ქართული ვაზის ჯიშები – ჩვენი ეროვნული საგანძური (მოკლე მიმოხილვა)
ჩვენ ქვეყანას – საქართველოს ადგილობრივ ვაზის ჯიშთა სიმრავლით უდაოდ წამყვანი ადგილი უკავია მსოფლიოს მევენახეობა-მეღვინეობის ძველსა, თუ ახალ ქვეყნებს შორის. ჩვენმა წინაპრებმა ძალზე დიდი შრომა გასწიეს და ბევრი დროც მოანდომეს ქართული ვაზის ჯიშების გენოფონდის შექმნას, რის შედეგადაც დღეს ჩვენ 500 – ზე მეტი ვაზის ადგილობრივი და ამასთან უნიკალური ჯიში მოგვეპოვება. ცხადია ამდენი ვაზის ჯიშის გამოყვანა ერთი და ორი დღის საქმე არ იყო, ამასთან ეს საქმე დარგის ზედმიწევნით ცოდნას მოითხოვდა, მაგრამ უტყუარი ფაქტი სახეზეა. ქართული უნიკალური ვაზის ჯიშები საოცარი სიზუსტითაა მორგებული და მისადაგებული საქართველოს კუთხეებს. ამაზე თავად ვაზის ჯიშთა დასახელებებიც მეტყველებს. ზოგიერთ შემთხვევაში ესა თუ ის ვაზის ჯიში საქართველოს რომელიმე რეგიონის სახელს ატარებს, მაგალითად: ჯავახეთურა, კლარჯული, მესხური, კახური და სხვ. რიგ შემთხვევებში ჯიში შეასაძლოა ქალაქისა და სოფლის სახელითაა სახელდებული: ბზვანურა, არაგვისპირული, საირმულა, ხოვლეურა, წნორის თეთრი, სეურა და სხვ. მაგრამ გვხვდება ისეთებიც, რომლებიც სოფლის ცალკეული უბნების სახელებითაც კი მოიხსენიება. გარდა ამისა ვაზის ჯიშების სახელები უკავშირდება: ადამიანის გვარსახელებს; ყურძნის დანიშნულებას; მარცვლის შეფერილობას; მტევნისა, თუ მარცვლის მოყვანილობასა და ზომას; მოსავლის პერიოდს; ვაზის ნაწილებს; ვაზისა და მტევნის ბუნებას… თუმცა გვხვდება ისეთებიც, რომელთა დასახელებები ზემოჩამოთვლილთაგან არც ერთს არ უკავშირდება.
ქართველმა მევენახემ ვაზს თვიდანვე ორი დანიშნულება მისცა – საღვინე და სასუფრე. სასუფრე მიმართულების თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა ვაზის ადგილობრივ ჯიშთა ასორტიმენტით ნამდვილად არ არის ღარიბი. ჩვენი ქვეყნის მევენახეობის ყოველ რეგიონს გააჩნია თავისი საკუთარი სასუფრე ვაზის, ამასთან არაერთი ჯიში, რომლებიც გამოირჩევიან, როგორც ტრანსპორტირების, ისე შენახვის მიმართ გამძლეობით. ამგვარი ჯიშები ასევე გამოირჩევიან მაღალი გემოვნური თვისებებით, შედარებით დაბალი მჟავიანობითა და მაღალშაქრიანობით, ნაკლებ წვნიანი და ხორციანი რბილობით. მაგრამ მაინც უნდა აღინიშნოს, რომ სასუფრე ვაზის ჯიშების მთავარ სიკეთედ სხვებთან ერთად მაინც ხანგრძლივად შენახვის უნარი ითვლება. ზოგიერთი ვაზის სასუფრე ჯიში პირველი თოვლის მოსვლამდეც კი რჩება ვაზზე და თავისთავად ცხადია, რომ ასეთ დროს ყურძენს ბუნებრივად უნდა გააჩნდეს გამძლეობის უნარი. ამგვარი ვაზის ჯიშები ხშირად სიმწიფის ჳვ – ვ პერიოდით ხასიათდებიან. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რიგ შემთხვევებში სასუფრე და საღვინე ჯიშებში ერთგვარ გადაფარვასაც ვხვდებით. მაგალითად ქართლის თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ჩინებული (ჩინური) გამოიყენება, როგორც საღვინედ, ისე სასუფრედაც. ასევეა, მაგალითად: რქაწითლის, ალადასტურის, გორულას, ცოლიკოურის, კლარჯულისა და სხვათა შემთხვევებშიც.
საინტერესოა ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი. გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწე, ისტორიკოსი და გეოგრაფი – ვახუშტი ბატონიშვილი საქართველოში ბარად მიიჩნევს ადგილს, სადაც ვაზია კულტივირებული და ხარობს, ხოლო მთად კი ადგილს, სადაც ვაზი ზღვის დონიდან სიმაღლისა და სიცივის გამო ვერ ხარობს. ასერიგად ვახუშტის თქმით, რაც ცალსახად მართებული აზრია, ჩვენში მთისა და ბარის განმსაზღვრელ მთავარ კრიტერიუმად სწორედ ვაზის კულტურა გვევლინება.
