აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიმებოსტნეობამემარცვლეობა

ტოპინამბური/მიწავაშლა

ტოპინამბური, რომელსაც საქართველოში მიწავაშლას სახელწოდებით ინცობენ, ამერიკული წარმოშობის მცენარეა. იგი თავის სამშობლოში მკვლევარებსა და მოგზაურებს ველურად მოზარდი დღესაც ხვდებათ.

მცენარის სახელი ბრაზილიელ ინდიელთა ტომის — ტოპინამბოს სახელწოდებიდან წარმოსდგება. ამ ტომის ინდიელები ფრანგმა მოგზაურებმა ევროპაში პირველად 1618 წელს ჩამოიყვანეს (მცენარის გამოჩენასაც ამ პერიოდს უკავშირებენ). კულინარებმა მალე სხვადასხვა, “საოცარი”, ასე ვთქვათ, პრესტიჟული კერძების რეცეპტები შეიმუშავეს და ოფიციალურ ბანკეტზე მაღალი რანგის სტუმრებს სწორედ “უცხო ბოლქვებისაგან” დამზადებული ეგზოტიუკური კერძებით უმასპინძლდებოდნენ.

შემდეგში ამ მცენარით ბევრი მდიდარი მიწათმფლობელი და მეწარმეც დაინტერესდა, მათ შეისწავლეს მისი მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია და “მოაშინაურეს” კიდეც. მეცხოველეებმაც შენიშნეს ტოპინამბურის ღირსებები და მის ბოლქვებსა და ყუათიან მწვანე მასას მაღალი შეფასება მისცეს. მათ აოცებდათ ესოდენ მაღალი მოსავლიანობა (ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ტოპინამბურის ნათესი პროდუქტიულობით სჯობნიდა იმავე ფართობზე დათესილი მზესუმზირისა და კარტოფილის პროდუქტიულობას ერთად აღებულს, მისი ფოტოსინთეზის ინტესივობა კი ხორბლის ფოტოსინთეზურ ინტენსივობაზე ორჯერ უფრო მეტად აღემატებოდა) და ხელი მიჰყვეს მის მოშენებას.

თავის მხრივ არც მემამულეთა პირად მკურნალებს გამორჩენიათ ტოპინამბურის გამაჯანსაღებელი და სამკურნალო თვისებები და ამდენად, ეს მცენარე ჯერ ინგლისსა და საფრანგეთში, შემდეგ კი მთელს ევროპასა და აზიაშიც გავრცელდა.

ამ კულტურის გავრცელებას თვით რომის პაპი და ქრისტიანული ეკლესია უწყობდა ხელს. ჩატარებული გამოკვლევებით დადგენილია, რომ ტოპინამბურის ბოლქვები ქიმიური შემადგენლობით კარტოფილს უახლოვდება, ოღონდ მასში ძირითადი ნივთიერებაა არა სახამებელი, არამედ ინულინი — უაზოტო ექსტრაქტული ნივთიერება, ერთადერთი ბუნებრივი პოლიმერი, რომელიც ჰიდროლიზითაც ფრუქტოზა მიიღება. სწორედ ამით უნდა აიხსნას ის, რომ დიაბეტით დაავადებულნი (ცხადია, მკურნალთა რეკომენდაციით) ხშირად ღებულობენ ტოპინამბურის 2-3 ბოლქვს, 3-ჯერ დღეში ჭამამდე 10 წუთით ადრე.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ტოპინამბური არა მარტო ამცირებს შაქრის შემცველობას სისხლში, არამედ ადამიანის მხედველობაზეც დადებითად მოქმედებს. მცენარის ბოლქვი სასარგებლოა ანემიით დაავადებულთათვისაც, ვინაიდან მასში რკინის შემცველობა 3-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე კარტოფილში.

ბოლქვების შაქრიანობაზე დიდ გავლენას ახდენს მოსავლის აღების ვადა: მაგალითად, თუ ოქტომბრის პირველ რიცხვებში ნაყოფში შაქარის შემცველობა 8% იყო, თვის ბოლოს იგი 19,4 %-მდე გაიზარდა; არის ცალკეული ჯიშები, რომლებიც 20 პროცენტამდე შაქარს შეიცავს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ტოპინამბურისაგან ამზადებენ სამკურნალო ყავას; რისთვისაც თხლად დაჭრილსა და ბლანშირებულ ბოლქვებს აშრობენ ჩრდილში, ხალავენ და ფქვავენ ყავის საფქვავით.

დამუშავებულია რეცეპტები სამკურნალო ფქვილის, პასტების, ღვინის ძმრის მისაღებად.

ტოპინამბურის ბოლქვი საუკეთესო საკვებია ღორებისათვის. მწვანე მასისაგან დამზადებული სილოსი კი კვებითი ღირსებით სიმინდის სილოსს აჭარბებს. მიწისზედა მასა გამოიყენება მწვანე საკვებად, რაც საგრძნობლად ზრდის წველადობასა და ცხიმიანობას.

მეფრინველეობაში ტოპინამბური ამაღლებს კვერცხმდებლობას; მას იყენებენ საკვებად, მეცხვარეობაში, მეკურდღლეობაში, თავისი კვებითი ღირსებით (უტოლდება რა კარტოფილს) იგი 2-ჯერ უფრო ძვირფასია, ვიდრე საკვები ჭარხალი. არ შეიძლება არ აღინიშნოს ისიც, რომ კარტოფილისგან განსხვავებით, მცენარეს ვერ აზიანებს ვერც კოლორადოს ხოჭო და ვერც ფიტოფტორა.

ტოპინამბური, მართალია, ერთწლიანი კულტურაა, მაგრამ როგორ გულდასმითაც არ უნდა ვეცადოთ მისი ბოლქვების ამოღებას, ისინი მაინც გვრჩება ნიადაგში საკმაო რაოდენობით და გაზაფხულზე მცენარის ნაზარდი კვლავ ვითარდება. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ იგი ერთ ადგილზე 7-10 წელს ხარობს. არის ცნობები, როდესაც მის ნათესს საწარმოო მიზნებისათვის 40 წლის მანძილზეც იყენებენ.

ტოპინამბურის მზესუმზირასთან შეჯვარებით მიღებულია სრულიად ახალი კულტურა —ტოპინმზესუმზირა.

ორივე კულტურა იწყებს ყვავილობას ივლის-აგვისტოში და ამთავრებს სექტემბერში, ამიტომაც ისინი მეფუტკრეობაში ნექტრის შეგროვების თვალსაზრისით ფასდადებულნი არიან.

ტოპინმზესუმზირას რიგი ჯიშების მწვანე ნედლი მასა — 10,9-15,9 პროცენტს, ხოლო ბოლქვი 18,2-19,4 პროცენტ შაქარს შეიცავს. ამასთან, მწვანე მასის მოსავლიანობა სარწყავ პირობებში 100 ტონამდეა, ბოლქვისა კი 20-40 ტონის ფარგლებში მერყეობს. თითქმის ანალოგიური შედეგები იქნა მიღებული საქართველოს პირობებშიც.

ორივე კულტურის ბოლქვები გამოიყენება დიაბეტით დაავადებულთა დიეტური კვების რაციონში. ამ მიზნით რეკომენდებული ნორმა შეადგენს დღეში 80-500 გრამს. განსაკუთრებით ეფექტიანად ითვლება სალათი და წვენები. მზადდება ასევე მარინადები; ერთი სიტყვით კეთდება ყველაფერი: მჟავე, კომპოტი, მურაბა, ჟელე, მარმელადი, პიურე და სხვა. ამ კულტურების მოსავალს აშრობენ, ფქვავენ, აცხობენ და ა.შ.

დადგენილია, რომ ბოლქვს ახასიათებს აღდგენითი ფუნქციებიც, რაც მეტად მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც აქვს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა; იგი შეიცავს ვიტამინ ბიოტინს და სისხლწარმომქმნელ მარილებს; ინულინი ბოლქვს აძლევს სასიამოვნო გემოს და სიმსუყეს: ეს თვისება მეტად ძვირფასია იმ ავადმყოფთათვის, რომლებიც განიცდიან სისტემური შიმშილის შეგრძნებას.

ფრუქტოზას ემადლიერებიან როგორც შუა ხნის ადამიანები, ასევე — ხანშიშესულნიც, ვინაიდან იგი არ იწვევს ათეროკლეროზს. მას იყენებენ ტრამვული შოკის, დისტროფიის დროს, თირკმლის მოქმედების რეგულირებისათვის და სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად სხივური დაავადების მკურნალობის მიზნითაც.

ტოპინამბურისა და ტოპინმზესუმზირისგან ამზადებენ სპირტს და ბიოგაზს; ერთ ჰექტარზე აღებული ბოლქვის გადამუშავებით 5-7, ხოლო მწვანე მასისგან 3-4 ტონა სპირტი მიიღება.

ბოლქვებისგან მზადდება მაღალფრუქტოზული სამკურნალო ვაჟინი. უკანასკნელ წლებში ტოპინამბური საზღვარგარეთელი მეცნიერებისა და პრაქტიკოსების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იმყოფება. უნგრეთში, გერმანიაში, ესპანეთში, კანადაში ტარდება სამუშაოები ამ კულტურის სასურსათო მიზნით გამოსაყენებლად. უნგრეთში უკვე დაამუშავეს ტექნოლოგია სპეციალური კონცენტრატის მისაღებად, რომლისგანაც დიაბეტით დაავადებულთათვის მზადდება სხვადასხვა სახის საკვები. ესპანეთში ტოპინამბურისაგან ღებულობენ შაქარს, სპირტს, რძემჟავას, შაქრის გამოსავალი აქ ჰექტარზე 40 ტონა ტუბერის მოსავლიანობის პირობებში 6,5 ტონაა. ეს მაჩვენებლები უფრო მაღალია, ვიდრე ანალოგიურ პირობებში იძლევა შაქრის ჭარხალი და შაქრის ლერწამიც კი.

