აგრარული განათლებააგროსიახლეებიმებოსტნეობა

ზაფრანა  (იმერული ზაფრანა, ყვითელი ყვავილი, ხავერდულა) Tagetes

საქართველოში ამ მცენარემ სახელწოდება „ზაფრანა“ ყვითელი ფერის გამო მიიღო. „ზაფრან“ არაბულად ყვითელს ნიშნავს, ნამდვილი ზაფრანას (crocus) ყვავილები ყვითელ-ნარინჯისფერია. იგი არის მრავალწლოვანი ბოლქვიანი, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სურნელოვანი მცენარე.
ჩვენში გავრცელებული ზაფრანა რუსეთში და კავკასიაში ცნობილია იმერული ზაფრანის სახელწოდებით (Имеретинский шафран).

გვარი tagetes აერთიანებს 50-მდე სახეობის ერთწლოვან და მრავალწლოვან ზაფრანას (ხავერდულას), რომლებიც შედიან ასტრასებრთა ბოტანიკურ ოჯახში. მათი სამშობლო ცენტრალური და სამხრეთ ამერიკაა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ძველთაგანვე იყენებდა მას რიტუალებში, საკვებში და სამკურნალოდ.

ზაფრანას მრავალმხრივი გამოყენება აქვს: კულინარიაში  საჭმლის არომატიზაციისა და ფერის მისაცემად, ლამაზი ყვავილების გამო ეზო-გარემოს დასამშვენებლად, ხალხურ მედიცინაში სამკურნალო თვისებების გამო, კოსმეტიკაში ბალზამების დასამზადებლად და ა.შ.

ზაფრანას ყვავილები, ფოთლები და ღეროები შეიცავენ ქარვისფერ მოყვითალო ეთერზეთებს, რომლებიც აფრქვევენ სასიამოვნო არომატს. ამ ეთერზეთების ძირითდი კომპონენტია – ოციტომენი, დანარჩენი ეთერზეთები (საპინენი, ლიმონოცენი, ციტრალი) შედარებით ნაკლები რაოდენობითაა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

მსხვილყვავილიანი ზაფრანა                                    წვრილყვავილიანი ზაფრანა

(Tagetes erecta)                                                            (Tagetes patula)

ზაფრანას სახეობებიდან საქართველოში ყველაზე ფართოდაა გავრცელებული Tagetes patula (წვრილყვავილიანი) და  Tagetes erecta (მსხვილყვავილიანი) ფორმები.

მსხვილყვავილიან ზაფრანას (T. Erecta) აქვს სწორმდგომი, თხლად განტოტვილი, ძლიერი ზრდის, მსხვილი, ბუთხუზა ყვავილებიანი ბუჩქი. ყვავილები მოყვითალო მუქი ნარინჯისფერია. ამ სახეობაში შემავალი ზაფრანას ფორმები დიდი რაოდენობით მოჰყავთ გურია-სამეგრელოში და თბილისის გარეუბნებში.

წვრილყვავილა ზაფრანას (T. Patula)  სახეობას მიეკუთვნება ძირითადად იმერეთში და რაჭა-ლეჩხუმში გავრცელებული ფორმები, რომლებიც გამოიყენება, როგორც საკაზმ-სანელებელი ნაზი ყლორტები ფოთლებით, ნედლ და ხმელ ლობიოში, ასევე საჭმელად, როგორც მწვანილი, ხოლო გვირგვინის ფურცლები ფერის მისაცემად.

ამ ფორმების ბუჩქის სიმაღლე 80-90 სმ-ია, დიამეტრი 75-100 სმ. ფოთოლი მწვანე ან მოწითალო იისფერია, კენტფრთართული, დაკბილული კიდეებით. ყვავილები შეკრებილია ყვავილედებში. ყვავილედის წონა საშუალოდ 138 გრამია.

ზაფრანა სითბოსმოყვარული მცენარეა. მის მოსაყვანად ოპტიმალური ტემპერატურა 18-25 0C-ის ფარგლებშია. ნიადაგის მიმართ დიდ მოთხოვნას არ იჩენს.

