თესლოვანთა ბაღში, შემოდგომა – გაზაფხულზე გასატარებელი ღონისძიებები
მეხილეობა საქართველოში ისტორიულად პრიორიტეტული და შემოსავლიანი დარგია. ადგილობრივი ხილის გარეგნულ მომხიბვლელობასა და გემურ თვისებებს, ბევრი უცხოელი მოგზაური თუ მკვლევარი, მოუყვანია აღტაცებაში.
მიუხედავად ამისა, საბაზრო ეკონომიკის პირობებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქვეყნის, ინდივიდუალურ, თუ ფერმერულ გაერთიანებათა ბაღებში ხილის უცხოური ჯიშების ხვედრითი წილი, რაც ასახულია რესპუბლიკის შიდა აგრარულ ბაზარზე წარმოდგენილი ხილის ფართო ასორტიმენტში.
ნაწილი, შემოტანილი ჯიშებისა სათანადო აგროფონის შექმნის პირობებში უკეთესი მაჩვენებლებითაც კი ხასიათდება, ვიდრე საკუთარ სამშობლოში, რაც განპირობებულია საქართველოში, მეხილეობის განვითარებისათვის ძალზე ხელსაყრელი, მკვეთრად განსხვავებული, აგროკლიმატური მიკრო— ზონების სიმრავლით.
თანამედროვე ინტენსიური ტიპის ბაღების გასაშენებლად ხეხილოვან კულტურათა ახალი, პერსპექტული ჯიშების ინტროდუქციისა და მათთვის შესაბამისი აგროეკოლოგიური ზონების შერჩევა — გაადგილების დროს ძალზედ მნიშვნელოვანია, გარდა სამეურნეო ნიშანთვისებებისა, გავითვალისწინოთ მათი იმუნურობა, ანუ გამძლეობის უნარი სხვადასხვა სახის მავნებელ —დაავადებათა მიმართ, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ხარისხოვანი პროდუქციის წარმოების საქმეში.
სადღეისოდ, ხეხილზე მავნებელ-დაავადებათა მრავალი სახეობაა რეგისტრირებული, რომლებიც მცენარეთა სხვადასხვა ორგანოების დაზიანებას იწვევენ. მავნეობას იწყებენ ადრე გაზაფხულზე, აგრ-ძელებენ მთელი ზაფხულის განმავლობაში და კვებას გვიან შემოდგომაზე ამთავრებენ.
ხეხილის ბაღებში მავნებლებიდან გავრცელებულია ძირითადად: ბუგრები, ტკიპები, ნაყოფჭამიები, კოკრიჭამიები, ფარიანები, ფოთლიხვევიები, ხერხიები, მინაფრთიანა, ბუზები, ჩრჩილები, ჭიჭინობლე-ბი, ბაღლინჯოები და სხვა; დაავადებებიდან: ვაშლის და მსხლის ქეცი, ნაცარი, სიდამპლეები, კიბო, ფოთლების ლაქიანობა, ჟანგა, ცეფალოსპორიოზული და ვერტიცილიოზური ხმობა და სხვა.
თანამედროვე ეტაპზე, მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ გამოიყენება ბრძოლის გაუმჯობესებული ინტეგრირებული სისტემა, რაც ითვალისწინებს აგროტექნიკურ, ბიოლოგიურ, ბიოტექნიკურ და ქიმიური მეთოდების შეთანაწყობით გამოყენებას, რომელიც ხელს შეუწყობს ბაღის აგრობიოცენოზის ჩამოყა-ლიბების დროს მცენარესა და სასარგებლო მწერებს შორის არსებული კავშირების შენარჩუნებას.
მოსვენების პერიოდში — აუცილებელია ბაღების ფიტოსანიტარული მონიტორინგი;
- ადრე გაზაფხულზე გასხლულ, გასუფთავებულ ბაღში — უნდა ჩატარდეს 3% ნავთობის ზეთის ემულსიით ხეხილის შესხურება-გაბანვა. ეს ღონისძიება მიმართულია მავნებლების მოზამთრე ფაზების ფარიანების, ვაშლის და მსხლის ფსილას, ვაშლის კოკრიჭამია ცხვირგრძელას, ბუგრების, ვაშლის ჩრჩილის და სხვათა მოსპობისათვის. ხოლო კვირტების დაბერვისას, ვაშლის მინაფრთიანასა და ფარიანების გავრცელების კერებში უნდა შესხურდეს პრეპარატ #30-ის 3%-იანი ემულსიით, ან ნავთობის ზეთის 4%-იან კონცენტრატისა და 0,2% ზოლონის, ან 0,01%-იანი კონფიდორ მაქსის კომბინირებული ნაზავი.
