აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიმეცხოველეობა

სამრეწველო შეჯვარების ორგანიზაცია მესაქონლეობაში

ძროხის ხორცი, პრაქტიკულად ყველა ეროვნებისა და კონფესიის ადამიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულა­რული და საყვარელი საკვები პროდუქტია. ის ოპტიმალური რაოდენობითა და ფორმით შეიცავს იმ საყუათო და ბიოლო­გიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც გადამ­წყვეტ როლს თამაშობენ ადამიანის ორგანიზმის ფორმირებასა და  ცხოველმოქმედე­ბის პროცესში.

დაზუსტებული ნორმებით საშუალოდ ერთი ადამი­ანის მიერ ხორცის წლიური მოხმარებამ უნდა შეადგენს 70-75 კგ,  საიდანაც ძროხის ხორცზე უნდა მოდიოდეს 25 კგ, ანუ საერთო რაოდენობის 33–35%.

რა მდგომარეობაა საქართველოში?

2011–2015 წ.წ. პერიოდში ხორცის წარმოება ჩვენში გაიზარდა 12,8 ათ. ტონით და შეადგინა 62,1 ათ. ტონა. იმავე მონაცემებით ქვეყანაში სულ  მოხმარებული იყო 118.5–132.5 ათ. ტ. ხორცი, მ.შ. 26,4-30,6 ათ.ტ. ძროხის. ეს ნიშნავს, რომ  საშუალოდ ერთ მოსახლეზე მოხმარებამ შეადგინა 31,9–35,7 და 7,11-8,25 კგ, შესაბამისად.

ადვილი დასანახია, რომ ხორ­ცის მოხმარების ნორმა ჩვენში საერთო რაოდენობით და სტრუქტურულად (ძროხის ხორცის ხვედრითი წილით) სანახევროდაც ვერ აკმაყოფი­ლებს საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს.

არსებული მონაცემების ანალიზი გვიჩვენებს, რომ საქართველოში წლის დასაწყისისთვის არსებულ ყოველ 1 სულ ძროხაზე აწარმოებენ 14,4-19,6 კგ ძროხის ხორცს (ნაკლავი მასით), რაც საგრძნობლად ჩამორჩება არა მარტო მოწინავე მეცხოველეობის, არამედ ბევრი განვითარებადი ქვეყნის მონაცემებს.

ასეთი მდგომარეობა გაპირობებულია მრავალი ორგა­ნიზაციული საკითხების მოუგვარებლობით, ხორცის წარმო­ების გაზრდაზე ბიზნესის ნაკლებად დაინტერესე­ბით, აგრეთვე არსებული რესურსების არაეფექტურად გამოყენე­ბით; მათ შორის:

  1. ჯერ კიდევ იშვიათობაა ძროხის ხორცის წარმოებაზე მომუშავე სპეციალიზე­ბული ფერმერუ­ლი მეურნე­ობები;
  2. ძროხის მოზარდის გამოზრდა-სუქე­ბისას, ძირითა­დად, ექტენსი­ური მეთოდები გამოყენება;
  3. სახორცე მოზარდის კვებაში იშვიათად გამოიყენება სპეციალუ­რი კომბინირე­ბული საკვები, რძის შემ­ცვლელი და სხვა საშუალებები.

უსისტემოდ და ნაკლებად ეფექტურად გამოიყენება ბუნებრივი საკვები სავარგულების საკვები ბაზა;

  1. დაბალია ცხოველთა სახორცე პროდუქტიულობის გენეტიკური პოტენციალი;
  2. სარძეო მეძროხეობისგან განსხვავებით, სახელმწიფოს მხრიდან ნაკლები ყურადღება ექცევა მეცხოველე­ობის ამ მიმართულების განვითარებას.

და ეს მაშინ, როდესაც ძროხის ხორცის წარმოების დონე აშკარად ჩამორჩება ბაზრის მოთხოვნილებას; შექმნი­ლი სიტუაცია, შეიძლება ითქვას, რომ ბიზ­ნესის თვალსაზრისით გასათვალისწინებელი მომენტია, რამეთუ, რძის წარმოებასთან შედარებით, ხორცის წარმოება ბევრად უფრო მომგებიანია.

ამასთან, ძროხის ხორცის ეფექტურად წარმოების­თვის, ტექნოლოგიური სიახლეების, კვების ეფექტური მეთოდე­ბისა და თანამედროვე საკვები საშუალებების მიზანმიმარ­თულად გამოყენებასთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სასუქი კონტიგენტის სახორცე პროდუქ­ტიულობის  გენეტიკური პოტენციალის მქონე ცხოველების ყოლას; ამ საქმეში თავისი ადგილს დაიკავებს მსოფლიოში აღიარებული სახორცე პროდუქტიული მიმართულების ჯიშების ჩვენში გავრცე­ლებული ძროხასთან სამრეწველო შეჯვარების მეთოდის დანერგვა.

ქართველი მეცნიერების მიერ სახორცე პროდუქტი­ულობაზე გამოცდილია ძროხის ადგილობრივი და ინტრო­დუცირებული ჯიშების მალმწიფადი ბრიტანული, დიდტა­ნიანი ფრანგულ-იტალი­ური და ზებუსნაირი, ე.წ. „ახალი სამყაროს“ სახორცე პროდუქტიული მიმართულების ჯიშებ­თან ნაჯვარები. გამოვლენილია მაღალეფექტური კომბინა­ციები, რომელთა გამოზრდა-სუქება დადებით შედეგს იძლე­ვა როგორც ბაგური, ასევე ბაგურ-საძოვრული კვების პირო­ბებში.

ბაგურ-საძოვრულ პირობებში შესწავლილი სულადო­ბიდან განსაკუთრებულად ეფექტურები აღმოჩნდნენ ადგი­ლობრივი ძროხის ბრამანის ტიპის ზებუსთან I თაობის ჰიბრიდები:

  • უმჯო­ბესდება სარეპროდუქტორო სულადობის აღ­წარმოების მაჩვენებლები; კერძოდ, ხალასად მოშე­ნებასთან შედარებით, მაკე ფურებისა და სიცოცხლის­უნარიანი ნამატის რაოდე­ნობა იზრდება 9,2 და 11,5%- ით,შესაბამისად;
  • მცირდება ერთი ნაყო­ფიერი დაგრილებისთვის საჭირო დაგრილე­ბის/დათეს­ვლის რაოდენობა და გართულებული მშობი­არობის შემთხვევები.
  • იზრდება F1 ჰიბრიდების/ნაჯვარების სიცოცხლის­უნარიანობა და მათი გარემოს უარყოფითი ფაქტო­რების ზემოქმედები­სადმი ტოლერანტობა;
  • F1თაობის ჰიბრიდები, როგორც ზომიერად, ასევე ინტენსიურად კვების პირობებში, ზრდის სისწრაფით 8,0-16,2%- ით აღემატე­ბიან ხალასჯიშიან თანატო­ლებს და უმჯობესდება საკლავი პროდუქტიულობა;
  • 10,8-17,1%- ით მცირდება ცოცხალი მასის ერთეულ ნამატზე საკვების დანახარჯები და 1-1,5 თვით დასაკლავი კონდიციის მიღწევის ასაკი.
  • აბერდინ-ანგუსური ჯიშის მწარმოებლებიდან მიღე­ბული ორჯი­შიანი ნაჯვა­რები (F1) ზრდის პოტენცი­ური შესაძლებლობით ჩამოუ­ვარდე­ბიან ზებუს ჰიბრიდებს, მაგრამ აღემატებიან მათ დაკვლის ძირი­თადი პროდუქტების გამოსავლიანობითა და ხორ­ცის ხარისხით.

ზებუს ორჯიშიანებთან ერთად გამოცდილი იქნა სამჯიშიანი ჰიბრიდები, რა დროსაც სადედედ გამოყენე­ბული იყო ზებუ ევროპული F1 დეკეულები და ფურები, რომლებიც გავანაყოფიერეთ აბერდინ- ანგუსური და კიანუ­რი მწარმოებლებით. დადგენილია, რომ:

  • ზებუს ჰიბრიდი (F1) ფურები ავლენენ კარგ დედობ­რივ თვისებებს, უფრო მაღალ ნაყოფიერებასა და მერძეულობას, ვიდრე ხალასი ევროპული ჯიშის თანატოლები.
  • ზრდის პოტენციით სამჯიშიანები 3,2-4,7%- ით აღე­მატებიან ორჯიშიანებს, რაც უზრუნველყოფს მათ უფრო მაღალ ცოცხალ მასას სხვადასხვა ასაკში.
  • ტანხორცის მასითა და გამოსავალით, ტანხორცში რბილობის ხვედრითი წილით, მისი ქიმიური შედგენილობითა და ფიზიკურ-ტექნოლოგიური თვისე­ბებით აშკარადაა გამოიკვეთა სამჯიშიანი ჰიბრიდების უპირატესობა.

სამჯიშიანი ჰიბრიდებიდან გამოიკვეთა აბერდინ-ანგუსური ჯიშის ½ სისხლიანი – ♂აბერდინ-ანგუსური X ♀(♂ზებუ X ♀ ადგილობრივი) სულადობა, რომლებიც ხორცის გამოსავლიანობითა და ხარისხით სჯობდნენ კიანური ჯიშის მწარმოებლებიდან მიღებულ თანატოლებს.

ბრამანის ტიპის ზებუს ორი და სამჯიშიანი ჰიბრი­დების განსაკუთრებულ ღირსებას წარმოადგენს მათი ტოლერანტობა გარემოს ექსტრემალურად მაღალი ტემპერა­ტურისადმი და რეზისტენტობა სისხლის პარაზიტული დაავადებებისადმი, აგრეთვე საძოვრის უხეში ბალახის ათვისების კარგი უნარი.

ეს თავისებურება საქართველოს ბარის რაიონების ფერმერებს საშუალებას მისცემს საძოვრული შენახვის პირობებში პრაქტიკულად გამორიცხონ  კლიმატის  უარყო­ფი­თი გავლენით წონამატის შემცირება და სისხლის პარა­ზიტული, აგრეთვე ზოგიერთი სხვა დაავადებებით გამოწ­ვეული ზარალი.

ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ზრდის ენერგიითა და სახორცე პროდუქტიულობით ზებუს ჰიბრიდები ხალას თანატოლებს აღემატებიან ნებისმიერი დონით კვების პირო­ბებში, უფრო მეტიც, მათი უპირატესობა უფრო თვალნათ­ლივია ზომიერი და მწირი, აგრეთვე უხეში საკვე­ბის დიდი რაოდენობით შემცველი, ულუფებით კვებისას.

ფერმერულ მეურნეობებში ძროხის ორჯიშიანი სამრეწველო შეჯვარების ორგანიზაცია

სამუშაო პროგრამის შედგენისას  გასათვალის­წინებელია, რომ სამრეწველო შეჯვარებამ  არ უნდა შეამცი­როს რძის წარმოების მოცულობა და არ უნდა შეაფერხოს ნახირის ნორმალური აღწარმოების პროცესი.

სახორცე ჯიშებთან შესაჯვარებლად, როგორც წესი, გამოყოფენ  იმ ფურებს რომლებიც იწველიან ცოტა რძეს, აგრეთვე ასაკის მიზეზით გამოსაწუნებელ ფურებს, ან კიდევ იმათ, რომელთა მონაშენი, ფერმერის მოსაზრებით, არ გამოდგება ნახირის შესავსებად.

საშუალო და მსხვილ ფერმერულ მეურნეობებში სესაჯვარებლად გადარჩეული კონტიგენტის რაოდენობა დამოკიდებულია ძირითადი სადგამის სულადობის დაგეგ­მილი წუნდებისა და ნახირის აღწარმოების დონეზე, აგრეთ­ვე ნამატის გამოსავალზე. ასეთმა ცხოველებმა შეიძლება შეადგინოს სადედე სულადობის 0- დან 30%- მდე.

სამრეწველო შეჯვარებისთვის გამოყოფილი სადედე პირუტყვის ხვედრითი წილის დამოკიდებულება ნახირის აღწარმოების დონესთან

წუნდების ხვედრითი წილი, % საერთო სულადობიდან ყოველი 100 ფურიდან მიღებულია ნამა­ტი, % შესაჯვარებლად გადასარჩევი  სა­დედე პი­რუტ­ყვი, % საერთო სულადობიდან
 

ფურის

ძირითადი ჯი­შის დეკეულების
10 40 65-70 10-15
75-80 15-20
85-90 20-25
15 40 70-75 15-20
80-85 20-25
90-95 25-30
20 40 75-80 10-15
85-90 15-20
95 და მეტი 25
25 35 85-90 10-15

 

რამდენადაც ბრამანის ტიპის ზებუს, აგრეთვე აბერ­დინ-ანგუსური ჯიშის მწარმოებლის შეძენა და უცხოეთიდან საქართველოში ტრანსპორტირება საკმაოდ დიდ თანხას საჭიროებს, ფერმერს აქვს შესაძლებლობა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერე­ბაზე მომუშავე კომპა­ნია „კავკასიის გენეტიკა“- ს შეუკვეთოს გასანაყოფიერებელი მასალა (სპერმა), ხოლო   უშუალოდ ფურების და/ან დეკეულების ხელოვნური დათესვლაში მათ დაეხმარებათ ამავე კომპანიის საყრდენი პუნქტები, რომ­ლებიც საქმიანობენ ქვეყნის თითქმის ყველა ადმინისტრა­ციულ ერთეულებში.

ფერმერმა უნდა იცოდეს, რომ ადგილობ­რივ ძროხას­თან ზებუს ჰიბრიდის ემბრიონული განვითარების პერიოდი ჩვეულებრივზე (280-285 დღე) 3-5 დღით უფრო ხანგრძლი­ვია. ამასთან, ახალშობილის ცოცხალი მასა  იშვი­ათად აღემატება 28–30 კგ- ს და, როგორც წესი, გართულე­ბულ მშობიარობას არა აქვს ადგილი.

გარეგნულად ჰიბრიდი ხბო განსხვავდება ადგილობ­რივი ჯიშის მოზარდისგან შედარებით გრძელი ყურებით მაღალი ფეხებით და ჩვეულებრივზე უფრო დიდი ფართო­ბის კანის ნაოჭებით ღაბაბზე, გუგუბოსა და მუცელზე. ზებუსთვის დამახასიათებელი კუზი I თაობის ნაჯვარებში, აგრეთვე აბერდინ-ანგუსური მწარმოებლებიდან მიღებულ  თაობაში  „იკარ­გება“.

ამასთან, ზებუს ჰიბრიდი მოზარდი საკმაოდ ენერ­გიულია და ადრეული ასაკიდანვე იწყებს მოცულობიანი და მარცვლო­ვანი საკვების ჭამას, რაც უზრუნველყოფს მის სწრაფად ზრდა-განვითარებას.

ჯემალ გუგუშვილი – სსმმ აკადემიის აკადემიკოსი,

გიული გოგოლი  – სმმ დოქტორი, პროფესორი;

ზაზა  ლაშხი – სმმ აკადემიური დოქტორი.