აგროტექნიკა

ზაფრანას მოსაყვანად ნიადაგის დამუშავება იწყება შემოდგომიდან. მცირე ფართობებზე დაბარვით, დიდ ფართობებზე მზრალად მოხვნით, სრულ სიღრმეზე. ადრე გაზაფხულზე, როგორც კი ნიადაგი შეშრება, უნდა დაიფარცხოს. თესვის წინ ახლად აღმოცენებული სარეველების მოსპობის მიზნით ტარდება კულტივაცია ზედ მიყოლებული დაფარცხვით.

ზაფრანა ითესება, როდესაც ნიადაგი საკმაოდ გათბება. თბილისის საგარეუბნო ზონის დაბლობში აპრილის II დეკადიდან. უფრო გრილ ადგილებში მაისიდან.

დროზე ადრე თესვისას შეინიშნება გაჭიანურებული აღმოცენება, ზოგჯერ თესლის მნიშვნელოვანი ნაწილის აღმოცენების უნარის დაკარგვა და სუსტი ღივების წარმოქმნა.

თესვის ნორმა ჰა-ზე T. erecta-თვის 2,2 კგ-ია, T. patula-თვის 3,3 კგ-ია. ზაფრანასთვის საუკეთესო კვების არეებია: 50×40 სმ T. erecta-თვის, 60×40 სმ T. Patula-თვის. ასეთი კვების არეები ორივე სახის ზაფრანასათვის უზრუნველყოფს მაღალ მოსავალს და მოსახერხებელ მოვლის პირობებს.

მწვანე მასის მოსავალი ჰა-ზე 1,5-2 ტონაა; ყვავილების 2-2,5 ტ/ჰა.

ზაფრანას ზოგჯერ ღია საჩითილეებზე გამოზრდილი ჩითილების დარგვითაც აწარმოებენ. ამ შემთხვევაში არჩევენ მყუდრო, ქარებისაგან დაცულ მზიან ადგილს. ნიადაგს ამუშავებენ საგანგებოდ, რის შემდეგ ყოფენ 1 მეტრან კვლებად და ასწორებენ ფოცხით. თესავენ 8-10 სმ-იან მწკრივებად, 1-2 სმ-ის სიღრმეზე, აღმოცენების შემდეგ ამეჩხერებენ და მცენარეთა შორის ტოვებენ 3-4 სმ-ს. ნიადაგი იწმინდება სარეველა ბალახებისაგან და ფხვიერდება. ასევე შესაძლებელია ჩითილის გამოზრდა საჩითილე კონტეინერებში (კასეტები და სხვ.).

ჩითილის გადარგვა მუდმივ ადგილზე ხდება აღმოცენებიდან 40-45 დღის შემდეგ. რგავენ მწკრივებად 50×40 სმ ან 60×40 სმ-ზე.

ღია გრუნტში ნათესი ზაფრანას თესლი ხელსაყრელ პირობებში აღმოცენდება 10-12 დღეში. აღმოცენებითანავე მწკრივთაშორისებს აფხვიერებენ. ვეგეტაციის პერიოდში სარეველა ბალახებისა და ნიადაგის ქერქის გაჩენის მიხედვით ატარებენ 2-3-ჯერ კულტივაციას და ორჯერ გამეჩხერებას.

  1. erecta-ს ფორმების ყვავილედების კრეფა უნდა ხდებოდეს ყვავილობიდან ყოველ 10 დღეში ერთხელ, ხოლო თესლის მისაღებად დატოვებული უნდა იქნას სექტემბერ-ოქტომბრამდე.
  2. patula-ს ფორმებში მწვანე მასას ფოთლებისა და ყლორტების სახით ჭრიან მაშინ, როდესაც მცენარეები იწყებენ განტოტვას დაახლოებით 20-30 სმ სიმაღლეზე, ვეგეტაციის პერიოდში 3-5 ჯერ.

ზაფრანას მოკრეფილი ყვავილედები და მწვანე მასა უნდა გაშრეს ჩრდილში და შეინახოს თხელ ფენებად გაშლილი ან ძაფზე აგებით – გირლიანდების სახით.

ვაჟა ჯაფარიძე,

ირმა ირემაშვილი,

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი კულტურების კვლევის  დეპარტამენტი