გამოზამთრებული კოკრიჭამია ხოჭოების, კვირტის ფოთოლხვევიების, ფსილების, ბუგრებისა და სხვ. წინააღმდეგ კვერცხდების დაწყებამდე, ხეხილი უნდა შეიწამლოს დეცისის, არივოს, ან კარატეს 0,1% კონცენტრაციების ხსნარებით.
თესლოვან კულტურებზე (ვაშლი, მსხალი და სხვ) ქეცის, მონილიოზის და სხვა დაავადებათა გამომწ-ვევი მიკროორგანიზმების მოზამთრე სტადიების წინააღმდეგ, შესხურება ტარდება 3%-იანი ბორდოს ან 0,02%-იანი სკორის სითხით, ან 1%-იანი კუპროფლო, კუპროკაფარო, აბიგა-პიკი, სპილენძის ქლორჟანგის სუსპენზიით.
- ნიადაგის მორწყვა გაზაფხულზე. რწყვის ეფექტურობის ამაღლებისათვის კარგი იქნება თუ ხის ძირებში ინდივიდუალურად გაკეთებულ ჯამებში კარგად მოვრწყავთ. ეს ღონისძიება უნდა შესრულდეს რაც შეიძლება ადრე (მარტი) ე.ი. ვიდრე მავნებლები გაიღვიძებდნენ. მორწყვა ხელს უწყობს აგრეთვე მღრნელების ხვრელების წყლით ამოვსებას, დაშლას და მათ განადგურებას.
- ნიადაგის დამუშავება გაზაფხულზე ბაღის მავნებლების 80%-ზე მეტი ნიადაგში და ხის შტამბზე -ქერქის ქვეშ ზამთრობენ. ნიადაგში მყოფი მავნებლების შემცირებას ხელს უწყობს ნიადაგის დამუშავება, თოხნა, კულტივაცია, განსაკუთრებით შტამბის ირგვლივ. ამ ღონისძიების შედეგად ირღვევა მავნებლის ეკოლოგიური გარემო პირობები, მნიშვნელოვნად მცირდება ნიადაგში დაზამთრებული მავნებლე-ბის მარაგი და ავადმყოფობის გამომწვევი სოკოები. მავნებელ-დაავადებათა მნიშვნელოვანი რაოდენობა აღინიშნება ჩამოცვენილ ფოთლებზე და სწორედ ხვნის პროცესში ინფიცირებული ფოთლები ნიადაგის ღრმა ფენაში მოექცევა, ლპება და საგრძნობლად მცირდება საინფექციო მარაგი.
- დაავადებული და ყინვისაგან მთლიანად დაზიანებული გამხმარი ტოტების შეჭრა და დაწვა. ჰიგიენური თვალსაზრისითაც აუცილებელი ღონისძიებაა. შავი კიბოთი ძლიერ დაავადებული ხეების ამოძირკვა, დაწვა, ახალი ლაქების გაჩენის დროს მჭრელი დანით ტოტი უნდა გასუფთავდეს ჯამრთელ მერქნამდე და გაუკეთდეს დეზინფექცია 1%-იანი შაბიამნით ან კუპროზანის 0,5%-იანი ხსნარით.
ადრე გაზაფხულზე, ვიდრე მავნებლები გამოზამთრების ადგილებს მიატოვებენ, კარგ შედეგს იძლევა შტამბისა და დედა ტოტების გაფხეკა ამსკდარი ქერქისაგან და დაწვა, შემდეგ საჭიროა თიხისა და კირის ფაფით შელესვა, რათა თავიდან ავიცილოთ მცენარეში ინფექციის შეჭრის შესაძლებლობა. ეს ღონისძი-ება მექანიკურად ამცირებს, ნაყოფჭამიების, ბუგრების, წითელი და მურა ტკიპების, კოკრიჭამიების, ფარიანების, ფოთოლხვევიების მოზამთრე (კვერცხები, ჭუპრები, ზრდასრული) ფაზების მარაგს.
