მღრღნელების შემოსევა ავსტრალიაში– საფრთხე 2026 წლის საგაზაფხულო თესვისთვის
საწვავზე მაღალი ფასებისა და მინერალური სასუქების დეფიციტის ფონზე, სამხრეთ ავსტრალიელი ფერმერები ახალი გამოწვევის წინაშე დადგნენ — რეგიონს თაგვების შემოსევა ემუქრება.
მღრღნელები ახლად დათესილ თესლს ჭამენ, რაც ფერმერებს უზარმაზარ ზარალს აყენებს.
სტატისტიკა: 600 თაგვი ერთ ჰექტარზე
ავსტრალიის სახელმწიფო სამეცნიერო გაერთიანებამ (CSIRO) ფერმერები მღრღნელების პოპულაციის მკვეთრი ზრდის შესახებ გააფრთხილა. მონიტორინგის შედეგები შემაშფოთებელია:
-
ზოგიერთ რაიონში ერთ ჰექტარზე 100-დან 200-მდე ინდივიდი ფიქსირდება;
-
ყველაზე კრიტიკულ ნაკვეთებზე კი მაჩვენებელი ჰექტარზე 400-დან 600 თაგვამდე აღწევს;
-
მეცნიერების განმარტებით, „ეპიდემიად“ მიიჩნევა მდგომარეობა, როცა ჰექტარზე 800 თაგვია, თუმცა არსებული დინამიკა ამ ზღვართან ძალიან ახლოსაა.
რამ გამოიწვია პოპულაციის აფეთქება?
სპეციალისტების თქმით, ამის მიზეზი კლიმატური ცვლილებებია. ორწლიანი გვალვის შემდეგ რეგიონში რეკორდული ნალექი მოვიდა. ტენიანობამ და საკვები ბაზის გაჩენამ მღრღნელების სწრაფ გამრავლებას შეუწყო ხელი. თაგვს შეუძლია ყოველ 20 დღეში ერთხელ 6-დან 10-მდე შვილი გააჩინოს, რაც იმას ნიშნავს, რომ პოპულაცია გეომეტრიული პროგრესიით იზრდება.
საფრთხე მოსავლისთვის: „UFO-ს რგოლები“
ფერმერები აღწერენ სპეციფიკურ დაზიანებებს, რომლებსაც “UFO-ს რგოლებს” უწოდებენ: მღრღნელები პოულობენ ნიადაგის კვალს, სადაც თესლია ჩაფლული, ამოთხრიან მას და ჭამენ. შედეგად, სოროს გარშემო ცარიელი წრეები რჩება, სადაც არაფერი ამოდის.
განსაკუთრებული რისკის ქვეშაა რაფსის ნათესები. წელს რაფსის თესლის დეფიციტია, ამიტომ მისი ხელახლა დათესვის შესაძლებლობა ფერმერებს პრაქტიკულად არ ექნებათ.
პრევენციული ზომები
აგრონომები ფერმერებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გამოიყენონ სატყუარები და როდენტიციდები (მღრღნელების საწინააღმდეგო შხამები). აგრო-კომპანიებმა უკვე დაიწყეს წინასწარი შეკვეთების მიღება, რათა ფერმერებს პრეპარატების დროული მიწოდება გარანტირებული ჰქონდეთ.
ავტორი: ანა მედვედევა, AgroXXI.ru თარგმანი და ადაპტაცია: agronews.ge
PS. ავსტრალიის ეს გამოცდილება კარგი გაკვეთილია ჩვენი ფერმერებისთვისაც. მღრღნელების მონიტორინგი, განსაკუთრებით ნალექიანი პერიოდის შემდეგ, აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ ნათესების განადგურება საწყის ეტაპზევე.

