არქეოლოგების საოცარი აღმოჩენა ყვარელში

არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის თქმით, წყლით სავსე ქვევრი საუკუნეების განმავლობაში ნანგრევებში იყო დამარხული და მისი პოვნა მანამდე ვერ მოხერხდა, სანამ იატაკი არ გათხარეს.

არქეოლოგებმა ყვარელში, V საუკუნის სამნავიან ბაზილიკაში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების დროს, VIII საუკუნის წყლით სავსე ქვევრი აღმოაჩინეს. არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, ნოდარ ბახტაძის თქმით, ლაბორატორიული შემოწმებით დადგინდა, რომ 1 200 წლის წინანდელი წყალი აბსოლუტურად სუფთაა და სასმელად ვარგისია, რაც იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ წყალი ნაკურთხია.

“ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის” ლაბორატორიაში მივიტანეთ წყლის სინჯი, გამოიკვლიეს და ნახეს, რომ ბაქტერია არ არის, სუნი და გემო შეცვლილი არ აქვს. ასევე დაადგინეს, რომ ეს არის წყაროს წყალი და არა წვიმის. სახლში მაქვს და ვსვამ ხოლმე. მეუფემაც წაიღო, საპატრიარქომაც.

ამის დადგენა ცხადია შეუძლებელია ნაკურთხია თუ არა, მაგრამ ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი  _ 1 200 წლის განმავლობაში წყალი რომ არ გაფუჭდება, ნაკურთხია, სხვა რა უნდა იფიქრო”, _ განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ნოდარ ბახტაძემ.
აღნიშნული ტაძარი მეფე ვახტანგ გორგასალის დროს არის აშენებული. ის კავკასიაში ყველაზე დიდი ბაზილიკაა და თავისი მნიშვნელობით გამორჩეულია. არქეოლოგებმა გათხრების შედეგად ბაზილიკის ქვეშ კიდევ ერთი, IV საუკუნის ეკლესია იპოვეს.
წყლიანი ქვევრი ამ დროისთვის დაკონსერვებულია.
ნოდარ ბახტაძის თქმით, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ტაძრის რეაბილიტაციას გეგმავს. ასეთი ეკლესია საქართველოში და ახლომახლო ტერიტორიაზე არ არის.
რაც შეეხება ქვევრს, ის ტაძარში დარჩება. მისი წაღება არ შეიძლება, იქ უნდა იყოს. იმ ადგილს თავისი მადლი აქვს, წმინდა მეფის აშენებული ტაძარია”, – განაცხადა ნოდარ ბახტაძემ.
წყარო: ჟურნალი „კარიბჭე“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.