მე და ჩემი სოფელირუბრიკები

სოფელი გურიაში, რომელიც, სავარაუდოდ, ძველი წ.ა. II-I ათასწლეულებიდან არსებობს

ჯუმათი სოფელია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, რომელიც ზღვის დონიდან 120 მეტრზე,  მდინარე სუფსის მარჯვენა მხარეს, ოზურგეთიდან 14 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

სახელწოდება ჯუმათი ზანური ენიდან მოდის და საძმოს (ჯუმა _ ძმობილი) ნიშნავს.

მისი დაარსების თარიღად, სავარაუდოდ, ძველი წ.ა. II-I ათასწლეულების მიჯნაა მიჩნეული.

 სოფელში აღმოჩენილია ზედა პალეოლითის გამოქვაბული, სადაც ნაპოვნია ბრინჯაოს ნივთები და ზოდები.

1846-1848 წლებში ჯუმათის მონასტერთან მოქმედებდა გურიის სასულიერო სასწავლებელი. 1860-იან წლებიდან სექტემბერში იმართებოდა 5-დღიანი ბაზრობა.

1868 წელს მონასტერთან გაიხსნა ერთკლასიანი სკოლა, სკოლაში 80-ზე მეტი მოსწავლე სწავლობდა და სამაგალითოდ ითვლებოდა, მაგრამ 1870-80-იან წლებში სოფლის დაუდევრობით სკოლა დაკნინდა და მოსწავლეთა რიცხვი 13-18-მდე დაეცა.

1892 წელს სოფელში სკოლისთვის შენობის აშენების საკითხი დადგა.

1899 წელს ჯუმათის სასოფლო საზოგადოება ქუთაისის სახალხო სკოლების დირექციისგან ითხოვდა ერთ მასწავლებელს, დარაჯისა და გათბობის ფულს.

სასოფლო საზოგადოებამ ასევე გამოჰყო ადგილი სკოლის მშენებლობისთვის, მათ ოზურგეთის მაზრის უფროს ლაზარენკოს სთხოვეს სკოლის გადაკეთება ორკლასიანად.

სოფლის სკოლის გაუმჯობესებისთვის მოღვაწეობდნენ სოფლის მოსამართლე ბ, ჩხარტიშვილი, 1912 წელს გაიხსნა სოფლის ბიბლიოთეკა.

საბჭოთა პერიოდში სოფელში მოჰყავდათ ჩაი, ტუნგი, და ციტრუსები. ჯუმათის სტალინის სახელობის კოლმეურნეობა რაიონში სიმდიდრით მესამე იყო ნატანებისა და შრომის შემდეგ.

1957 წელს ჯუმათში მოეწყო სოფლის ცენტრი გორაკის წვერზე, ყველა მხრიდან დასანახ ადგილზე, იქვე აშენდა ადმინისტრაციული სახლი, სკოლა და კლუბი. ცენტრის გაშენების დროს დაანგრიეს გურიელთა სასახლის ნაშთები.

ჯუმათი განთქმულია სამონასტრო კომპლექსით და იქ არსებული სიძველეებით.

აქ იყო მრავალი ძვირფასი ხატი, ისტორიული პირებისა და თარიღების შემცველი წარწერები. მათ შორის: მამია გურიელისა და დედოფალ თინათინის მიერ შეწირული გაბრიელ და მიქაელ მთავარანგელოზების ოქროს ხატი, გიორგი გურიელისა და დედოფალ ელენეს მიერ შეწირული მიქაელ მთავარანგელოზის ოქროს ხატი უამრავი ძვირფასი თვალით შემკული, მათივე შეწირული მიქაელ მთავარანგელოზის ოქროს ხატი, რომელსაც შარავანდედის ირგვლივ 7 ძვირფასი თვალი და 12 მარგალიტი ჰქონდა.

ხატის კარედზე მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა მოღვაწეობის სცენები იყო გამოხატული, მარეხ ანთიძის მიერ შეწირული მაცხოვრის მოოქვრილი ვერცხლის ხატი, მიქაელ და გაბრიელმთავარანგელოზთა რელიეფური გამოსახულებით, გიორგი გურიელის, მისი ძმის ლომასა და მეუღლის ადასუჯანის მიერ შემკული მიქაელ მთავარანგელოზის ოქროს ხატი, კახაბერ გურიელის მიერ შეწირული Gაბრიელ მთავარანგელოზის ხატი, ეს ორი ხატი განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო.

ჯუმათის მონასტრის საგანძურში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ვეებერთელა საწინამძღვრო ჯვარს, ბაჯაღლო ოქროს ბურთულით, რომელსაც გუმბათიანი ეკლესიის ფორმა ჰქონდა. ჯვრის მკლავებზე წმინდანები იყვნენ გამოსახულნი, ჯვარი ძვირფასი თვლებით იყო შემკული. იგი მონასტრისათვის გიორგი გურიელსა და დედოფალ ხვარამზეს შეუწირავთ.