გერმანიაში ტოპინამბური შაქრის მრეწველობაში ფართოდ გამოიყენება, საწარმოო პირობებში მისგან მიიღება კრისტალური ფრუქტოზა, ვაჟინი, წვენი, დამუშავებულია საკითხი დიაბეტით დაავადებულთა დიეტურ კვებაში ბოლქვის და მისგან მიღებული პროდუქტების გამოყენების შესახებ (ინულინოთერაპია). ამ ქვეყანაში ტოპინამბური მეცხოველეობაში სხვადასხვა საკვები პროდუქტების მიღების მიზნით ფართოდ გამოიყენება ბალახის ფქვილი, გრანულები და სხვ.

საფრანგეთში, ბრაზილიაში, აშშ-ში, კორეაში ამ კულტურიდან მიღებულ პროდუქტებს საწვავად იყენებენ.

საფრანგეთში მისგან ღებულობენ სპირტს — ეთანოლს, რომლის გამოსავლიანობა (50 ტონა ბოლქვის მოსავლიანობის პირობებში) შეადგენს 42-49 ჰექტალიტრს, მაშინ, როდესაც შაქრის ჭარხალი, კარტოფილი, სიმინდი —ანალოგიურ პირობებში 30 ჰექტალიტრს იძლევა.

ბენზინთან სპირტის (ეთანოლი) 12,5 — პროცენტიანი ნარევის გამოყენება წვას აუმჯობესებს, ამცირებს ძრავის გადახურებას, მავნე გამონაბოლქვს, საწვავის ხარჯს, ამასთან, ძრავის სიმძლავრეც იზრდება.

აშშ-ში ბოლქვის გარდა ნახშირწყლების მისაღებად მწვანე მასასაც იყენებენ. 16 პროცენტ სიმშრალემდე მიყვანილი თითოეული ტონა მწვანე მასიდან 83,2 ლიტრ სპირტს ღებულობენ. გამოკვლევებით დადგენილია, რომ საშუალო წარმადობის ბალახის ფქვილის გამომშვები ქარხნის უზრუნველსაყოფად საჭიროა ტოპინამბურის 1.200, ხოლო სპირტის ქარხნისათვის 4.800 ჰექტარი ნათესი. აიოვას შტატში ჩატარებული გამოკვლევებით, საფუარი სპირტად გარდაქმნის ტოპინამბურის შაქრის 90 პროცენტს. ერთი ტონა ტუბერიდან კი მიიღება 105,8 ლიტრი სპირტი.

სამხრეთ კორეაში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე ტოპინამბურის ბიომასა აღიარეს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უფრო პერსპექტიული ნედლეული ენერგორესურსების მისაღებად.

ტოპინამბურისა და ტოპინმზესუმზირას აგროტექნიკა თითქმის არ განსხვავდება კარტოფლის აგროტექნიკისგან. ისინი მოჰყავთ როგორც ინდივიდუალურ, ასევე საწარმოო ნაკვეთებში.

აღსანიშნავია რომ, მათი ბოლქვები თოვლის საფარის ქვეშ 30-40 გრადუსს ყინვას უძლებს და გაზაფხულზეც თანაბარ აღმონაცენს იძლევა.

დიღმის სასწავლო-საცდელ მეურნეობაში ჩატარებული გამოკვლევებით, ტოპინამბურის ჯიშებიდან აშკარად გამოირჩეოდა ჯიში “ინტერესი”, ხოლო ტოპინმზესუმზირებს შორის უპირატესობა მიენიჭა ჯიშს “ვიროვსკაიას”.

დარწმუნებული ვართ, რომ აღნიშნული ჯიშების დანერგვა საქართველოს თითქმის ყველა სასოფლო-სამეურნეო ზონაში ხელს შეუწყობს არაერთი მტკივნეული პრობლემის გადაჭრას.

სკეპტიკოსები ტოპინამბურისა და ტოპინმზესუმზირას ყველაზე დიდ ნაკლად თვლიან იმას, რომ თითქოს ერთხელ დარგული მცენარის მოსპობა შეუძლებელი იყოს. ამ საკითხის ირგვლივ ჩატარებულმა გამოკვლევებმა კი ცხადყვეს, რომ თუ მცენარის მწვანე მასა გაითიბება ყვავილობამდე და ჩატარდება ხვნა (სასურველია 5-10 დღემდე), ნაკვეთს ეს საშიშროება არ ემუქრება.

ბოლქვებისგან ნაკვეთის განთავისუფლების მიზნით ჰერბიციდიც ეფექტურად გამოიყენება.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ #14