აგროსიახლეები

რა გავლენა იქონია სუბსიდირების პროგრამამ ძირითადი სასურსათო პროდუქტების ფასებზე?

მთავრობამ ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების მიზნით სუბსიდირების პროგრამა განახორციელა. პირობა კი შემდეგია: მთავრობა ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქციის მსხვილ იმპორტიორებს კურსთა შორის სხვაობას დაუფარავს. იმ კონკრეტულ დღეს, როცა იმპორტიორი შეიძენს პროდუქტს, დოლარის შემთხვევაში კურსი დაფიქსირდება 3 ლარზე (1 აშშ დოლარი=3ლარი), ევროს კურსი 3.3 ლარზე (1 ევრო=3.3 ლარი). იმპორტიორს დოლარის შემთხვევაში 3 ლარისა და ევროს შემთხვევაში 3.3 ლარის ზემოთ ფასნამატს სახელმწიფო გადაუხდის.

დასაწყისში სუბსიდირება შეეხებოდა 9 ძირითად პროდუქტს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ პროგრამას ხორბლის იმპორტის თანადაფინანსება გამოეყო, დარჩა 7 პროდუქტი: ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, რძის ფხვნილი და ლობიო.

როგორც ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაშია მოცემული, სუბსიდირების პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 15 მილიონ ლარს. ამ ფონზე საინტერესოა რამდენად გაამართლა აღნიშნულმა პროგრამამ და როგორია ძირითადი პროდუქტების ფასების ცვლილებები, რისთვისაც განვიხილოთ 2019 წლის აპრილის თვის ინფლაცია წინა თვესთან შედარებით:

• შაქარი _ 10,5%;
• ლობიო ხმელი _ 8,2%;
• წიწიბურა _ 7,0%;
• მაკარონი და მაკარონის ნაწარმი _ 5,7%;
• ხორბლის ფქვილი _ 4,8%;
• შესქელებული რძე და რძის შემცველი პროდუქტი _ 4,5%;
• ბრინჯი _ 4.1%;
• მზესუმზირის ზეთი _ 0,6%;
• ხორბლის პური _ (-0,1%).


როგორც ვხედავთ, პურისა და ზეთის გარდა ყველა პროდუქტზე მნიშვნელოვნად გაიზარდა ფასები. ამასთან თუ შევადარებთ ბოლო 3 თვის მაჩვენებლებს, აღნიშნულ პროდუქტებზე ყველაზე მაღალი ინფლაცია სწორედ აპრილში მოხდა. სეზონური გავლენის გამორიცხვის მიზნით, ბოლო სამი წლის ტენდენციასაც თუ გადავხედავთ, ვნახავთ რომ აღნიშნულ პროდუქტებზე აპრილის თვეში ამ დონის ინფლაცია არ დაფიქსირებულა. ამასთან FAO-ს 7 მაისის ანგარიშის მიხედვით სურსათის ფასების ინდექსი აპრილში მარტთან შედარებით 3,4%-ით შემცირდა და იანვრიდან დღემდე ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდა, ასევე შემცირებულია მარცვლეულის ფასების ინდექსი, 5,2%-იანი კლება დაფიქსირდა მცენარეული ზეთის ფასების ინდექსზე, რძის ფასების ინდექსი შემცირდა 3,6%-ით, ხორცის ფასების ინდექსი შემცირდა 2,7%-ით, ხოლო შაქრის ფასების ინდექსი 14,6%-ით შემცირდა წინა თვესთან შედარებით.

გარდა სხვა შესაძლო რისკებისა, რაც აღნიშნულ სუბსიდირების პროექტს ახლავს, საინტერესოა, მაშინ როცა მსოფლიოს მასშტაბით სურსათის ფასების ინდექსები მცირდება, აპრილის თვეში არ გვქონია ლარის გაუფასურების ტრენდი და მთავრობამ ფასების სტაბილიზაციის მიზნით გადაწყვიტა სუბსიდირების პროგრამა, რატომ გაიზარდა ფასები აღნიშნულ პროდუქტებზე? როგორ გადანაწილდა სუბსიდირებისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი? მილიონები რაც სოციალური დახმარებებისკენ შეიძლებოდა მიმართულიყო, მოხმარდა ძირითადი პროდუქტების დასუბსიდირებას, რომელთა ფასებიც გაიზარდა. აღნიშნულ საკითხზე აუცილებელია ეკონომიკის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდეს განმარტებები.

ავტორი: ირაკლი მაკალათია

წყარო: bm.ge