შავი კიბოს გამომწვევი სოკო ზამთრობს რა პიკნიდიალური ნაყოფიანობით დაავადებულ ტოტებისა და ნაყოფების ზედაპირზე და მერქანში გავრცელებულ მიცელიუმით, ამიტომ ქირურგიული ღონისძიებების ჩატარებას დაავადების შემცირების საქმეში დიდი მნიშვნელობა აქვს. კიბოს ლაქების ამოკვეთა უნდა მოხდეს საღ მერქნამდე მჭრელი დანით, ჭრილობის ზედაპირს უნდა გაუკეთდეს დეზინფექცია 0,5% კუპროზანით ან სპილენძის ქლორჟანგით და დაიფაროს ბაღის მალამოთი. აუცილებელია, აგრეთვე ხეებზე შერჩენილი მუმიფიცირებული ნაყოფების ხელით შეგროვება, ბაღიდან შორს გატანა და ორმოებში ღრმად ჩამარხვა, რადგან მოზამთრე მუმიფიცირებული ნაყოფები ინფექციის განახლების წყაროა (სი-დამპლეები). ნაცადი და ეფექტური ხერხია აგრეთვე ხიდან მავნებლების (ოქროკუდას, კუნელის თეთრულას, ამერიკული თეთრი პეპელას და სხვა), მოზამთრე ბუდეების შეგროვება-დაწვა.
- საჭერი სარტყელების გამოყენება — ძირითადად გამოიყენება მსხმოიარე ხეხილის ბაღში (ვაშლი, მსხალი) რომელიც ხეების შტამბზე კეთდება. აღნიშნული ღონისძიებით ებრძვიან ცხვირგრძელებს, ნაყოფჭამიებს, არაფარდ აბრეშუმხვევიებს, კვირტის ფოთოლმხვევს და სხვ. სარტყელები ხეხილს უკეთდება სხვადასხვა დროს, იმისდა მიხედვით, თუ რომელი მავნებლის წინააღმდეგ იხმარება იგი. მაგ. ცხვირგრძელებთან ბრძოლის დროს საჭიროა სარტყელების შტამბზე გაკეთება ადრე გაზაფხულზე (მარტი, აპრილი). საჭერ სარტყელებს ახვევენ ხის შტამბზე მიწის პირიდან 40-50 სმ-ის სიმაღლეზე და კანაფით შუაზე ცოტა ზემოთ მაგრდება. სარტყელებისათვის მასალად გამოიყენება ძველი ტომრები, სქელი ქაღალდი და სხვა. მოწყობილი სარტყელები ისინჯება ხშირად 2-3 დღეში ერთხელ და მხოლოდ დილის საათებში, ვიდრე ხოჭოები ხის ვარჯზეა. მავნებლების ამოკრეფის შემდეგ სარტყელები ისევ უკეთდება ხეებს. შეგროვილი მავნებლები იყრებიან ვედროში, რომელშიც ნავთიანი წყალია.
მინდვრის მღრნელებთან ბრძოლა ტარდება ქიმიური ან ბიოლოგიური პრეპარატებისაგან დამზადებული მოშხამულ-მისატყუებელი მასალის მობნევით ან სოროებში შეტანით. ეს ღონისძიება უნდა ჩატარ-დეს როგორც ბაღში, ისე მის მიჯნებზე.
პარკხვევიებთან ბრძოლის დროს ტარდება აბრეშუმხვევიათა ფაზების შეგროვება-განადგურება. ანალოგიური წესით შეიძლება ვებრძოლოთ ამერიკული თეთრი პეპელას მოზამთრე ფაზას. აგრეთვე უნდა აიჭრას ის ყლორტებიც, რომელზეც არის პარკხვევიას კვერცხები. საჭიროა ჩამოიფხიკოს არაფარდი პარკხვევის და ვაშლის ჩრჩილის მოზამთრე კვერცხებიც. რაც შეეხება რგოლურ პარკხვევიას ეს მავნებელი კვერცხებს დებს ერთწლიან ნაზარდ ყლორტებზე, რისთვისაც ასეთი ყლორტები ვეგეტაციის პე-რიოდში უნდა მოიჭრას და დაიწვას.
ქიმიური ღონისძიებებიდან ადრე გაზაფხულზე: გამოზამთრებული კოკრიჭამია ხოჭოების, კვირტის ფოთოლხვევიის, ფსილების, ბუგრების და სხვ. წინააღმდეგ კვერცხდების დაწყებამდე ხეხილი უნდა შე-იწამლოს დეცისის, არივოს, კარატეს 0,1% კონცენტრაციებით, ან მათი შემცვლელი პრეპარატებით.
ლ. ცხვედაძე, კ. ძერია
სოფლის მეურნეობის
აკად. დოქტორები