ჯუმათის მონასტერი საეკლესიო და საგანმანათლებლო ცხოვრების მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა. მონასტრის მამასახლისს ნიკოლზს (XV-XVI სს.) უმოგზაურია კლარჯეთში და იქიდან ხუთი ძველი ხელნაწერი გადმოუტანია: სახარება (დღეს ადიშის სახარების სახელით ცნობილი), მრავალთავი, ხელთკანონი მამათა წიგნი და კითხვა-მიგება. ამათგან სახარება, ხელთ-კანონი და მამათა წიგნი შატბერდის მონასტრიდან წამოუღია.
ჯუმათის მონასტერში გადაუწერიათ ჯუმათის გულანი, რომელიც ჩვენამდე მოღწეული არ არის.

1827 წელს მიიცვალა უკანასკნელი ჯუმათელი ეპისკოპოსი ნიკოლოზი, რის შემდეგაც მონასტრის ძმობამ კლება დაიწყო. 1844 წელს ექზარხოზის გადაწყვეტილებით ჯუმათის საეპისკოპოსო კათედრა დახურეს. ამავე წელს შეიქმნა გურიის ეპარქია. ეგზარხოსის 1 აპრილის ბრძანებით გურიის საეპისკოპოსოს კათედრად დადგენილი იქნა ჯუმათის მონასტერი. გურიის მწყემსთმთავარი 1886 წლამდე იჯდა ჯუმათში.

კომუნისტური რეჟიმის დროს ჯუმათის მონასტერში მხოლოდ ერთი ბერი – მღვდელმონაზონი იოანე (გოგუა) ცხოვრობდა. მამა იოანე ათეისტებისგან მრავალ შეურაცხყოფას იტანდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი დადიოდა და ჩუმად ნათლავდა ხალხს. მას მორწმუნე ვერიჩკა ჩხარტიშვილი უვლიდა, რომელსაც თავის დროზე მამა იოანემ ავადმყოფი შვილი მოუნათლა და ამით ბავშვი სიკვდილს გადაარჩინა. დევნილი ბერი 1959 წელს გარდაიცვალა.

ამის შემდეგ მონასტრის ტერიტორიაზე რამდენიმე წელი სამხედრო ნაწილი იყო განთავსებული. ქვემეხიდან გასროლით სამხედროებმა დაანგრიეს მონასტრის სამრეკლო, რომელიც განთქმული იყო თავისი ჟღერადობით. გადმოცემის თანახმად, მისი ზარების ხმა ზუგდიდში, ოზურგეთსა და ქუთაისშიც კი ისმოდა. მომდევნო წლებში აქ პიონერთა ბანაკი დამკვიდრდა. იგი XX ს-ის 80-ან წლებში გაუქმდა. მას შემდეგ, რაც უეცრად ამოვარდნილმა ქარმა მთის წვერზე მდგომ მთავარანგელოზთა ტაძარს სახურავი მოხადა და ბანაკზე გადმოიტანა.

XX საუკუნის დასაწყისში მონასტერი არაერთგზის გაუძარცვავთ. დაიკარგა უამრავი სიწმინდე. 1924 წლისათვის ჯუმათის მონასტრის სიძველეთაგან თითქმის არაფერია დარჩენილი. სამონასტრო ცხოვრება ჯუმათში 1990 წლის 21 ნოემბერს აღდგა.

ჯუმათის მონასტერს გარს ქვის გალავანი არტყია. ეზოში შესასვლელი სამრეკლოდანაა. თავად სამრეკლოს ზედა ნაწილი დანგრეულია. იგი ექვს სარკმელდატანებული, გუმბათიანი, ქვით ნაშენი ნაგებობა ყოფილა. დღეისათვის მონასტრის ტერიტორიაზე სამი მოქმედი ტაძარია: მთავარანგელოზთა ტაძარი, მასზე მიდგმული ხარების შედარებით მცირე ზომის ეკლესია და მირქმის ტაძარი, აგებული 1998 წელს.

მთავარი ტაძარი ერთნავიანი ბაზილიკაა. 1847 წელს იგი რუხი პორფირის ქვებით მოუპირკეთებიათ. სამხრეთის მხრიდან კი მიუშენებიათ ღვთისმშობლის სახელობის ეკვდერი. ამავე ტაძარს დასავლეთ ფასადზე მიშენებული აქვს სამრეკლო (1904 წლის ნაგებობა). ტაძრის აგების თარიღი უცნობია. დ. ბაქრაძე მას შემოქმედის მონასტერზე ადრინდელად მიიჩნევს.

ეკლესია მოხატულია. ფრესკები XVI-XVII სს თარიღდება.

მომზადებულია ვიკიპედიას მასალების მიხედვით.

 წყარო: gurianews.com