიტრატო, ქიმიური სასუქის გარეშე, ორგანულ სასუქზე მოყვანილი.
— ჩემმა მშობლებმა დაიწყეს საფირმო პომიდორის წარმოება. ახლა ამ პროდუქტის მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს. გვაქვს „ჩერი“ პომიდორის რამდენიმე კულტურა, გვაქვს ფერადი, შავი, ყვითელი, თეთრი ჩერის პომიდორი, რომელიც არის ბიოსაკვებით მოყვანილი და არის მიკროელემენტებით გაჯერებული. არ ვხმარობთ ნიტრატს, შესაბამისად, დანაკარგიც დიდია და მოსავალიც გვიფუჭდება, როცა ვერ ასწრებს დიდხანს გაძლებას. ამის მიუხედავად ვინარჩუნებთ ჩვენ ძირითად პრინციპს, რომ პროდუქტი უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა.
ჩვენ გვაქვს გარკვეული ტექნოლოგიები, რომლითაც დიდხანს ვინარჩუნებთ მოსავლიანობას. სტაფილო, ჭარხალი, კარტოფილი მოგვყავს ზაფხულში და ვინახავთ. პერიოდულად ვამატებთ ბროკოლს, ყვავილოვან კომბოსტოს. ესენი პრაქტიკულად მთელი წელიწადი გვაქვს. თუმცა დღესდღეობით მოთხოვნა იმაზე მეტია, ვიდრე ამის დაკმაყოფილება შეგვიძლია.
— ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. ბოლო ორი წელია ძალიან აქტუალური და პოპულარული გახდა ბიომეურნეობა, მაგრამ ბევრმა ფერმერმა ვერ გაუძლო, რადგან მსგავსი პროდუქტის წარმოება რთულია. ბევრი შეეცადა უსასუქო, უნიტრატო მოსავალი მოეყვანა, მაგრამ ვერ შეძლეს და ისევ მინერალურ სასუქებს დაუბრუნდნენ, რომ მეტი მოგება დარჩენოდათ. მე ძალიან კრიტიკულად ვარ განწყობილი ამ თემის მიმართ. ყოველთვის ვამბობ, რომ ამ სეგმენტში დღეს კონკურენტი არ მყავს.
სამწუხაროდ, ვერ გავფართოვდი, რადგან ყველანაირი კრიზისი შემეხო. აგროსესხი მაქვს აღებული, ტარიფებზე არანაირი შეღავათი არ მაქვს, ფერმერებისთვის დაზღვევა არ არის კარგი და მოქნილი, რადგან ფერმერს ზარალის ანაზღაურება სჭირდება მაშინვე და არა ექვსი-შვიდი თვის შემდეგ. მაშინვე უნდა მოხდეს დათესვა, დაზიანებული ადგილების შეკეთება და ა.შ.
საქართველოს ნამდვილად აქვს პოტენციალი, რომ მთლიანად ორგანულ და ბიო-მოსავალზე გადავიდეს. ამით დასაქმდება ხალხი, განვითარდება სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და ეკონომიკა. ვფიქრობ, ჩვენთან ეს კულტურა არსებობს და ნელ-ნელა უბრუნდება ხალხი მიწას, რაც ძალიან სასიხარულოა. უბრალოდ ამას ხელშეწყობა და განვითარება სჭირდება.
— ეს გამოცდილება სწორედ უცხო ქვეყნებიდან ჩამოვიტანე. ვცხოვრობდი ევროპის ქვეყნებში – საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ასევე მონაკოში, ბოლო პერიოდი ვცხოვრობდი მოსკოვში. იქ იყო ორგანული ფერმერული მარკეტები, სადაც შეგეძლო შეგეძინა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. რა თქმა უნდა, უფრო ძვირი იყო, რაოდენობა კი უფრო შეზღუდული, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ სახლში სუფთა პროდუქტი მიჰქონდა.
თანამედროვე ეპოქაში სტრესული სიტუაცია გაუარესდა, მოიმატა დაავადებებმა, ამიტომ ვისაც ურჩევნია გაუფრთხილდეს ჯანმრთელობას, უნდა მიიღოს ბიოპროდუქტი და იკვებოს ჯანსაღად, რადგან კვებიდან იწყება ყველაფერი. ნიტრატი არის ისეთი კანცეროგენული ნივთიერება, რომელიც შესაძლოა თაობებს გადაეცეს, შემდეგ კი ამის გამოდევნა ორგანიზმიდან ძალიან რთულია. სწორედ ამიტომ გახშირდა სხვადასხვა დაავადებები. დღეს უკვე ბევრი ოჯახი მოდის ჩვენთან, ასევე პედიატრები აგზავნიან მშობლებს ჯანსაღი საკვების შესაძენად. მომხმარებლები ზოგჯერ თავადაც იღებენ კრეფის პროცესში მონაწილეობას და ეს ძალიან მოსწონთ. თავისი შვილებისთვის, ოჯახებისთვის კალათებს ავსებენ და კმაყოფილები ბრუნდებიან შინ.
– ფიზიკურადაც გიწევთ, ალბათ, მუშაობა. რამდენად რთულია ქალისთვის ფერმერობა?
— რა თქმა უნდა, სირთულე ბევრია. ეს არის საოჯახო ბიზნესი. ყველა ვართ დატვირთულები და ყველას ჩვენ-ჩვენი პოზიცია გვაქვს. რა თქმა უნდა, ფიზიკურადაც მიწევს მუშაობს. ასევე მყავს დამხმარეები, რომლებიც პერიოდულად გვეხმარებიან.
— ადგილზევ ვყიდი, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე „მწვანე სახლში“. მოდიან ჩვენთან მსურველები და სასურველი რაოდენობის პროდუქტს იძენენ. სეზონურად გვაქვს ხილი, ბოსტნეული, ჩვენი საფირმო პროდუქტი კი ბიო-პომიდორია.
– მომავალში რა სიახლეს გეგმავთ?
— სიახლეს ბაზარი განაპირობებს. გააჩნია, რაზე იზრდება მოთხოვნა. არ ვუშინდები და უპირატესობას ვანიჭებ ექსპერიმენტებს.
მერი ბლიაძე
წყარო: sputnik-georgia.com