საქართველოს ზოგიერთ რეგიონსა, თუ ადგილას ვაზი არ ხარობს, როგორიცაა, მაგალითად: ხევი, ხევსურეთი, თუშეთი, სვანეთი. ასევე მთიულეთისა და ფშავის დიდი ნაწილი და სხვა ადგილები კახეთში, ქართლში, რაჭაში… მაგრამ ჩამოთვლილი რეგიონები ისე, როგორც მთელი საქართველო, თავიდან ბოლომდე უკავშირდება ვაზისა და ღვინის კულტურას. ამაზე ბევრი ფაქტი, თუ ისტორიული დოკუმენტი მეტყველებს. ამაზე, იგივე ვახუშტი ბატონიშვილიც საუბრობს ქართლის ცხოვრებაში, სადაც იგი საქართველოს ზოგიერთი მაღალმთიანი ადგილის შესახებ ამბობს, რომ მართალია აქ ვაზი არ ხარობს, მაგრამ აქაურებს ყურძენი, თუ ყურძნის ტკბილი ბარიდან ამოაქვთ და ქვევრებში აყენებენ ღვინოსო… ამიტომაც საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში არაერთი მარანია შემორჩენილი დღემდე. ეს იმიტომ, რომ ქართველ კაცს, სადაც არ უნდა ეცხოვრა, იგი უღვინოდ არ ცხოვრობდა და ვაზიცა და ღვინოც ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის კულტურის განუყოფელი ნაწილი.
საქართველო არა მხოლოდ კულტურული, არამედ ვაზის ველური ფორმებითაც არის მდიდარი. ჩვენი ქვეყნის ტყეებში დღემდე მრავლად გვხვდება ხეებზე ასული ველური ვაზი (ვიტის სილვესტრის), საიდანაც, როგორც წერილობითი წყაროებიდან ირკვევა მოსახლეობა ღვინოსაც კი აყენებდა.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ უკანასკნელ ხანს ჩვენს ვენახებს სენივით მოედო ე.წ. „უწამლი“ ვაზი (სახეობათშორისი ჰიბრიდები), რომელთა დასახელებები ვენახის მეპატრონეებმა ხშირად არც კი იციან. და ეს ყველაფერი კი იმის ფონზე ხდება, როდესაც ქართულ ვაზის ჯიშთა სიმრავლე და მრავალფეროვნება პირდაპირ გაოცებას იწვევს. ანდა რა შეიძლება ეწოდოს, მაგალითად იმას, როდესაც გურიაში ჩვენ გვაქვს ისეთი უნიკალური ვაზის ჯიშები, რომლებიც არათუ მხოლოდ გურიის, არამედ შესაძლოა მსოფლიო ჯიშებად ჩაითვალოს, როგორებიცაა: ჩხავერი, ალადასტური, საკმიელა… და ამის მიუხედავად ამ მხარეში წამყვანი ვაზია ყოვლად უვარგისი „ადესა“. იგივე შეიძლება ითქვას კახეთზე – საფერავისა და რქაწითლის ქვეყანაზე, სადაც „ვაქირულამ“ და „შანიძემ“ წალეკა ეს მხარე. სხვაგან „დირბულა“, „მოლდავანკა“, „ქიწნურა“ და სხვ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ვენახების გასაშენებლად ხშირად უცხოეთიდან შემოაქვთ ფრანგული საღვინე ჯიშები. ჩვენში უკვე არაერთი ვენახია გაშენებული „კაბერნე სოვინიონის“, „მერლოს“, „შარდონესა“ და „პინოს“ ჯიშებიდან, რაც, უნდა აღინიშნოს, რომ დარგის გულშემატკივრებში ირონიულ ღიმილს იწვევს… ცხადია ამგვარი რამ არავის აუკრძალავს, მაგრამ ის კი ნამდვილად გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს ყველაფერი თვალსაჩინო მაგალითისათვის, ჩვენი ქართული ენის ჟარგონებითა და ბარბარიზმებით დაბინძურებას უფრო ჩამოჰგავს შინაარსობრივად. „თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პატასაო“… ჩვენს წინაპრებს ასე რომ ეფიქრათ და ემოქმედათ 500 კი არა 5 ვაზის ჯიშიც კი არ გვექნებოდა. ჩვენ, ჩვენი წინაპრების ღვაწლს თავად უნდა მივაგოთ ჯეროვანი პატივი და ყურადღება, თორემ ამას ჩვენს მაგივრად სხვა არ გააკეთებს. თუკი ვაზის ქართულ ჯიშთაგან არცერთი არ აღმოჩნდა ღვინის დასაყენებლად ვარგისი მაშინ კი ბატონო, მაგრამ საქმე ამგვარადაა? უცხოური საღვინე ვაზის ჯიშების ადგილი ნამდვილად არის საქართველოს ამპელოგრაფიულ ნაკვეთებში და ეს ცალსახად უდაოა, მაგრამ მათ ჯერ-ჯერობით არაფერი ესაქმებათ საწარმოო ვენახებში, რადგან ჩვენ საამისო არა გვიჭირს რა.
დასასრულს გვინდა აღვნიშნოთ, რომ აუცილებელია საქართველოს მევენახეობის ყოველი კუთხის მკვიდრმა საკუთარი ვაზის ჯიშების გამრავლებაზე იზრუნოს. საფერავიცა და რქაწითელიც ვაზის უნიკალური ჯიშებია, მაგრამ მათი ადგილი კახეთშია და არა იმერეთში, ისევე, როგორც, მაგალითად ალექსანდროულისა რაჭაში, უსახელოურისა ლეჩხუმში, ანდა ჩინებულისა ქართლში და სხვ.
წარმატებებს ვუსურვებთ მათ, ვინც ჩვენი წინაპრების მიერ ჩვენამდე სისხლის ფასად მოტანილი ქართული ვაზის უნიკალური ჯიშების ფესვებს აფასებს და ახარებს.
გიორგი ბარისაშვილი
მცხეთა 2014 წ.