აგროსიახლეებიდარგებიმეთევზეობა

საქართველოში გავრცელებული ზუთხისებრთა ყველა სახეობა კრიტიკულ საფრთხეშია

საქართველოში გავრცელებული ზუთხისებრების ყველა სახეობა ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელი ნუსხის მიერ შეფასებულია, როგორც გლობალურად კრიტიკულ საფრთხეში მყოფი (CR) სახეობები.

ზუთხისებრები დაცულნი არიან საერთაშორისო მრავალმხრივი შეთანხმებებით, რომლის მონაწილეც საქართველოცაა:

„ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობების დაცვის კონვენცია (ბონი)”;

„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენცია“ (CITES);

ევროპის საბჭოს „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენცია (ბერნი);

ბერნის კონვენციამ 2018 წელს დაამტკიცა „პან-ევროპული მოქმედებათა გეგმა ზუთხისებრებისთვის“, სადაც განისაზღვრა, რომ მდინარე რიონზე უნდა შეიქმნას სპეციალური დაცული ტერიტორია, რომელიც მოიცავს მდინარე რიონის შუაწელს, ასევე, რიონისა და ზღვის შესართავს და მიმდებარე საზღვაო სივრცეს. ეს ყოველივე ხაზს უსვამს, რომ მდინარე რიონი არის ზუთხისებრების დაცვისთვის მაღალი კონსერვაციული ღირებულების (არსებობისთვის მნიშვნელოვანი) საარსებო გარემო, როგორც ეროვნული და რეგიონული, ასევე, გლობალური მასშტაბით;

ზუთხისებრებს ასევე იცავს ევროკავშირის კანონმდებლობა, კერძოდ, ევროსაბჭოს დირექტივა „ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ველური ფლორისა და ფაუნის კონსერვაციის შესახებ (იგივე „ჰაბიტატების დირექტივა“), რომლის მოთხოვნების შესრულებაც საქართველოსთვის სავალდებულოა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით;

ექვსივე სახეობა შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ და იცავს ეროვნული კანონმდებლობა.