საქართველო აშშ-სგან საჩუქრად 27 000 ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს მიიღებს
საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან საჩუქრად 27 000 ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს მიიღებს. ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„საქართველოში აშშ-ის საელჩო აგრძელებს ქართველი ხალხის დახმარების გზების ძიებას. დღეს მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის „სურსათი პროგრესისთვის“ პროგრამის ფარგლებში, საქართველოს დამატებით 27 000 ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს აჩუქებს, რათა დაეხმაროს ქვეყანას პანდემიის დროს. ეს დაემატება 27 000 ტონა ხორბალს, რომელიც საქართველომ უკვე მიიღო დეკემბრის თვეში. იმის გათვალისწინებით, რომ სხვა ქვეყნებმა აკრძალეს ხორბლისა და მარცვლეულის ექსპორტი, ამერიკის შეერთებული შტატები იძიებს გზებს, რათა დაეხმაროს საქართველოს უფრო მეტი ხორბლის უზრუნველყოფაში“, – განაცხადა ელჩმა.
კელი დეგნანმა განმარტა, რომ ამერიკული ხორბლის მიწოდება ხორციელდება „სურსათი პროგრესისთვის“ პროგრამის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტიც 14.5 მილიონ დოლარს შეადგენს.
„ამ პროექტში ვთანამშრომლობთ არაჩვეულებრივ პარტნიორებთან, მათ შორის არიან: კომპანია „ლენდ ო’ლეიქს ვენჩერ 37“, მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის ეროვნული სააგენტო და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო“, – განაცხადა ელჩმა, კელი დეგნანმა.
ამასთან, როგორც ელჩმა აღნიშნა, მაისის ბოლომდე ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ხელს მოაწერს 18 მცირე საგრანტო შეთანხმებას, მთლიანობაში 400 000 დოლარის ოდენობით, რომლის მიზანია ხორცის, რძის პროდუქტებისა და ფერმერთა სექტორის გაძლიერების მხარდაჭერა და სურსათის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება.